"საქართველოს კულინარიული ატლასი" - კვირის პალიტრა

"საქართველოს კულინარიული ატლასი"

კულტურათა გზაჯვარედინზე თავმოყრილი ყველა გემო, ტრადიცია და უამრავი რეცეპტი ერთ წიგნში

ქართული და საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული და დამკვიდრებული კულინარიული სისტემების შესახებ არაერთი წყარო მოგვეპოვება. არსებობს ეთნოგრაფიული მასალები, რომელთა მიხედვით აღადგენენ მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენის ტრადიციულ რაციონს ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე ქვეყანაში, რომელიც ამავე დროს იყო აბრეშუმის გზა, უამრავმა საინტერესო მასალამ, კვების კულტურის თავისებურებებმა, სარიტუალო, რელიგიურმა, სუფრის ტრადიციებმა და ქცევის ეტიკეტმა, კერძის რეცეპტმა თუ სანელებელმა მოიყარა თავი. სანელებლების მიხედვით ამა თუ იმ კერძის ეროვნულ ხასიათსა და მნიშვნელობაზე მიუთითებდა ივანე ჯავახიშვილიც. ამ მხრივ საგულისხმო ჩანს ყურადღების გამახვილება არა მარტო მათ საგემოვნო თვისებებზე, არამედ ეთნიკურ ნიშნებზე, თავისებურებებზე, საკვებისადმი ეთნოფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე, რაც თავის მხრივ, ესოდენ ღირს საცნობს ხდის ქვეყანაში დამკვიდრებული კვების კულტურის ისტორიას.

ერთი სიტყვით, მასალა უხვი და საინტერესოა, თუმცა ერთ წიგნში მათი თავმოყრა დღემდე ვერ მოხერხდა.

24 აპრილს, საქართველოში პირველად, "საქართველოს კულინარიული ატლასის რვატომეულის პირველი ტომი გამოიცემა. გამოცემის ინიციატორი გამომცემლობა "პალიტრა L" გახლავთ.

წიგნის ავტორებმა ქეთი ადეიშვილმა და ირმა იანტბელიძემ მთელი საქართველო მოიარეს და მოძიებულ და დასურათებულ ინფორმაციას ერთ ნაშრომში მოუყარეს თავი. შეხვდნენ როგორც ცნობილ ისტორიკოსებს, ეთნოგრაფებს, კულინარებს, ასევე სახელგანთქმულ კუბდარის მცხობელს - სვანეთში, ლორის გამომყვანს - რაჭაში, აჭარული ხაჭაპურის უბადლო მცხობელს - აჭარაში, ყველაზე გემრიელი ჩურჩხელის ამომვლებს - კახეთში, ელარჯის მომზადებით მთელ სამეგრელოში სახელგანთქმულ ბებოს, კულინარიული ტრადიციების დამცველ და მოამაგე ადამიანებს იმერეთში, მესხეთ-ჯავახეთში, ქართლში... და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ აითვისეს "საქართველოს კულინარიული ატლასი".

ქეთი ადეიშვილი: - ქართულ სამზარეულოზე ბევრი დაწერილა. ბარბარე ჯორჯაძიდან მოყოლებული, პერიოდულად გამოიცემოდა წიგნები ქართული სამზარეულოს შესახებ, მაგრამ ფართომასშტაბიანი კულინარიული რეცეპტების წიგნი, სადაც, ქართულთან ერთად, საქართველოში მცხოვრები თითქმის ყველა ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფის კულინარიული ტრადიციების შესახებაც იქნებოდა მოთხრობილი, აქამდე არ არსებობდა. ჩვენი პროექტის ამოცანა სწორედ ამგვარი, ინფორმაციულად მდიდარი, ერთგვარად უნიკალური გამოცემის შექმნა იყო.

- რა მასალა იქნება თავმოყრილი "საქართველოს კულინარიული ატლასის" პირველ ტომში?

- საგაზაფხული ტრადიციების შესახებ მოგითხრობთ. ამ პერიოდში არაერთი რელიგიური დღესასწაული იმართება - აღდგომა, ნოვრუზ ბაირამი, კლოჭი, ფესახი. ყველა ტრადიციასა და დღესასწაულს შესაბამისი სტატია მივუძღვენით, რომლებშიც თემა ეთნოგრაფიული, ისტორიული და კულინარიული კუთხით გაიშლება.

ირმა იანტბელიძე: - სანამ წიგნზე მუშაობას დავიწყებდით, ბევრი ადამიანის შეხედულებასა და ინტერესს გავეცანით. გამოცდილებაც დაგვიგროვდა, რადგან მე და ქეთის 2 წიგნი გვაქვს გამოცემული კულინარიის თემაზე. უკვე მერამდენე წელია, ვაკეთებთ კულინარიულ ჟურნალს "გემრიელია". ხშირი ურთიერთობა გვაქვს განსხვავებული გემოვნებისა და ინტერესების მკითხველთან. ასე რომ, ძალიან ბევრი რამ ვიცით მათი მოთხოვნების შესახებ."

საქართველოს კულინარიული ატლასი საშუალებას მისცემს მკითხველს, გაიმრავალფეროვნოს ცხოვრება და ინტერესების არეალი.

ჩვენს წიგნს კიდევ ერთი დეტალი განასხვავებს ყველა სხვა გამოცემისაგან - "საქართველოს კულინარიული ატლასის" თითოეულ ტომში შესაძლებლობა გექნებათ, ნახოთ სპეციალურად მომზადებული ვიდეოები კონკრეტული კუთხიდან, ადგილობრივი მზარეულის მიერ ტრადიციული კერძის მომზადების პროცესი და მოისმინოთ ამ კერძის მომზადებასთან, მირთმევის კულტურასა და რეცეპტის ისტორიასთან დაკავშირებული ძალიან საინტერესო ამბები.

- რატომ უნდა იყოს ყველა ოჯახში "საქართველოს კულინარიული ატლასი"?

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი წიგნი საქართველოს კულინარიული თავისებურებების შესახებ ჯერ არ გამოცემულა. წიგნში ნახავთ ტრადიციული ქართული კერძების მრავალფეროვნებას, მათ ისტორიას, მომზადების პროცესს უხვი ფოტომასალით. ამასთანავე,

ეს არის ერთგვარი ენციკლოპედია, რომელიც მოიცავს უამრავ ინფორმაციას ქვეყნის, მისი კულტურის, ეთნოგრაფიის, ისტორიის, ზნე-ჩვეულებების შესახებ და ასევე, სუფრის გაწყობის წესსა და სუფრის ეტიკეტსაც გვასწავლის.

იგი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც არის ჩვენი ქვეყანა თავისი მრავალეთნიკური მოსახლეობით. მათ ათწლეულებისა და საუკუნეების განმავლობაში საქართველოს კულინარიული კულტურის განუყოფელ ნაწილად დაიმკვიდრეს თავი და გაამდიდრეს იგი. მივიღებთ ძალიან ბევრ და სასარგებლო რჩევას, მაგალითად, ღვინისა და კერძის შეხამების შესახებ. წიგნში იქნება ღვინისა და ყველის რუკები. ამა თუ იმ პროდუქტის სახეობებში კარგად გასარკვევად ჩვენ შევქმენით ცნობარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, რაც, ვფიქრობთ, ძალიან დაეხმარება მკითხველს სხვადასხვა ინგრედიენტის ზუსტად ამოცნობაში.

პ.ს. უნიკალური რვატომეულის - "საქართველოს კულინარიული ატლასის" პირველი ტომის შეძენა 24 აპრილიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იქნება შესაძლებელი.

ეკა სალაღაია