დიდი ლიტერატურული კონკურსი იწყება...გახდი ბესტსელერის ავტორი! - კვირის პალიტრა

დიდი ლიტერატურული კონკურსი იწყება...გახდი ბესტსელერის ავტორი!

ყოველ ადამიანს აქვს სანუკვარი ოცნება. ზოგ მათგანს აქვს შანსი, რეალობად იქცეს, ეს კონკურსი კი სწორედ ამის შესაძლებლობას გაძლევთ. თუ წერა გიყვართ და ფიქრობთ, რომ კარგად გამოგდით, თუ საკუთარ წიგნზე ოცნებობთ, გეძლევათ შანსი, ეს ოცნება რეალობად აქციოთ, თუნდაც ამისთვის ფანტასტიკის სფეროში შეჭრამ მოგიწიოთ. ჟანრში თავისუფალი ხართ! დიახ, ეს რეალობაა! თქვენ შეიძლება გახდეთ ბესტსელერის ავტორი!

მალე გამომცემლობა "პალიტრა L" სახალხო ლიტერატურულ კონკურსს იწყებს. კარგად მოემზადეთ და მუზას მოუხმეთ! კონკურსზე უნდა წარადგინოთ თქვენი დაწერილი, გამოუქვეყნებელი მხატვრული ნაწარმოების (რომანი) პირველი რამდენიმე თავი (ტექსტი უნდა შეადგენდეს 20-დან 50-მდე ჭორდ-ის გვერდს.) მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ჟანრს აირჩევთ. ამბის მოსათხრობად არც ლიტერატურული წიაღსვლებია აუცილებელი. მთავარია, ამბავი და თხრობის სტილი იყოს საინტერესო. ნამუშევრებს ყველაზე ობიექტური ჟიური - თავად მკითხველი შეაფასებს. 10 საუკეთესო ნამუშევარს მკითხველი შეარჩევს, 5-ს - რედაქცია, ტურში კი მათგან მხოლოდ რამდენიმე გაიმარჯვებს. გამარჯვებული ნაწარმოებები ძალიან მალე წიგნებად იქცევა და მკითხველის თაროებს დაამშვენებს.

დაწვრილებით ინფორმაციას და კონკურსში მონაწილეობის პირობებს სულ მალე ჩვენი ვებგვერდის: www.palitral.ge და ჩვენი სოციალური ქსელის - Palitra L Publishing-ის მეშვეობით გაიგებთ.

დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური საუბრობს: - ქართველები ლიტერატურის მოყვარული ერი ვართ. გულის სიღრმეში, თითოეულ ჩვენგანში პოეტი ან მწერალი ცხოვრობს. თუმცა ამ შესაძლებლობის გამოვლენას ყველა ვერ ახერხებს - უამრავი პრობლემაა, მათ შორის, მატერიალური. ზოგი ვერ ბედავს საკუთარი პოტენციალის ფართო მასებისთვის გაცნობას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, სახალხო კონკურსი გამოგვეცხადებინა, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ლიტერატურული პროცესი კიდევ უფრო აქტიური გახდეს - მკითხველსაც მივცემთ შანსს, საკუთარი გემოვნება, ინტერესი და სურვილი გაგვიზიაროს, მეტიც, მიგვითითონ კიდეც, რა ჟანრის წიგნების წაკითხვა ურჩევნიათ, რასაც შემდგომ ჩვენი კონკურსანტები გაითვალისწინებენ.

- თუ არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, როდესაც გამომცემლები ლიტერატურის შერჩევისას სწორედ მკითხველების ინტერესს ითვალისწინებენ და რჩევებს მათგან იღებენ?

- მსოფლიო პრაქტიკაში უამრავი მაგალითია, როდესაც ბესტსელერები სწორედ ხალხის არჩევანის მიხედვით შეიქმნა. ამაში განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს გამომცემლობა, რომელსაც ავტორამდე მიაქვს ხალხის მოსაზრებები, რის შემდეგაც იქმნება სწორედ ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც მსოფლიო დონის ბესტსლერებად იქცევა ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი სტივენ კინგია, რომელიც წერის დროს მაქსიმალურად ითვალისწინებს მკითხველის მოსაზრებებს.

- რა არის კონკურსის მთავარი მიზანი?

- ჩვენი მიზანია, მწერლებსა და მკითხველებს შორის ერთგვარი მედიატორის ფუნქცია შევასრულოთ, რათა ლიტერატურული ცხოვრება უფრო აქტიურ ფაზაში შევიდეს.

"გამომცემლობა "პალიტრა L" "პალიტრა ჯგუფში" შემავალი ერთ-ერთი კომპანიაა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით კონკურსში გამარჯვებულ ავტორებზე იზრუნოს. მიგვაჩნია, რომ უნდა აღმოვაჩინოთ და განსაკუთრებული რესურსები ჩავდოთ ნიჭიერ ქართველ მწერლებში და გაგაცნოთ ახალი ტალანტები. კონკურსის მიზანიც ეს არის - ქართველი მწერლების პოპულარიზაცია, მათი აღმოჩენა და ბესტსელერის ავტორებად ქცევა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც ჩვენი პროექტით დაინტერესდება.

გამომცემლობა "პალიტრა L"-ში დიდი ფუსფუსია და მოუთმენლად ველოდებით, როდის დავაჭერთ "სტარტ"-ის ღილაკს, რომელიც მარტის მეორე ნახევარში იქნება.

P.S. კონკურსის დეტალები გამოქვეყნდება "კვირის პალიტრის" მომდევნო ნომერში.

რუსუდან შელია