ქართული ფეხბურთის ქვის ხანა
ქართული ფეხბურთის ქვის ხანა
27-01-2016
დღეს ფეხბურთის ფედერაციის თავკაცს ლევან კობიაშვილსა და  ნაკრების ყოფილ თუ ამაჟმინდელ მწვრთნელს, ჯერ რომ ვერ გაგვირკვევია, კახა ცხადაძეს შორის, ფაქტობრივად, სატალევიზიო დაპირისპირებამ, გამახსენა ჩემი ამ ცოტა ხნის წინ დაწერილი წერილი, რომლის გამოქვეყნებასაც რატომღაც არ ვჩქარობდი და გადამაწყვეტინა ჩემი მოსაზრებები თქვენთვისაც გამეზიარებინა.

ერთ-ერთ ჩემს ადრინდელ ბლოგში აღვნიშნე, რომ პროფესიონალურ ფეხბურთში ყველა პრობლემის გადაწყვეტა ფინანსური პრობლემის მოგვარებიდან იწყება. როდესაც ეს საკითხი მოგვარებულია, სრული უფლება გვაქვს გუნდის მომზადების ისეთ კომპონენტებზე ვილაპარაკოთ, როგორიცაა ფიზიკური მომზადება, ტაქტიკური მომზადება, ტექნიკური მომზადება და ფსიქოლოგიური მომზადება.

დავიწყოთ ფიზიკური მომზადებით
. ვერავითარ ტაქტიკურ იდეას ვერ შეასხამ ხორცს თუ ფეხბურთელი ფიზიკურად მოუმზადებელია. რა დონის "ტეხნარიც" არ უნდა იყო, თუ ფიზიკურად მყარად ვერ დგახარ ფეხზე, საკუთარ შესაძლებლობებს ვერ გამოავლენ სრულად. შეიძლება მაგარი თავდამსხმელი ხარ და მეტოქის მცველს ათჯერ გაუტარო ბურთი ფეხებს შორის, მაგრამ ის მეთერთმეტეჯერ მოასწრებს და დაგიდგება წინ. ხოლო მცველების ჩამორჩენა ამ კომპონენტში რა კატასტროფით მთავრდება ლევანდოვსკიმ და ესტონეთის ნაკრებმა გვიჩვენა, როდესაც ჩვენ კონცენტრაცია და სისწრაფე დაკარგულ მცველებში ლამის მეტეორიტივით დაქროდნენ. სათანადო ფიზიკური მომზადების გარეშე დღევანდელ სპორტში წარმატება შეუძლებელია. უკვე მომაბეზრებელია იმაზე საუბარი, თუ როგორ და რამდენად თვალში საცემია ქართველი და მეტოქის განსხვავება ამ კომპონენტში და შესაბამისად ის საბოლოო შედეგშიც პოულობს ასახვას. ევროპაზე არ ვლაპარაკობთ, აზერბაიჯანის და ყაზახეთის გუნდებთანაც ისე ვჩანვართ, როგორც დამწყები მოყვარული პროფესიონალთან. ლამის ყველა ძალისმიერ ორთაბრძოლას ვაგებთ, ჩამოვრჩებით სისწრაფეში, შუა ტაიმში უკვე ვეღარ ვსუნთქავართ. დაღლილობისგან დაკარგული გვაქვს კონცენტრაცია და ყურადღება, რაც გამოიხატება უზუსტო პასებში და უაზრო გადაწყვეტილებებში და ა.შ.

სად არის გამოსავალი და რა უნდა გაკეთდეს?

ერთხელ ერთ ცნობილ ქართველ მწვრთნელთან ვიყავი შეხვედრაზე. დილის ათ საათზე მივედი საფეხბურთო ბაზაზე. დაახლოებით ნახევარი საათი ვისაუბრეთ. ამ დროს თანდათანობით გამოლაგდნენ ფეხბურთელები საძილე ბლოკიდან. დაახლოებით ნახევარი საათი კვადრატებს დაუთმეს, შემდეგ გაიყვნენ და ორი ნახევარსაათიანი მინი ტაიმი ითამაშეს. თუ არ ვცდები, იმით ამოიწურა მათი საწვრთნელო პროცესი.

იმავე დღეს მეტოქის ვარჯიშზეც მოვახერხე დასწრება. გუნდმა ვარჯიში კროსებით დაიწყო და კროსებით დაამთავრა, შუალედში იყო ჩვეულებრივი ორკარა, კვადრატები და ა.შ. ეს იყო დღის პირველი ვარჯიში. საღამოს კიდევ ელოდათ ვარჯიში. ნაწილი ფეხბურთელებისა დრჩა და მწვრთნელის მეთვალყურეობით ტექნიკური ელემენტების დახვეწაზე მუშაობდნენ. ფეხბურთელები ცარიელი კუნთები იყვნენ. მათი ათლეტური აღნაგობის და ვარჯიშებზე გამძლეობის შემხედვარე გულში შიშიც შემეპარა, ამათთან გამკლავება გაგვიჭირდება-მეთქი. ისე ყველაფერი კარგად აგიხდეთ, მეორე დღეს, მატჩის მსვლელობისას, გადაგვირბინეს. რა ოდენობით იყო განსხვავება ვარჯიშებს შორის იმ პროპორციით გვაჯობეს.

ფიზიკური მომზადების მხრივ საინტერსო სისტემა ჰქონდა ლობანოვსკის - სირბილზე, გამძლეობაზე და სისწრაფეზე აქცენტის გადატანა ყოველდღიურ რეჟიმში, 15-20 კმ-იანი კროსებით. ანალოგიურად ტვირთავდნენ ფეხბურთელებს კაპელო, ფერგიუსონი და მოურინიო. უფრო შორს წავიდა მილანის ახლანდელი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი - ამის წინ ინტერნეტში წავიკითხე - ყოველდღიურად 40-50
კმ-იანი დატვირთვები. არადა ჩვენში დამკვიდრებული წესის თანახმად ფიზიკაზე მარტო "სბორებზე" უნდა იმუშაო, რომელიც სეზონის დასაწყისში მაქსიმუმ ორი კვირა გაგრძელდეს.

ამასთანავე, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ოქროს შუალედის მოძებნა ფეხბურთელის შესაძლებლობასა და დატვირთვის ზღვარს შორის, ფეხბურთელის "არ გადაწვასა" და მომზადების პიკს შორის. აქ მთავარი სიტყვა სპორტულმა მედიცინამ უნდა თქვას, ხოლო ფიზმომზადების მწვრთნელმა დატვირთვისა და გამძლეობის ის რეჟიმი უნდა შეარჩიოს, რომელიც დაიცავს ფეხბურთელს სპორტული პიკის თამაშისაგან. გარდა ამისა, ტაქტიკოსმა მწვრთნელმა უნდა აუხსნას ფეხბურთელს რომ სირბილი ანუ "ბეი ბეგი" სულ სხვა რამეა, ხოლო გონიერებას დაქვემდებარებული უბურთო მოძრაობა - სხვა რამე. გონიერებისა და მოძრაობის სინთეზი დაიცავს ფეხბურთელს ენეგიის ფუჭი ხარჯვისაგან, უსარგებლო სირბილისაგან, რამეთუ ის გულისხმობს რაციონალურ მიდგომას, გონებისაგან ნაკარნახევ, სათამაშო ტაქტიკიდან გამომდინარე დროულ და აუცილებელ გადაადგილებას.

დაწყებული კუპერის სისტემიდან დღეს უამრავი სისტემაა, რომელიც ეტაპობრივად ზრდის სპორტსმენის ფიზიკურ მომზადებას, აუმჯობესებს ფეხბურთელის მობილურობას, სწორად და კოორდინირებულად მოძრაობას და გადაადგილებას და ა.შ. საბოლოოდ ფიზიკური მომზადების სისტემა იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელი ორი ტაიმის განმავლობაში მზად იყოს სპრინტისა თუ გრძელ მანძილზე სარბენად. დღევანდელი მონაცემებით ფეხბურთელს უნდა შეეძლოს თამაშში საშუალოდ ათი-თორმეტი კმ-ის დაფარვა, თან რიტმისა და ტემპის მონაცვლეობით. ასე რომ აქ ყველაფერი ნათელია. სამწუხაროდ, ქართველი მწვრთნელებისათვის ეს ელემენტარული აქსიომა მრავალუცნობიან ამოუხსნელ განტოლებად იქცა. ან ფიზიკური მომზადების მნიშვნელობა არ იციან, ან როგორ გააკეთონ ის არ იციან. ვინაიდან ეს პრობლემა თითო-ოროლა გუნდის კი არა, მთლიანად ქართული სპორტის პრობლემაა, ამ საკითხს ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ ერთობლივად უნდა მიხედონ და იზრუნონ თანამედროვე სპორტული მედიცინის მიღწევების დანერგვაზე გუნდებში, ფიზ. მომზადების მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, უცხოელი სპეციალისტების მოწვევაზე და ჩვენი მწვრთნელების სტაჟირებაზე გაგზავნაზე. ეს ბოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ქართული სამწვრთნელო აზროვნება ლამის ისტორიულ ქვის ხანაშია.

აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავლის ერთ-ერთ ფორმად მიგვაჩნია ფიზიკური აქტიურობის გარკვეული ნორმატივების დაწესება სპორტსმენისათვის და მის საფუძველზე შესაბამისი ლიცენზიის გაცემა. ვთქვათ, 10 კმ-ის განსაზღვრულ დროში გარბენა ან კროსი გარკვეულ მანძილზე და ა.შ. ფიზიკური მომზადების კრიტერიუმი ნებისმიერი შეიძლება მოიძებნოს. მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფეხბურთელს, კალათბურთელს, ხელბურთელს, მოჭიდავეს და ა.შ. ჰქონდეს საქართველოს უმაღლეს ლიგაში ან მაღალი კატეგორიების ტურნირებში თამაშის და მონაწილეობის უფლება.

ცალკე საუბრის თემაა ნაკრების წევრი, რომელსაც სამწვრთნელო შტაბმა ცალკე უნდა შეუდგინოს ინდივიდუალური მომზადების გრაფიკი, ნაკრებისაგან თავისუფალ დროს. ამ გრაფიკმა უნდა მისცეს სპორცმენს საშუალება უკეთესი ფიზიკური მომზადების, ვიდრე იმ კლუბის მოთხოვნებია, სადაც ის თამაშობს ძირითადად.

შემდეგი კომპონენტია ტაქტიკური მომზადება.
რამდენიმე ხნის წინ ფაბიო კაპელოს ინტერვიუ წავიკითხე გუნდის სათამაშო ტაქტიკისა და ტენდენციების განვითარებაზე. კაპელომ თანამედროვე ფეხბურთის განვითარების სამი პერიოდი გამოყო:
1) გასული საუკუნის 70-იანი წლები და ტოტალური ფეხბურთის დაბადება;
2) 90-იანი წლები - მისი და არიგო საკის მოღვაწეობის პერიოდი;
3) თანამედროვე ფეხბურთი ბარსელონას და გვარდიოლას პერიოდი.

ძნელია ავტორს არ დაეთანხმო აღნიშნულ მოსაზრებაში, ოღონდ მე ცოტაოდენ კორექტივებს შევიტანდი და ცოტა შორიდან დავიწყებ.
70-იან წლებამდე რა იყო მე ვერ გეტყვით, იმ უბრალო ჭეშმარიტების გამო რომ იმ ასაკის არ ვიყავი რომ სათამაშო ტაქტიკა და ტაქტიკური სქემები გამერჩია. სულ ადრინდელი ფეხბურთი ის იყო ალბათ, როცა ოცდაორივე ფეხბურთელი იქ იყო, სადაც ბურთი იმყოფებოდა. შემდგომ ძალები რომ რაციონალურად გაენაწილებინათ და მოედნის სივრცე თანაბრად აეთვისებინათ, მოიგონეს სხვადასახვა ტაქტიკური განლაგებები თუ სქემები, როგორიცაა 4-3-3, 4-4-2, 3-5-1-1 და ა.შ.

მოდაზე ამბობენ - ყველაფერი ახალი კარგად მივიწყებული ძველიაო. ალბათ ანალოგიურის თქმა შეიძლება ფეხბურთზეც, რადგან ტენდენციები და მიმართულებები პერიოდული ციკლურობით მეორდება, ოღონდ მცირე კორექტივებით და თანამედროვე მეთოდებით გამდიდრებული. ტოტალური ფეხბურთის მამამთავრები ცდილობდნენ მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში მოთამაშეების რაოდენობის გაზრდით ანუ ექსტენსიური ფაქტორების ხარჯზე - რაოდენობითა და მოთამაშეთა ფიზიკური დატვირთვის გაზრდით მიეღწიათ უპირატესობისათვის. 70-იანი წლები ტოტალური ფეხბურთის ნიშნით ჩამთავრდა. მაგრამ ნოვატორმა მწვრთნელებმა მიაქციეს ყურადღება რომ მთელი გუნდით დაცვა და მთელი გუნდით შეტევა დროის დანაკარგებთან იყო დაკავშირებული და შეეცადნენ ეს ფაქტორი გამოეყენებინათ. პირველი ამის ნიშანი არგენტინის 78 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამოჩნდა, როდესაც არგენტინის ნაკრებმა დამატებით დროში, სიჩქარეების გაზრდის ხარჯზე, დაჩაქრა მეტოქე. კლასიკურად თანამედროვე ფეხბურთის ნიშნები ბეარზოტის გაწვრთნილმა იტალიის ნაკრებმა აჩვენა, როდესაც კონტის, ალტობელის, ტარდელის, როსის და ძმათა მისთა მოულოდნელ და სწრაფ მანევრებს ემსხვერპლენ არგენტინის, ბრაზილიისა და გერმანიის სუპერგუნდები. მის შემდეგ თანამედროვე ფეხბურთი ფეხბურთელის უბურთო მოძრაობასთან, დროულ გახსნა-მანევრთან ასოცირდება. საკიმ და კაპელომ აშკარად გაზრდილი ფიზიკური დატვირთვებით მილანის ფეხბურთელები ლამის ყოვლიშემძლე მანქანებად აქციეს, როდესაც მთელი ორი ტაიმის განმავლობაში განუწყვეტელი მოძრაობით და პრესინგით გუდავდნენ მოწინააღმდეგეს. თითქმის იგივე გამკაცრებულ ხაზს აგრძელებს მაურინიოს გაწვრთნილი გუნდები, ხოლო გვარდიოლას "ბარსელონა", ახლა "ბაიერნი", უფრო რაციონალურად, გონებრივი განსწავლულობისა და აზრს დაქვემდებარებული მოძრაობის და პასის სინთეზით, ე.წ. ტიკი-ტაკა-თი ცდილობდა და ცდილობს ფონს გასვლას.

ყველაფერი ეს ფეხბურთის ანალიტიკოსებმა შესანიშნავად იციან და ახალს ვერაფერს დავამატებ, ოღონდ რატომ გახდა თანამედროვე ფეხბურთის ანა-ბანა მიუწვდომელი ქართველი მწვრთნელებისათვის, ჩემთვის პირადად გაუგებარია. ესტონეთთან ამასწინანდელი თამაში ავიღოთ. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ხაფანგში მოხვდნენ ჩვენი ფეხბურთელები მეტოქის პრესინგის დროს. ლამის ხელ-ფეხი შეეკრათ. არა და ამ დროს საჭიროა ელემენტარული გახსნა, დროული მანევრი, გადაადგილება თავისუფალი პოზიციისკენ. ფეხბურთის სტადიონის ფართობი რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრია. მეტოქის ფეხბურთელები რა ტაქტიკით არ უნდა განლაგდნენ, რა მანქანებით არ შეიარაღდნენ, მაინც დარჩება სივრცეები და ხვრელები მის განლაგებაში. პარტნიორმა უნდა იმოძრაოს ამ სივრცეებსა და ხვრელებში ხელსაყრელი პოზიციის აღმოსაჩენად, ხოლო ბურთის მფლობელი მზად უნდა იყოს ასევე დროული პასის გასაკეთებლად. ეს არის კოლექტიური თამაშის ძირითადი პრინციპი და ამ პრინციპებზე დაყრდნობით ხდება შეტევის ორგანიზება და მეტოქის დაცვის დაძლევა. სამწუხაროდ არავითარი მსგავსი არ ხდებოდა ჩვენი ფეხბურთელების ქმედებაში და ამიტომ გვიჭირს პირველ ნომრად და ზოგადად შემოქმედებითი თამაში. სტატიკაში მყოფი პარტნიორები კი უყურებდნენ, თუ როგორ წვალობდნენ და ათრევდნენ ბურთს ჩვენი ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესო შემთხვევაში უკან, მეკარეს უბრუნებდნენ ბურთს ან უმრავლეს შემთხვევაში უაზროდ კარგავდნენ მას.

ანალოგიური შეიმჩნეოდა ჩვენი კალათბურთელების ქმედებაში ევროპის ჩემპიონატის საწყის მატჩებში, როცა ნაკრები ფონს გასვლას აკადემიურ, დინჯ სტილში ცდილობდა. როდესაც ზედიზედ თამაშები წააგეს და უკანდასახევი გზა მოეჭრათ, კოკოშკოვმა შეცვალა თამაშის სტილი და კოლექტიურად მოძრავ, აქტიურ, ლაღ სტილზე გადავიდა, აგრესიული ელემენტებით, რითაც გუნდმა საოცარი მეტამორფოზა განიცადა. ვფიქრობთ, ცოტა ადრე რომ შეგვეცვალა სტილი, დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ ფინალში ვითამაშებდით. იმ სტილის შეცვლის დამსახურებაა, რომ მოთამაშეები "გაიხსნენ" -ზაზა ლამის ყოველ მეორე მატჩზე ორმაგ დუბლებს აკეთებს ნბა-ში. სპორტსმენი, რომელიც მატჩის მსვლელობისას გუნდის სათამაშო ფილოსოფიაზე ფიქრობს, აზროვნებს სად და როდის გაიხსნას, ნაკლებად განიცდის ისეთი ფსიქოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებას, როგორიცაა მოწინააღმდეგის ავტორიტეტი, მეტოქის მოედნის ფაქტორი, გაცუდებული მომენტი, დროებითი წარუმატებლობა და ა.შ.

ორიოდ სიტყვით ტაქტიკური სქემის შესახებ.
პირადა მე 4-3-3 ტაქტიკურ სქემას ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ვთვლი, რომ მოცემული სქემით განლაგებული ფეხბურთელები უფრო რაციონალურად და დაბალანსებულად აკონტროლებელ მოედნის სივრცეს, მოედნის ყველა ზონას ყავს პასუხისმგებელი პირი. თანამედროვე ფეხბურთში, მოთამაშეთა უნივერსალიზაციის კვალობაზე ზონებზე პასუხისმგებლობა შეიცვალა, მაგრამ როდესაც სამი ცენტრალური მცველით თამაშობ, ის მესამე ხომ საიდანღაც უნდა მოხსნა, ან ნახევარდაცვის ცენტრიდან ან ფლანგებიდან. მერე იმ უკონტროლო სივრცეს ვინ დახურავს? თუ სხვა ფეხბურთელს დააკისრებ ამ ფუნქციას, მაშინ უკვე სხვა სივრცე რჩება დაუცველი და უკონტროლო, ანდა იმ სხვა ფეხბურთელს ორმაგი ჯაფა ადგება. გარდა ამისა, ზედმეტი მესამე მცველი გაუგებრობას იწვევს თვითონ მცველებს შორის და ერთმანეთის იმედზე პანტაპუნტით უშვებენ გოლებს. ასევე გაუგებარია მექანიკურად გადმოტანა შემტევი განაპირა მცველის ცნებისა. მცველი მაშინ არის კარგი შეტევაში, როცა ჯერ დაცვაში თავის საქმეს ართმევს თავს და მერე მის არ ყოფნაში სხვა მცველი აზღვევს დრულად. ჩვენ ერთი ფუნქციის განსახორციელებლად ვერ მოგვიმზადებია სრულყოფილად ფეხბურთელი და სხვა ამპლუის დამატება, მისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებას არ შეუშლის ხელს? ლობჟანიძემ რამდენიმე დასამახსოვრებელი ფლანგური შეტევა განახორციელა და ჩაწოდებაც გააკეთა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ მის ამ მცდელობას საგოლე შედეგი არ მოჰყოლია. დაცვაში კი გადაღლილობის გამო უამრავი შეცდომა აქვს დაშვებული, რომლებიც გოლითაც დასრულებულა. ხომ არ ჯობია მცველმა თავის ძირითადად ფუნქციას - დაცვას - მიხედოს, ხოლო შემტევთა დახმარება ნახევარმცველებმა განახორციელონ, რომელთა ძირითადი ფუნქციაა შეტევის დროს თავდამსხმელების მომარაგება გადაცემებით, დაცვის დროს კი მცველების დახმარება. ნახევარმცველები იმიტომ არიან უნივერსალურები, რომ შეტევაც და დაცვითი ფუნქციები თანაბრად უნდა ეხერხებოდეს. აქედან გამომდინარე ჩემთვის გაუგებარია ტერმინები - საყრდენი ნახევარმცველი, შემტევი ნახევარმცველი, ჩამშლელი და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახევარდაცვაში უნდა თამაშობდნენ ის უნივერსალური ფეხბურთელები, რომელთაც დაცვაც ეხერხებათ, შეტევის ჩაშლაც და შეტევის ორგანიზებაც, ხოლო ერთი თავდამსხმელით თამაში ჩემთვის საერთოდ გაუგებარია. მესმის რომ ამპლუის განსაზღვრა პირობითი მცნებებია, მაგრამ ფეხბურთელისათვის გაურკვეველი ფუნქციით დაკისრება გუნდურ ქაოტურობას და არაორგანიზებულობას იწვევს, რაც ასე წარმატებით ატყვია ქართული გუნდების გამოსვლას.

ცხადია, ამ თემაზე ჩემი მსჯელობა არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ ხვალვე შეცვალოს მისი გუნდის ტაქტიკური სქემა და ჩემს იდეაზე გადმოეწყოს, ან ვინმეს ვაკრიტიკებდე. მე, უბრალოდ, მსურს ქართველი მწვრთნელები ამ საკითხს შემოქმედებითად მიუდგნენ და აზროვნებისა და ანალიზის მეტი საფუძველი ჰქონდეთ.

ასევე მინდა ორიოდე სიტყვით მეორე ნაკრების თემასაც შევეხო. ცხადია, მეორე ნაკრები იმ ძირითად პრობლემას ვერ გადაწყვეტს, რაც დღეს ქართული ფეხბურთის წინაშე დგას, მაგრამ მას შეუძლია:
ა) ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაკრებთან შეგუების პროცესის გაადვილება ანუ ოთარ კაკაბაძის და მათე ცინცაძის მსგავსი ახალგაზრდები ჯერ აქედან უნდა იწყებდნენ და ეგუებოდნენ სანაკრებო პროცესებს.
ბ) მთავარ მწვრთნელს მონიშნული ყავს 40-ზე მეტი ფეხბურთელი. ცხადია ყველას გამოძახება, თუ გინდ ამხანაგურ შეხვედრებში, ვერ ხერხდება. ეს ფეხბურთელები მეორე ნაკრებში უნდა ბაზირებდნენ.
გ) გარკვეული ნაწილი ფეხბურთელებისა გვიან "იხსნება". ამის დასტურად დავით ყიფიანის მაგალითის მოყვანა შეიძლება. ნიკა კვეკვესკირიც ერთი პერიოდი დაიკარგა და ცხადაძემ ხელახლა "აღმოაჩინა". გიორგი თარგამაძეს ცოტა ხნით ფეხი დაუცდა და გაქრა ნაკრების ჰორიზონტიდან. მეორე ნაკრებმა ამ და მსგავსი ფეხბურთელების "არ დაკარგვას" უნდა შეუწყოს ხელი.
დ) მეორე ნაკრები სანაკრებო მწვრთნელთა შერჩევა-დაწინაურების კუთხითაც უნდა გახდეს საინტერესო, რამეთუ გზა გაეხსნება ადგილობრივ და გამორჩეულ მწვრთნელებს სანაკრებო ასპარეზისაკენ, მწვრთნელებს მეტი საშუალება ექნებათ ექსპერიმენტალური იდეების თამამად განხორციელებისათვის და ა.შ.
ე) პირველი ნაკრების სპარინგის პრობლემასაც მოგვიხსნის ნაწილობრის და კიდევ იმ კუთხით არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, თუ რომელიმე მწვრთნელ ან ფეხბურთელს რამის დამტკიცება სურს ამ სპარინგის დროს ყველაზე კარგი შანსი უჩნდება.
არის კიდევ უამრავი მომენტი რაც მეორე ნაკრების შექმნის არგუმენტებს გაამყარებს, მაგრამ, ჩვენი აზრით, რაც აქ ჩამოვთვალეთ იმის ნახევარის განხორციელებაც საკმარისი იქნება გარკვეული წინსვლის მისაღწევად.

საბოლოოდ ქართული ფეხბურთის ყველაზე პესიმისტ და სკეპტიკოს გულშემატკივართათვის მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა: შორს არ არის ის დღე, როდესაც ქართული ფეხბურთის დიდება აღდგება. ჩვენი ადგილი მსოფლიო რეიტინგის ოცეულშია! სწორი, გამართული გზით სიარული გვინდა და წარმატებები მოვა, ოღონდ უპირველესად პირად ამბიციებს, ერთმანეთთან კინკლაობას უნდა მოვრჩეთ და არც ფეხბურთის ფედერაციას ვუყუროთ ისე, როგორც ფულის საჭრელ მანქანას...


gio
29 იანვარი 2016 01:17
კონტრაქტი ფედერაციასთან უნდა გაფორმდეს და არა მის პრეზიდენტთან, მაგრამ ყველა ნორნალური კონტრაქტი უნდა შეიცავდეს ორივე მხარის ვალდებულებებს. თუ არავითარი ვალდებულება არ იქნება საჭირო მწვრთნელის მხრიდან მე დამნიშნეთ, 30% თანახმა ვიქნები და ბინასაც ვიყიდი კი არ გამიყიდიან.
ავტორი
28 იანვარი 2016 21:52
ბატონო გუჯა, თქვენთან ასეთი წინადადება მექნება. გავერთიანდეთ და შევთავაზოთ ფეხბურთის ფედერაციას - უანგაროთ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, რამდენიმე თვით, მოვამზადოთ მეორე ნაკრები. რამდენიმეჯერ ვასპარინგოთ პირველ ნაკრებთან. თუ 10 შეხვედრიდან 7-ს არ მოვიგებთ, საერთოდ არათუ დავწერ, სიტყვასაც აღარ დავძრავ ფეხბურთზე. თეთრი და შავი აბანოში გამოჩნდება. ფედერაციას თუ გამბედაობა ეყოფა, გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯები და დაამტკიცოს რომ მისი მიზანი ქართული ფეხბურთის წინსვლაა. მარტივი საქმეა, არავინ არაფერს კარგავს, ამბიციების გარდა. მე ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ.
სამწუხაროდ, წინასწარ ვიცი, რომ ჩვენს მცდელობას არავითარი რეაგირება არ მოყვება. დღეს არავინ არის მზად ცვლილებებისათვის.
სხვა სიახლეები
საქართველოში ფეხბურთი სპორტის ნომერ პირველი სახეობა იყო და მიუხედავად ბოლოდროინდელი ჩავარდნებისა ის მაინც დარჩება ასეთად. უფრო მეტიც, ზოგიერთი თავგადაკლული გულშემატკივრის აზრით, ის მისთვის ისევე შეუცვლელია, როგორც ჩვილისთვის დედის რძე.
დაწვრილებით...
ამ ბოლო დროს იმდენი ტყუილ-მართალი იწერება ლარსა და მის გაცვლით კურსზე, აშკარაა, ქვეყანაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა როგორც, საზოგადოდ, ეკონომიკის, ასევე ვიწრო საბანკო სპეციალიზაციის კუთხითაც. ანდა, კვალიფიციურთა ერთი ნაწილი დემაგოგიასა და გზის აბნევაზე მუშაობს, რომ ქვეყანამ არასწორი მიმართულებით იაროს და მერე ამ მღვრიე წყალში მსხვილი ღლავები დაიჭიროს.
დაწვრილებით...
ეს წერილი დაახლოებით ერთი წლის წინ დავწერე, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე არ მომეწერა ჩემი მოსაზრება თქვენთვის. ვიფიქრე, შეიძლება სწორად ვერ გამიგოს და გული არ ვატკინო-მეთქი, მაგრამ ამ ბოლო დროს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით თქვენი სამსახურის აქტიურობა უკვე მართლა იძლევა შეშფოთების საბაბს. რა სტრუქტურაა ეროვნული ბანკი, ვის ინტერესებს ემსახურება სინამვილეში, როგორ შეუძლია ვალუტის კურსის და საპროცენტო განაკვეთების თამაში, ამას ცალკე წერილში მოგახსენებთ.
დაწვრილებით...
უცნაური ხალხი ვართ ქართველები. რაც თავი მახსოვს, სულ ვიღაცას ვირჩევთ - დაწყებული სოციალისტური ეპოქის ყრილობის დელეგატებიდან, თუ საბჭოების დეპუტატებიდან
დაწვრილებით...
როგორც ერთ ცნობილ სიმღერაშია - "ფინანსი პაიუტ რომანსი," მაპატიეთ, ეს პერიფრაზი, მაგრამ ასე უფრო კარგად გამოხატავს არსს იმისას, რაზე მინდა დავწერო. ფინანსები კარგია, მაგრამ გამართული ეკონომიკის გარეშე არ მოდის. გამართულ ეკონომიკამდე კი ბევრი გვიკლია. გავაჭრებულ და გაჩარჩებულ ქვეყანაში სპორტის სახეობაში ვარჯიშიც კი ბევრისთვის არ არის ხელმისაწვდომი.
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები