"მე ამ წიგნით უფრო ახლოს გავიცანი პატრიარქი"... - კვირის პალიტრა

"მე ამ წიგნით უფრო ახლოს გავიცანი პატრიარქი"...

"რამდენიმე დღის წინ წიგნის მაღაზია "ბიბლუსში" ახალ გამოცემებს ვათვალიერებდი. კონსულტანტისა და შუახნის ქალბატონის დიალოგს მოვკარი ყური: მკითხველი კათოლიკოს-პატრიარქის მრავალტომეულის III ტომს ელოდა. კონსულტანტისგან შეიტყო, რომ წიგნი 20 თებერვლიდან გაიყიდებოდა და გოგონას მადლობა გადაუხადა... ქალბატონს გამოველაპარაკე. 63 წლის ლალი სამადაშვილმა გულწრფელად მითხრა, - აქამდე მასზე ბევრი მსმენია, წამიკითხავს კიდეც, თუმცა ამ წიგნით უფრო ახლოს გავიცანი. მისი აქამდე უცნობი წერილები დიდი სითბოთი და სიყვარულითაა სავსეო."საუბარში კიდევ ერთი მკითხველი, დიმიტრი ყაველაშვილი (54 წლის) ჩაერთო:"- ამ წიგნით სულ სხვანაირი პატრიარქი გავიცანი. ბევრ, აქამდე უცნობ ფაქტს გავეცანი. ძალიან ამიჩუყა გული პატრიარქისთვის მიწერილმა მშობლების წერილმა. რამხელა სიყვარულია მათ ოჯახში. ჩემთვის ასევე აღმოჩენაა ის, რომ ილია II აქტიურად იყო ჩართული თვითმფრინავის ბიჭების საქმეში...

ეს ოთხტომეულის, "ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი"-ს, წიგნების წაკითხვისას მიღებული მოკრძალებული შთაბეჭდილებებია.

მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იცის ამ უნიკალური გამოცემის შესახებ, შევახსენებთ, რომ ოთხტომეული ასახავს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზას, განცდებს, ტკივილს, სიხარულს, რომელიც გადმოცემულია დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით. I და II ტომში პატრიარქის საოჯახო წერილებთან და მისი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციასთან ერთად, საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებაც ბევრი ინფორმაციაა თავმოყრილი, ეს უახლესი საქართველოს შეულამაზებელი ისტორიაა.

მკითხველს საშუალება აქვს, უფრო ახლოს გაეცნოს პატრიარქის სიყმაწვილის წლებს, სემინარიაში სწავლის პერიოდს და გაიგოს, როგორ ემზადებოდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის. ასევე საოცარი სიყვარულითაა გადმოცემული მშობლების პატივისცემა შვილის ცხოვრებისეულ არჩევანზე.

საპატრიარქოს არქივში დაცული მასალების მიხედვით მომზადებულ ოთხტომეულში არაერთი ისეთი წერილი და დოკუმენტი მოხვდა, რომლებიც აქამდე არსად გამოქვეყნებულა. მათ შორის არის, სასულიერო პირებთან თუ სხვადასხვა სახელმწიფო ლიდერებისთვის გაგზავნილი წერილები ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, რუსეთის აგრესიაზე, ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა და აქამდე უცნობი იყო 1986 წელს დაწყებული მიმოწერა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე იერუსალიმის პოლიტიკურ თუ რელიგიურ ლიდერებსა და პატრიარქს შორის მიმოწერა 4-5 წელი გრძელდებოდა.

"პალიტრა L"-ში გამოცემული ილია II-ის ოთხტომეულის III ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად 20 თებერვლიდან გაიყიდება.

წიგნში ასახულია 1996 წლიდან 2004 წლამდე პერიოდი.

საქართველოს საგადასახადო და შემოსავლების მინისტრს, ბატონ მიხეილ მაჭავარიანს:

"მოგმართავთ დაბა ფასანაურის სულიერების და კულტურის ცენტრის დაარსების სურვილით. უკვე კარგა ხანია, რაც მოსახლეობა ქალაქისაკენ ისწრაფვის და თანდათან ცარიელდება პერიფერიული რეგიონები, განსაკუთრებით კი - მთიანი მხარე. ამ პროცესმა უფრო სერიოზული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც ეკონომიკურად ძალიან გაუჭირდა მოსახლეობას. საპატრიარქომ გადაწყვიტა, სულიერების და კულტურის ცენტრები დააარსოს, უპირველეს ყოვლისა, იმ ადგილებში, სადაც დასაქმებისა და მიგრაციის პრობლემებია. ასეთი ცენტრი უკვე გაიხსნა ყაზბეგში, სოფელ სნოში. მალე იგი ამოქმედდება მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში. მოხარულნი ვიქნებით, თუ დაბა ფასანაურშიც, იქ, სადაც ამ რამდენიმე წლის წინ უნივერმაღი"იყო და უფრო ადრე კი ეკლესია ფუნქციონირებდა, ასეთივე სავანე შეიქმნება. ვფიქრობ, ამ შენობის ფართი საშუალებას იძლევა, მიმდებარე სოფლების ბავშვებსაც და მოსახლეობასაც ვასწავლოთ ქრისტიანული რწმენის საფუძვლები და ხელოვნება, გალობა, ხატწერა, ქარგვა; ამასთან, მივცეთ მათ შესაძლებლობა დასაქმებისა. ვფიქრობთ, ეს საშვილიშვილო საქმეა და, თუ თქვენ შეძლებთ ფინანსურ დახმარებას და ხელშეწყობას მის განსახორციელებლად, დიდ მადლს მოიპოვებთ ღვთისა და ხალხის წინაშე. ღმერთმა დაგლოცოთ.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 18 მაისი, 2001 წელი"

თორნიკე ყაჯრიშვილი