ფედერაცია, როგორც ფულის შოვნის საამქრო, ანუ გადაარჩენს კობი ქართულ ფეხბურთს? - კვირის პალიტრა

ფედერაცია, როგორც ფულის შოვნის საამქრო, ანუ გადაარჩენს კობი ქართულ ფეხბურთს?

საქართველოში ფეხბურთი სპორტის ნომერ პირველი სახეობა იყო და მიუხედავად ბოლოდროინდელი ჩავარდნებისა ის მაინც დარჩება ასეთად. უფრო მეტიც, ზოგიერთი თავგადაკლული გულშემატკივრის აზრით, ის მისთვის ისევე შეუცვლელია, როგორც ჩვილისთვის დედის რძე. ფეხბურთმა ჩვენში შემოსვლისთანავე დაიმკვიდრა ადგილი, რამეთუ თავისი სილამაზით, მოხდენილი ფინტებით, ფიზიკური მონაცემების გამოვლენით, ტექნიკო-ტაქტიკური არსენალით, აზარტით და უამრავი სხვა მომხიბვლელი და სასარგებლო თვისებებით ლამის ყველაზე მეტად ესადაგება ადამიანის ბუნებას. სწორედ ამიტომ ჩვენს ბავშვობაში, სანამ ყოველდღიურობაში ასე მოიკიდებდა ფეხს კომპიუტერი, ფეხბურთი იყო ლამის ერთადერთი წყარო გართობის, ფიზიკური სრულყოფის, მამაკაცური ღირსებების გამოვლენისა და ა.შ.

საბჭოთა ეპოქაში საქართველოში ფეხბურთი ლამის ეროვნული რელიგიის ხარისხში ავიდა და თბილისის "დინამო" ქვეყნის ღირსების სიმბოლოდ იქცა. აპოგეა ამისა იყო 1981 წლის 13 მაისი, როდესაც ჩვენ არა მარტო ევროპის თასების თასი ავიღეთ, არამედ დავამტკიცეთ, რომ ქართველი გენი უკვდავია და არავისზე ნაკლები არ არის.

შემდეგ იყო ჩვენი ისტორიის ყველაზე ამაზრზენი და ავადსახსენებელი პერიოდი - დამოუკიდებლობის პირველი წლები, შური, ქიშპი, ძმათამკვლელი ომი, სიხარბე და ა.შ. რომელმაც არათუ ჩვენი საფეხბურთო მიღწევები შეიწირა, საერთოდ კინაღამ წაგვშალა, როგორც ერი. ფეხბურთიც ჩვენი წარუმატებელი ყოფიერების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად იქცა და მის შემდეგ სტაბილურად ვაგრძელებთ უკუსვლას.

ფეხბურთის ნომერ პირველობა ჩაანაცვლა ძიუდომ. შთამბეჭდავია რაგბისტების წამატებები ევროპასა და მსოფლიოში, კალათბურთელთათვის ევროპაზე ლიტვასთან წაგება და რვა საუკეთესოში ვერ მოხვედრა ლამის ტრაგედიად იქცა... წყალბურთელებიც უკვე სტაბილურად გაუშინაურდნენ ევროპას. ჰოკეის ნაკრებიც კი შევქმენით. ერთადერთი არ ეშველა ფეხბურთს. ეს ყველაფერი საფეხბურთო მეურნეობის მმართველ სკეპტიკოსთა გასაგონად ჩამოვთვალე, რომლებიც ჩვენს ფეხბურთში ჩავარდნას პირდაპირ უკავშირებდნენ ქვეყნის ეკონომიკას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მეც გულშემატკივართა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც მიჩნევს, რომ ამ სფეროში წარუმატებლობა უფრო იმ ვაკხანალიის ბრალია, რაც ფეხბურთის ფედერაციაში ათეული წლებია გამეფებული.

დავიწყოთ იმით, რომ დამოუკიდებლობის, ჩაურევლობის შირმას ამოფარებული ფეხბურთის ფედერაცია გახდა საზოგადოებისათვის დახურული, ჩაკეტილი, ზესაიდუმლო ორგანიზაცია, პირდაპირ კომუნისტური კა-გე-ბე-ს თუ სიცილიური მაფიისათვის დამახასიათებელი ანალოგიებით. საბედნიეროდ, ეს ქართული სინდრომი არ არის - ფიფა-ს და უეფა-ს ჩინოვნიკთა პროექტია და როგორც ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ემსახურებოდა ამ ორგანიზაციებში გავრცელებული კორუფციის და მექრთამეობის მიჩქმალვას. მათმა თავხედობამ იქამდე მიაღწია, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების უფლებაც კი იყიდებოდა, როგორც ბითუმად, ასევე საცალოდ. დელეგატების ხმებზეა ლაპარაკი. ბოლო გახმაურებული სკანდალი იმას ეხება, თუ როგორ გაინაწილა ბლატერ-პლატინმა ფიფა-უეფას მილიონები რომელიღაც მაქინაციური ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც დამკვეთიც და შემსრულებლებიც ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებები იყვნენ. ჰოდა, ისე როგორ იქნებოდა, რომ ჩვენ ფიფა-უეფა-ს ჩამოვრჩენოდით და დღემდე საიდუმლოდაა მოცული სად გაქრა ფიფა-უეფა-დან შემოსული დახმარებები თუ გრანტები, ეროვნული ნაკრებების, საკლუბო გუნდების სატელევიზიო ტრანსლაციების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები და ა.შ. ფიფა-უეფა-ს ნოვაციები ერთი-ერთზე ათვისება განსაკუთრებული წარმატებით განხორციელდა ჟორდანიას მმართველობის პერიოდში, ხოლო ის რაც მოხდა ახალკაცი უმცროსის მმართველობისას, ამის წარმოსადგენად არც წარმოსახვის უნარი გვეყოფა და არც რეალობის აღქმა.

"ნაციონალებმა", როგორც კი მოხვდნენ ხელისუფლების სათავეში, მაშინვე იყნოსეს რაც ხდებოდა ფედერაციაში და ჟორდანიას ეგრევე დააკერეს დიდი პანღური. ბოროტი ხმები ამბობდნენ, ჟორდანია არ იყო ის პიროვნება, ვისთანაც "ნაციონალები" ვერ მოილაპარაკებდნენ და ვერ გაიყოფდნენ ფედერაციის შემოსავლებსო, მაგრამ მიშა თავის თავს არ ემსგავსებოდა, თუ სასიამოვნოს და სასარგებლოს ერთმანეთს არ შეუთავსებდა. თან კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის სახელიც მოიპოვა, თან ფედერაციის კონტროლიც იგდო ხელთ. ჰოდა დაიწყო.

ფედერაცია, რომლის ყოველწლიური შემოსავალი წლების მიხედვით  30-დან 50 მლნ-მდე იზრდებოდა, "ნაციონალების" ერთ-ერთი რიგითი საფულე და ფულის შოვნის საამქრო. ფედერაციის საშტატო განრიგში ირიცხებოდა და ხელფას-პრემიებს ღებულობდა ისეთი ხალხი, ფედერაციის მდებარეობაც რომ არ იცოდნენ, ძირითადად ნაცაქტივისტები და მავანთა საძმო-სანათესაოები. შიგადაშიგ ფედერაცია გარდაიქმნებოდა "ნაცმოძრაობის" საარჩევნო დასპონსორების კანტორად. ფედერაციას, რომელსაც ერთი ბურთიც არ შეუძენია საბავშვო ფეხბურთის განსავითარებლად ქვეყანაში, ლამის ორმოცდათექვსმეტი მილიონი დაუგროვდა ვალი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ "ნაციონალურ" მიზნებში დაიხარჯა. შემდეგ იყო სიჭინავა, რომლის ერთადერთი დამსახურება ის იყო რომ ფედერაციის ვალი მინიმუმამდე დაიყვანა.

ბოლოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე ერთმანეთს, ერთის მხრივ, არსებული დისკრედიტებული სისტემის და მეორეს მხრივ, სიახლეებს მოსურნე საზოგადოების საპროტესტო განწყობით გამაგრებული და მთავრობისაგან მხარდაჭერილი კანდიდატები დაუპირისპირდნენ. მე გულშემატკივრებისა და საზოგადოების იმ ნაწილს ვემხრობი, ვინც მიიჩნევდა, რომ კვარაცხელია იდეალური კანდიდატურა იყო, მაგრამ ძალა არ შესწევდა ფედერაციის ინტრიგებს დასაძლევად. მანამ კი სამთავრობო რესურსებით მხარდაჭერილმა კობიაშვილმა შეძლო "დაერწმუნებინა" დელეგატთა უმრავლესობა საკუთარი პიროვნების უპირატესობაში. ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ფონად გასდევდა საზოგადოების უაღრესად კრიტიკული და საპროტესტო განწყობილება ფედერაციაში არსებული რეალობების მიმართ. შექმნილი სიტუაციიდან ალბათ ეს იყო ერთადერთი რეალური გამოსავალი. ვისურვოთ, რომ შემდეგი არჩევნები იდეების და პროგრამების ჭიდილი იყოს, მთავრობა უანგაროდ ეხმარებოდეს ქართულ ფეხბურთს, ხოლო კობიაშვილს ის, რომ მისი მოღვაწეობა არ დაემსგავსოს ნარმანიას მოსვლას თბილისის მერიაში. ქართულ ფეხბურთს, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში, დღეს ყველაზე მეტად წესიერი და პატიოსანი ხალხი სჭირდება.

(იხილეთ ასევე: ახლა ორიოდ სტყვა სამომავლოდ: ახალი კო(მ)ბინაცია ქართულ ფეხბურთში - რა უნდოდა კალაძეს?)

  1. ფედერაციის საქმიანობა უნდა გახდეს ღია, საჯარო და გამჭვირვალე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ მსახურობს ფედერაციაში და ვინ ემსახურება ქართული ფეხბურთის აღორძინების საქმეს, რათა გამოირიცხოს ნარკომომხმარებლების და ძმაკაც-ნათესაობის სინდრომი. ფედერაციამ ანგარიში უნდა ჩააბაროს საზოგადოებას ყველა მიღებულ და გახარჯულ თეთრზე. წინა წლების პრაქტიკა ადასტურებს, რომ მთავრობის ჩარევა ამ კუთხით კონკრეტული პირების კერძო, მერკანტილურ ინტერესებს ემსახურებოდა.
  2. არ შეიძლება ქართული ფეხბურთის ბედს ერთი მუჭა დაქირავებულები წყვეტდნენ. უნდა გაფართოვდეს დელეგატთა რაოდენობა ასი-ასორმოცდაათ კაცამდე, უნდა მოიცვას საფეხბურთო მეურნეობის ყველა სფერო, როგორც რეგიონალურ, ასევე ჰორიზონტალურ-ვერტიკალურ სიბრტყეზე. მათ შორის თავისი კუთვნილი ადგილით, როგორც ყრილობის დელეგატად, ასევე აღმასკომში, უნდა წარმოჩინდეს უბრალო რიგითი გულშემატკივარი, როგორც ყველაზე ალალი, უანგარო და გულმხურვალე გულშემატკივარი თავისი ქვეყნისა.