წიგნები, რომლებიც თქვენს შვილს ლოგიკური აზროვნების გაუმჯობესებაში დაეხმარება - კვირის პალიტრა

წიგნები, რომლებიც თქვენს შვილს ლოგიკური აზროვნების გაუმჯობესებაში დაეხმარება

მარგარეტ ტეტჩერი, დეივიდ კამერონი, ინდირა განდი, ბენაზირ ბჰუტო, სტივენ ჰოკინგი, ოსკარ უაილდი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი...

ეს იმ ცნობილ პიროვნებათა არასრული სიაა, რომელთაც ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრეს. უნივერსიტეტი, რომელიც Times Good University Guide-ის რეიტინგით უკვე თერთმეტი წელია პირველობას არ თმობს, THE World University Rankings-ის მონაცემებით - საუკეთესოა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, Professional Ranking World Universities-ის ცნობით კი, მსოფლიოში მე-5 და ბრიტანეთში - პირველია.

ალბათ, ბევრი მშობელი ოცნებობს, საკუთარი შვილის სახელი (სხვადასხვა სფეროში) წარმატებული პიროვნებების სიაში იხილოს, რადგან მოეხსენებათ, რომ კარგი განათლება წარმატებული კარიერის, მაშასადამე, უზრუნველი ცხოვრებისა და ბედნიერი მომავლის მყარი გარანტია. ამიტომ ისინი მშობლის სტატუსის მოპოვებიდან მალევე ერთვებიან შვილების განვითარებისთვის ყველაზე სანდო და საუკეთესო პირობებისა და სახელმძღვანელოების მოძიებაში. მუდმივად იმის ცდაში არიან, როგორ გაუადვილონ, შეიძლება ითქვას, გაუკვალონ გზა შვილებს ბედნიერი მომავლისკენ.

ასე იცვლება თაობები და მასთან ერთად - სახელმძღვანელოები, რომლებიც გაუადვილებს მომავალ თაობას სწავლის პროცესს და უფრო მარტივი გზით, ნაკლები დაბრკოლებების გარეშე, აავლევინებს კარიერის რამდენიმე საფეხურს ღირსეულად.

ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ამ საფეხურების ავლისა, ის წიგნია, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ. ეს ოქსფორდის უნივერსიტეტში შედგენილი კრებულია. ტესტები აზროვნების გაუმჯობესებაში ეხმარება 5-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებს. ის 14 ნაწილადაა წარმოდგენილი, რომელთაგან თითოეული მოიცავს მათემატიკისა და არავერბალური მსჯელობის პრაქტიკულ ამოცანებს, რომლებიც შედგენილია ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცდილი ფსიქოლოგებისა და პროფესორების მიერ. ის გამორჩეულია სწავლის მეთოდითა და სავარჯიშოების პრინციპებით.

ტესტები დალაგებულია სირთულის ზრდის მიხედვით, რაც შეუმჩნევლად აჩვევს ბავშვს რთული ამოცანის კეთებას. როგორც მათემატიკური, ასევე არავერბალური მსჯელობის ტესტები დაფუძნებულია ლოგიკურ აზროვნებაზე. არავერბალური მსჯელობის ტესტები ჰგავს ინტელექტის ცნობილ ტესტებს, რომლებიც ეფუძნება ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების შეფასებას.

სულ ახლახან წიგნი ითარგმნა და გამოიცა "პალიტრა L"-ის ინიციატივით, რათა ქართველი ბავშვებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს ეს ფუფუნება.

ის პედაგოგები და მშობლები, რომლებიც უკვე გაეცნენ სახელმძღვანელოს, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტში შედგენილ კრებულში წარმოდგენილი სავარჯიშოების შესრულებისას, ბავშვს გაუცნობიერებლად უვითარდება შესაბამისი ასაკისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები. სწავლობს სიახლესთან მარტივად ადაპტაციასა და შესაძლებლობების საჭირო დროს გამოყენებას. წიგნში მოცემული სავარჯიშოები მრავალფეროვანი და საინტერესოა, რაც ეფექტური სწავლის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია. სწორედ მრავალფეროვნება ეხმარება ბავშვებს, სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები და გაუმკლავდნენ მოულოდნელ სიტუაციებს.

დაჩი ნანობაშვილი - წიგნის კონსულტანტი: წიგნებზე მუშაობის პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჯერ ითარგმნა, თარგმნის შემდეგ კი მოხდა ტერმინოლოგიის ჩასწორება და პირობების გამართვა.

- რა ტიპის სავარჯიშოებს შევხვდებით წიგნის "არავერბალური მსჯელობის" ტესტებში და მის მათემატიკურ ნაწილში?

- წიგნში მოცემული დავალებები - როგორც "არავერბალური მსჯელობის" ტესტებში, ასევე მათემატიკურ ნაწილში - საკმაოდ მრავალფეროვანია. განსაკუთრებით გამოვყოფდი "არავერბალური მსჯელობის" ტესტების იმ დავალებებს, სადაც ვხვდებით მოძრავ და კოდირებულ ფიგურებს. ზოგადად კი, ვფიქრობ, რომ აღნიშნული წიგნები კარგი საჩუქარია მათემატიკის მოყვარული მოზარდებისათვის.

- წიგნი როგორი მოსწავლეებისთვისაა შედგენილი, მათთვის, ვინც სკოლის პროგრამას ადვილად ძლევს, თუ მათთვის, ვისაც უჭირს პროგრამის დაძლევა და ეს სავარჯიშოები სწორედ ამაში დაეხმარება?

- ვფიქრობ, დავალებები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ისინი საინტერესო იქნება არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ეხერხება მათემატიკა, არამედ მათთვისაც, ვისაც უჭირს ან არ გამოსდის მათემატიკის შესწავლა.

- რითი გამოირჩევა ეს წიგნი ამავე ტიპის სხვა წიგნებისგან?

- ოქსფორდის უნივერსიტეტში შედგენილ კრებულებში შესული დავალებები საკმაოდ მრავალფეროვანი და დახვეწილია. თითოეულ სერიაში შემავალი მასალა ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას და სცდება მას. წიგნებში გვხვდება არასტანდარტული დავალებები, რომლებიც კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. ასევე - დავძენ, რომ აღნიშნული დავალებები არაჩვეულებრივი საშუალებაა მოზარდებში არავერბალური მსჯელობის განვითარებისთვის. მართალია, წიგნი 5-დან 13 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კრებულებში მოცემული არაერთი დავალება მათემატიკის მოყვარული უფროსკლასელი მოსწავლეებისთვისაც საკმაოდ საინტერესო და სახალისო იქნება.