„საქნახშირი“ - 2016 წელს კომპანიამ ტყიბულში ქველმოქმედებაზე 100 ათას ლარზე მეტი დახარჯა - კვირის პალიტრა

„საქნახშირი“ - 2016 წელს კომპანიამ ტყიბულში ქველმოქმედებაზე 100 ათას ლარზე მეტი დახარჯა

კომპანია “საქნახშირმა“ 2016 წელს განხორციელებული აქტივობები შეაჯამა, - ამის შესახებ ”საქნახშირიდან” გვაცნობეს.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, 2016 წელი “საქნახშირისთვის“ მარტივი არ იყო, მაგრამ სწორი სტრატეგიისა და გადაწყვეტილებების შედეგად სიძნელეების დაძლევა მოხერხდა.

„საქნახშირში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მათთან მიმდინარეობს გადაიარაღების პროცესი, ხოლო გასულ წელს განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებზე, ტექნიკურ გადახალისებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებაზე რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა.

კომპანიის ინფორმაციით, “საქნახშირი“ რეგიონში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანია, რომელიც გარდა იმისა, რომ ინვესტიციებს ახორციელებს სხვადასხვა პროექტებში, ტექნოლოგიების დანერგვასა თუ ახალი პერსპექტივების ძიებაში, თავისი წილი სოციალური პასუხისმგებლობაც აქვს გააზრებული და რეგიონში საქველმოქმედო ღონისძიებებს ეწევა.

“2016 წელს კომპანია “საქნახშირმა“ ტყიბულში ქველმოქმედაბაზე 100 ათას ლარზე მეტი დახარჯა. დავაფინანსეთ ტყიბულის თეატრის გასტროლები ბაქოში, ტყიბულის საფეხბურთო კლუბი “მეშახტე,“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის რაგბის სკოლა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის N3 ბაგა-ბაღისთვის შევიძინეთ და დავამონტაჟეთ კვამლგამწოვი სისტემები, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები დავამონტაჟეთ ტყიბულის მუნიციპალიტეტის N4 ბაგა-ბაღში... გარდა ფულადი დახმარებისა, ჩვენი კომპანია ეკლესია-მონასტრებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს ქვანახშირითაც ეხმარება. მაგალითად, 2016 წლის განმავლობაში ქვანახშირით მოვამარაგეთ: ახალციხის ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპარქია, ა. ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო, საქართველოს საპატრიარქო, სურამის და ათუნის ეპარქია, ქარელის მამათა მონასტერი, ჩოხატაურის მამათა მონასტერი, ტყიბულის N1 და N6 საჯარო სკოლა, გარდაბნის მამათა ეკლესია... საბოლოო ჯამში, საქველმოქმედო მიზნით, გასულ წელს კომპანიამ 178,5 ტონა ქვანახშირი გასცა“ - აცხადებენ “საქნახშირში“.

“საქნახშირი“ შახტაზე გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს დაშავებულ ადამიანებსაც ეხმარება. კერძოდ, 2016 წელს დაზარალებულ 3 ადამიანს და სხვადასხვა წელს დაზარალებულ 5 ადამიანს ყოველთვიურ დახმარებას უხდის. გარდა ამისა, კომპანია შესაძლებლობების ფარგლებში ფინანსურ დახმარებას უწევს მეშახტეებს და მათი ოჯახის წევრებს, რათა შექმნილი ოჯახური, ჯანმრთელობის თუ სხვა პრობლემი მოაგვარონ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2016 წლის განმავლობაში მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ფინანსური დახმარებების რაოდენობამ ჯამურად გადასახადების ჩათვლით შეადგინა 78220,96 ლარი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „საქნახშირი“ არის კომპანია, რომლისთვისაც სოციალურ პროექტებში ჩართულობა, თანამონაწილეობა და განხორციელება პრიორიტეტად იქცა.