დიდი ლიტერატურული კონკურსი დაიწყო - გახდი ბესტსელერის ავტორი - კვირის პალიტრა

დიდი ლიტერატურული კონკურსი დაიწყო - გახდი ბესტსელერის ავტორი

კონკურსის მიზანია, ის ნაწარმოებები, რომლებიც ამ კონკურსში გაიმარჯვებს, ისეთივე დიდი ტირაჟით გაიყიდოს, როგორც დღეს საქართველოში უცხოური ლიტერატურა იყიდება

გამომცემლობა "პალიტრა L"-ი 20 მარტიდან უნიკალურ სახალხო კონკურსს იწყებს - "გახდი ბესტსელერის ავტორი". სწორედ ასეთი მოწოდებით მიმართავს გამომცემლობა მწერლებს, რომლებსაც საკუთარი შემოქმედების ფართო მასებისთვის გაცნობა სურთ და ასევე მათ, ვისაც ჯერ არა აქვთ შექმნილი რომანი, თუმცა ამის ნიჭი აქვთ. კონკურსში მონაწილეობის მსურველები ჟანრში შეზღუდულები არ არიან. ნამუშევრებს ყველაზე ობიექტური ჟიური - თავად მკითხველი შეაფასებს. დეტალებზე "პალიტრა L"-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი თინათინ ფეიქრიშვილი საუბრობს:

- გამომცემლობა "პალიტრა L"-ი ახალ უნიკალურ ლიტერატურულ კონკურსს იწყებს, რომელშიც ჩართვა ნებისმიერ ლიტერატურის მოყვარულს შეუძლია - თითოეულ მონაწილეს აქვს შესაძლებლობა, ბესტსელერის ავტორი გახდეს და საკუთარი ნაწარმოები მკითხველთა ფართო მასებს გააცნოს.

- საინტერესოა, კონკურსის მონაწილეები ნაწარმოების წარმოდგენისას ჟანრობრივად შეზღუდულები არიან? და აქვე, რა პრინციპით შეარჩევთ კონკურსანტებისგან მიღებულ ლიტერატურას?

- მოგეხსენებათ, 20 მარტიდან კონკურსი ოფიციალურად იწყება.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 30 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელმისამართზე: konkursi@palitra.ge საკუთარი ნამუშევრები გადმოგზავნონ, რომელთა შეფასების პროცესში თავად მკითხველი ჩაერთვება. მკითხველთან ერთად კონკურსს ზურგს კვალიფიციური ჟიური, ლიტერატურის ქომაგები გაუმაგრებენ.

თუ აქამდე ყველა ლიტერატურულ კონკურსში მხოლოდ ჟიური წყვეტდა, რომელი წიგნი გამოცემულიყო, ახლა ასპარეზს უშუალოდ მკითხველებს ვუთმობთ.

კონკურსის I ტური აპრილის ბოლოს დასრულდება და გამომცემლობაში შემოსული ყველა ნაწარმოები (გამოგზავნილი უნდა იყოს ნაწარმოების დასაწყისი, 20-გვერდიდან 50 ჭორდ-ის გვერდამდე) "პალიტრა L"-ის საიტზე აიტვირთება, შემდეგ კი, 20 დღის განმავლობაში, მათი გაცნობა და ხმის მიცემა მკითხველებს შეეძლებათ.

II ტურში ხალხის რჩეული ათი, ხოლო ჟიურის მიერ მოწონებული ხუთი ნაწარმოები გადავა. ბუნებრივია, ჟიურის შემადგენლობა საზოგადოებისთვის უცნობი იქნება, თუმცა ისინი ყველასთვის კარგად ნაცნობი ლიტერატორები და ლიტერატურის კარგი მცოდნეები არიან.

აღსანიშნავია, რომ მკითხველთა სწორედ მსგავსი ჩართულობით მსოფლიომ არაერთი ბესტსელერის ავტორი გაიცნო. მაგალითად, თურქი მწერალი ელიფ შაფაქი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მალევე მოიპოვა. მისი წიგნები 40-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და მწერალს უკვე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს მსოფლიოში. მნიშვნელოვანია, რომ შაფაქი მუდმივად ეცნობა მკითხველთა სურვილებს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ლიტერატურას სწორედ მათი რეკომენდაციის გათვალისწინებით ქმნის.

საბოლოოდ, ხომ თითოეული წიგნი მკითხველთა ფართო მასებისთვის იწერება? ამიტომ დადგა დრო, მსოფლიოს გამოცდილება ჩვენც გავიზიაროთ და ხალხს მივცეთ არჩევანის უფლება.

კონკურსის მიზანია ქართველმა მწერლებმა არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც შეძლონ საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაცია, რაშიც, როგორც აღვნიშნე, "პალიტრა LL" მაქსიმალურად დაეხმარება.

რაც შეეხება შეზღუდვებს, ჟანრში არავინაა შეზღუდული, უბრალოდ, ჩვენი დაკვირვებით, დღეს მკითხველებში თრილერისა და ფანტასტიკის ჟანრებია პოპულარული. ამ მხრივ კონკურსში მონაწილეებს გამომცემლობა პერიოდულად გარკვეულ რჩევებს შესთავაზებს.

- როგორც ზოგადად კონკურსებისთვის არის დამახასიათებელი, პროექტში გამარჯვებულებისთვის საპრიზო ფონდია გამოყოფილი?

- ყველა კონკურსი გამარჯვებულებისთვის, ძირითადად, ერთჯერად საპრიზო თანხას აწესებს, ჩვენი კონკურსი კი რადიკალურად სხვა ფასეულობებზეა აგებული. ის ფინანსური დაინტერესება, რაც მწერალს ექნება, ერთჯერადი ნამდვილად არ არის.

დღეს საქართველოს მასშტაბით, ძირითადად, საზღვარგარეთული ლიტერატურაა მოთხოვნადი - თუ წლის განმავლობაში, დაახლოებით, 15.000-იანი ტირაჟით თანამედროვე უცხოური ბესტსელერები იყიდება, ქართველი მწერლების ნაწარმოებების 500-იანი ტირაჟის გაყიდვას წლებიც კი სჭირდება, რა თქმა უნდა ერთეული გამონაკლისების გარდა. კონკურსის მიზანია, ის ნაწარმოებები, რომლებიც ამ კონკურსში გაიმარჯვებს, ისეთივე დიდი ტირაჟით გაიყიდოს, როგორც დღეს საქართველოში უცხოური ლიტერატურა იყიდება. ასეთი ტირაჟით წიგნების გაყიდვა კი მწერლისთვის სტაბილურ ფინანსურ შემოსავალს გულისხმობს.

"პალიტრა L"-ი მაქსიმალურად შეეცდება, კონკურსში გამარჯვებულ ავტორებს ყველა პირობა შეუქმნას, რომ მათ წიგნის დასრულება წარმატებით შეძლონ (გათვალისწინებულია ფინანსური ავანსიც).

ბეჭდვისა და გამოცემის შემდეგ გამომცემლობა იზრუნებს წიგნისა და ავტორის პოპულარიზაციაზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კონკურსანტების შეფასებაში ხალხის მონაწილეობა აუცილებლად დაეხმარება მათ, გაიგონ მკითხველის სურვილები, გემოვნება და შესაბამისად, დაწერონ ისეთი რამ, რაც არა მხოლოდ მკითხველთა მცირე წრეს, არამედ ათასობით გულშემატკივარს გაიჩენს.

- საბოლოოდ რამდენი გამარჯვებული ეყოლება კონკურსს?

- კონკურსი დაახლოებით ივნისში დასრულდება და ხუთი გამარჯვებული გვეყოლება, რომელთაგან სამს ხალხი აარჩევს, ხოლო ორი ჟიურის რჩეული იქნება. გამარჯვებულების ნაწარმოებებს პალიტრა L-ი გამოსცემს და მის ბესტსელერად ქცევას მთელ ძალისხმევას მოახმარს. რადგან კონკურსი სახალხოა, ნაწარმოები გამოცემამდეც კი მოიპოვებს პოპულარობას, რადგან მას უამრავი მკითხველი ეყოლება.

გისურვებთ წარმატებას!

I ტური

(დეტალური პირობები)

1. კონკურსის დაწყების თარიღი - 20 მარტი

2. საკონკურსო ნაწარმოებების შემოტანის ბოლო ვადა - 30 აპრილი (ნაწარმოების დასაწყისი უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: konkursi@palitra.ge)

3. ნაწარმოების სიდიდე - რომანის დასაწყისის 20-დან 50 ჭორდ-ის გვერდამდე 12-იანი სყლფაენ-ის ფონტით

4. ლიტერატურული ჟანრი - რომანი

5. თემატიკა - თავისუფალი

6. ხმის მიცემა დაიწყება 2 მაისიდან და გაგრძელდება 20 მაისის ჩათვლით

7. ხმის მიცემაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს

8. ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 1 ადამიანის მიერ 24 საათში ერთხელ ნებისმიერი საკონკურსო ნაწარმოებისთვის, რომელიც მკითხველს დააინტერესებს და მოეწონება

9. 22 მაისი - გამოვლინდებიან I ტურის გამარჯვებულები (მაქსიმუმ 15 კონკურსანტი: 10 ხალხის მიერ შერჩეული, 5 კი - კონკურსის ჟიურის)

10. 23 მაისიდან დაიწყება II ტური, სადაც გამარჯვებულმა კონკურსანტებმა უნდა გამოგზავნონ უკვე გამოგზავნილი ნაწარმოების გაგრძელება 30-დან 60 ჭორდ-ის გვერდამდე. საბოლოოდ 15 კონკურსანტიდან გაიმარჯვებს 5, რომელთაგან 3-ს ხალხი აარჩევს, ხოლო 2 ჟიურის რჩეული იქნება.

P.S. II ტურის დეტალები უკვე კონკურსის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.

რუსუდან შელია