როგორ დავწეროთ ბესტსელერი: ჯოან როულინგის ”ჯადოსნური ფორმულა” - კვირის პალიტრა

როგორ დავწეროთ ბესტსელერი: ჯოან როულინგის ”ჯადოსნური ფორმულა”

ბევრი დამწყები მწერალი ოცნებობს დაწეროს წიგნი, რომელიც ბესტსელერი გახდება. წიგნი, რომელმაც შესაძლოა ცნობილ მწერლადაც გაქციოთ. თუ ჯერ არ დაგიწერიათ ბესტსელერი, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნიჭი არ გაქვთ. თუ წერა კარგად გამოგდით და საკმარისი ნებისყოფა გაგაჩნიათ, რატომ არ უნდა სცადოთ?

ამ შანსს “გამომცემლობა პალიტრა L” გაძლევთ, რომელსაც ქართველი მწერლების პოპულარიზაცია, ახალი მწერლების აღმოჩენა და მათი ბესტსელერის ავტორებად ქცევა აქვს გადაწყვეტილი. (წაიკითხეთ დაწვრილებით) თუ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტეთ და არ იცით, საიდან ან როგორ დაიწყოთ ბესტსელერის წერა, ეს რჩევები ძალიან დაგეხმარებათ.

ჯოან როულინგი მსოფლიო ბესტსელერის ავტორია! „ჰარი პოტერმა“ მწერალს მსოფლიო პოპულარობა და მილიონები მოუტანა.

ჯოან როულინგი:

- ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „ჰარი პოტერის“ პირველი წიგნი გამოიცა, ყველა მხრიდან დამაყარეს კითხვები: „როგორ დავწეროთ ბესტსელერი?“ თავიდან, მე გულახდილად ვპასუხობდი ყველას, რომ არ ვიცი. რომ უბრალოდ დავწერე წიგნი ბიჭზე, რომელიც შინაგანი სამყაროთი და შესაძლოა ბედითაც - მე მგავდა... მაგრამ ჩემი არავის სჯეროდა.

ყველა თვლიდა, რომ მე ლიტერატურული წარმატების ჯადოსნურ ფორმულას ვფლობდი, რომელიც ჰარიზე მუშაობის დროს გამოვიყენე. გადიოდა წლები. მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, გულახდილად მომეყოლა, თუ როგორ ვმუშაობდი წიგნზე, ისევ და ისევ ერთსა და იმავე შეკითხვას მისვამდნენ: - „როგორ დავწეროთ ბესტსელერი?“

ერთ მშვენიერ დღესაც, ამან იმდენად გამაღიზიანა, რომ საკუთარ თავს ვუთხარი: „ თუ ადამიანები ასე ჯიუტად გეკითხებიან ერთსა და იმავეს იქნებ გეცადა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა?“ და გავიფიქრე: იქნებ მართლაც არსებობს რაღაც ფორმულა, რომელიც ჩემს წიგნებშია ჩადებული და მე ის ვერ შევამჩნიე?

დავიწყე ამ მიმართულებით მუშაობა. გადავიკითხე საკუთარი წიგნები არა როგორც ავტორმა, არამედ როგორც მკითხველმა. წავიკითხე სხვა მწერლების აღიარებებიც და ახლა უკვე მგონია, რომ ასეთი ფორმულა ვიცი.

მაშ, ასე! როგორ დავწეროთ ბესტსელერი

1. დავიწყებ იქიდან, რომ არ არსებობს შეზღუდვა ჟანრის არჩევისას. ბესტსელერი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჟანრის წიგნი. რომანიდან დაწყებული - დოკუმენტური ნაწარმოებით დამთავრებული. მთავარია, მკითხველმა თავი კომფორტულად იგრძნოს კითხვის დროს. მკითხველი ძალიან მალე შეწყვეტს რთული და გაურკვეველი ტექსტის კითხვას.

ადგილს და დროს მნიშვნელობა არ აქვს. რაც უფრო დიდი მოცულობისაა წიგნი, მით მეტი შანსი აქვს ბესტსელერად იქცეს. მთავარია, მკითხველის გული მოიგოთ.

2. განსაზღვრეთ მკითხველთა აუდიტორია

პირველ რიგში, თქვენ უნდა წარმოიდგინოთ, ვინ წაიკითხავს თქვენს წიგნს. ეცადეთ თქვენი პოტენციური მკითხველების (თუ გყავთ ასეთი) ჯგუფში რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააგროვოთ.

3. დასაწყისშივე მიეცით მათ გამოცანა (საიდუმლო, თავსატეხი), რომელსაც მხოლოდ ბოლოს გახსნით

თქვენ მკითხველთა ყურადღება უნდა დაიპყროთ. პირველ სამ თავში მათ რაიმე საინტერესო საიდუმლო წარუდგინეთ. გახსოვთ, როდის შეხვდა პირველად ჰარი პოტერი დაუძინებელ მტერს? - პირველ რომანში. და როდის იყო მათი უკანასკნელი შეხვედრა? მართალია, - სულ ბოლოში. ამასთან, არავინ იცოდა (არც მე) რით დამთავრდებოდა ეს შეხვედრა.

ამიტომ გახსოვდეთ, რაც უფრო საინტერესო საიდუმლო-თავსატეხს შესთავაზებთ დასაწყისში მკითხველს, მით უფრო დიდი ინტერესით წაიკითხავენ თქვენს წიგნს.

4. ოცნებების ასრულება

გაიხსენეთ მდგომარეობა, რომელიც ყველას განგიცდიათ. ღამით, ძილის წინ, თქვენ წვებით საწოლში და ოცნებობთ თქვენთვის ყველაზე სანუკვარ რამეზე. აქციეთ თქვენი წიგნი „ადგილად“, სადაც თქვენი მკითხველების ოცნებები ახდება.

5. აჩუქეთ მკითხველს ახალი სამყარო

ამისთვის უნდა შექმნათ ახალი სამყარო. დიახ, უნდა შექმნათ და არა შეცვალოთ არსებული. რეალური სამყაროს კარგად ცოდნა არ მისცემს მკითხველს საშუალებას, დაგიჯეროთ. ისინი იტყვიან: მე აქ ვცხოვრობ და ვიცი, რომ მსგავსი რამ არ მოხდება.

მე ძალიან გამიმართლა, არარსებული სადგური რომ მოვიფიქრე არსებულში. ან კედლები, რომლებიც უხილავ, მაგრამ არსებულ სამყაროს მალავენ...

6. აგრძნობინეთ თავი დაუცველად

ამის გარეშე არც ერთი დიდი რომანი არ არსებობს. მკითხველს აქვს სამყარო, სადაც თავს კარგად გრძნობს, ისიც, რომ ამ სამყაროში მისი ოცნებები ასრულდება. უცბად, მას თავს უსიამოვნებები ატყდება. სასურველია, უსიამოვნებები მკითხველს კი არა, გმირს შეემთხვეს. სწორედ წიგნის გმირია მკითხველის გიდი მწერლის სამყაროში.

შექმენით გმირისთვის დაბრკოლება, რომლის გადასალახად ის მკითხველთან ერთად იბრძოლებს, იტირებს, გაიცინებს და გაიმარჯვებს.

მაშ, ასე! დიდი ლიტერატურული კონკური იწყება! კონკურსზე უნდა წარადგინოთ თქვენი დაწერილი, გამოუქვეყნებელი მხატვრული ნაწარმოების (რომანი) პირველი რამდენიმე თავი (გამოგზავნილი ტექსტი უნდა შეადგენდეს 20-დან 50-მდე Word-ის გვერდს). ჟანრში თავისუფალი ხართ. ასე რომ, დაელოდეთ! დაწვრილებით ინფორმაციას და კონკურსში მონაწილეობის პირობებს სულ მალე ჩვენი ვებგვერდის: www.palitral.ge და ასევე ჩვენი სოციალური ქსელის - Palitra L Publishing -ის მეშვეობით გაიგებთ.

გაუზიარეთ სტატია მათ, ვისაც წერა ეხერხება.

გისურვებთ წარმატებებს!