პროკურატურა მეგის ქარდავას დავალებით სექსუალური უმცირესობების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - კვირის პალიტრა

პროკურატურა მეგის ქარდავას დავალებით სექსუალური უმცირესობების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

. განცხადებაში უწყება ქარდავას დავალებით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სხვა ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მოქალაქეთა მიმართ, ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე საუბრობს.

"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მოქალაქეთა მიმართ, ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით.)

გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით, ამავე დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ.

უკანონოდ გადმობირებული კონფიდენტები, თავის მხრივ, ურთიერთობას ამყარებდნენ სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ საზოგადოებისათვის ცნობად მამაკაცებთან, ისე, რომ ამ უკანასკნელებმა არ იცოდნენ კონსპირაციის შესახებ. კონფიდენტებს მიჰყავდათ ისინი სახელმწიფოს ოპერატიული სახსრებით დაქირავებულ ბინებში, რომლებიც წინასწარ იყო აღჭურვილი უკანონო ფარული სათვალთავლო აუდიო-ვიდეო აპარატურით.

ამ დროისათვის დადგენილია სამი ასეთი ბინა. აღნიშნულ ბინებში სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ იძულებით გადმობირებული კონფიდენტები ამყარებდნენ სექსუალურ კავშირს წინასწარ შერჩეულ პირებთან, რის შემდეგაც ფარული ჩანაწერები, გადაეცემოდა უშუალოდ მეგის ქარდავას.

მოგვიანებით, იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო გადაღებული ვიდეომასალის გასაჯაროება, ფაქტიური შანტაჟის პირობებში, კონსპირაციის მსხვერპლი მამაკაცი თანხმდებოდა იმაზე, რომ გამოემჟღავნებინა თავისი ლოიალური დამოკიდებულება არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ და მონაწილეობა მიეღო ყოფილი ხელისუფლების პოპულარიზაციის მიზნით მოწყობილ სხვადასხვა ღონისძიებებში. გარდა ამისა, მაკომპრომეტირებელი მასალის გამოყენება ხდებოდა ფულის გამოძალვის მიზნითაც.

პროკურატურის მიერ ამ ეტაპზე მოპოვებულია რამდენიმე ასეთი უკანონო ჩანაწერი, თუმცა, გამოძიების მონაცემებით, რამდენიმე ათეული მსგავსი მაკომპრომეტირებელი ფარული ჩანაწერი არსებობს. გამოძიების მიერ უკვე დადგენილ ფაქტებთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის სამი პირი. - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ სრულად:

პროკურატურა მეგის ქარდავას დავალებით სექსუალური უმცირესობების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს