”ნებულა” - ინოვაციური საგანმანათლებლო რესურსი მოსწავლეებისათვის - კვირის პალიტრა

”ნებულა” - ინოვაციური საგანმანათლებლო რესურსი მოსწავლეებისათვის

”ნებულა”- ინოვაციური კომპანიაა, რომელიც მოსწავლეებს ეროვნული გამოცდებისთვის ონლაინ ამზადებს, ცოტა ხნის წინ კი ზოგადი უნარების სავარჯიშოების უნიკალური, ნახევრადელექტრონული ჟურნალი გამოუშვა. წიგნი ყოველთვიური იქნება და ის ორი ნაწილისგან - ვერბალური და მათემატიკური კრებულისგან შედგება. თითოეულში სპეციალურად შექმნილი 120 სავარჯიშოა თავმოყრილი.

”ნებულა” არის ონლაინ სივრცე აბიტურიენტებისა და მოსწავლეებისთვის, რომელიც მათ თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას სთავაზობს. ჟურნალი საგანმანათლებლო სტარტაპის პირველი ბეჭდური პროდუქტია. თუმცა ის ციფრულ ელემენტსაც მოიცავს. თითოეულ ამოცანას აქვს შესაბამისი ვიდეოახსნა, რომლის ნახვაც ”ნებულას” ვებგვერდზე ჟურნალში დაბეჭდილი უნიკალური კოდის საშუალებითაა შესაძლებელი.

ჩვენ ვიღებთ იმ დიდ გამოცდილებას და ცოდნას, რომელიც უფროს პედაგოგებში არის დაგროვებული და მას სხვანაირად ვფუთავთ. ეს არის ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს ნაწილების გაერთიანება ისე, რომ ინოვაციური შედეგი და პროდუქტი მივიღოთ. სწორედ ასეთია ჩვენი წიგნი. ზოგადად, ტესტების წიგნი თვითკმარი პროდუქტი არასდროს ყოფილა. ასეთ კრებულებში სწორი პასუხები არის ხოლმე მითითებული, მაგრამ მკითხველი ვერ იგებს, რატომ არის ის სწორი. წიგნისთვის ეს ტექნიკურად საკმაოდ რთულია. ჩვენ კი, ამ პრობლემის გადასაჭრელად, ახსნების ბაზა შევქმენით,” - განმარტავს სანდრო დოლიძე, „ნებულას“ აღმასრულებელი დირექტორი.

სანდრო დოლიძე საგანმანათლებლო სისტემაში ელექტრონული რესურსების შეტანას სტამბის გამოგონებას ადარებს.

”ონლაინ სწავლების პლატფორმისა და ინტერნეტის ხიბლი ის არის, რომ ერთ მასწავლებელს კარგი ვიდეო კამერით შეუძლია მილიონ მოსწავლეს მიწვდეს, მაშინ როცა იმავე მასწავლებელს საკუთარ კლასში შეუძლია ასწავლოს 30 ბავშვს. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს აქეთ მიმართულს და გვინდა, რომ ეს კულტურა დავნერგოთ. სწორედ ონლაინ განათლება არის დღეს ყველაზე მეტად მოსახერხებელი” - ამბობს დოლიძე.

ყოველი ნომრის გარეკანი წინა თვის საუკეთესო აბიტურიენტს დაეთმობა. ჟურნალის ღირებულება 8 ლარია. მისი ყიდვა წიგნის მაღაზიებსა და პრესის გამავრცელებელ ჯიხურებშია შესაძლებელი. პროექტის პარტნიორები ”პალიტრა L” და ”ლივინგსტონი” არიან.

”პალიტრა L”მუდმივად მზად არის, მხარი დაუჭიროს მსგავსი ტიპის საგანმანათლებო პროექტებს. ამ შემთხვევაში კი მართლაც განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ”ნებულა” მთავარ აქცენტს ინოვაციასა და სიახლეზე აკეთებს. ეს არის მართლა უნიკალური პროექტი, რომლის ანალოგი ქართულ ბაზარზე არ არსებობს,” - ამბობს ”პალიტრა L-ის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ზაქრაძე.

”ნებულა” გეგმავს, რომ სხვა საგნების წიგნებიც გამოვიდეს. ვებგვერდზე ქართული ენისა და ლიტერატურის კურსია დამატებული, ინგლისური ენის კურსი კი მზადების პროცესშია. კომპანია აღნიშნული საგნების წიგნების გამოცემასაც არ გამოირიცხავს.