რამდენიმე ექსპერიმენტი ნაღების კარაქის გამოსაცნობად - კვირის პალიტრა

რამდენიმე ექსპერიმენტი ნაღების კარაქის გამოსაცნობად

ნატურალური ნაღების კარაქი ძალიან ღია ყვითელია. თუ კარაქის გარსი უფრო მუქია, ვიდრე გული, ესე იგი, ის არასწორად ინახებოდა და ასეთ პროდუქტს ნუ შეიძენთ

მარგარინი მცენარეული ცხიმებისგან მზადდება და მათი გადამუშავებისას ტარდება ჰიდროგენიზაცია, შედეგად თხევადი ზეთი გარდაიქმნება მყარ მასად და წარმოიქმნება ტრანსცხიმები. სწორედ ტრანსცხიმებია ჯანმრთელობისთვის საშიში. ტრანსცხიმები იწვევს ოქსიტაციური სტრესის წარმოქმნას ორგანიზმში, შედეგად ზიანდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, იწყება ათეროსკლეროზული ცვლილებები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ინსულტი, ინფარქტი, ათეროსკლეროზული პროცესები, ასევე შეიძლება გაზარდოს ონკოლოგიური დაავადებების რისკი.

სამწუხაროდ, მცენარეული ცხიმების ეტიკეტზე არ არის მითითებული, არის თუ არა მასში ტრანსცხიმი... მცენარეული კარაქების დასამზადებლად ხშირად იყენებენ პალმის ზეთს, რომელიც არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის, პირიქით, მასში ბევრი ვიტამინი და მინერალია, თუმცა არსებობს ტექნიკური პალმის ცხიმი, რომელიც იმდენად მავნებელია, რომ შეიძლება მომაკვდინებელი დაავადებებიც კი გამოიწვიოს.

როგორ გავარჩიოთ ნაღების კარაქი მცენარეულისგან

უმარტივესი ექსპერიმენტები დაგეხმარებათ გაარკვიოთ, შემოგაპარეს თუ არა ნაღების კარაქის ნაცვლად მცენარეული კარაქი.

პირველი ექსპერიმენტი: მოათავსეთ კარაქის ნაჭერი საყინულეში 10 წუთით, შემდეგ გამოიღეთ და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. თუ კარაქზე წყლის წვეთები გაჩნდა, მასში მცენარეული ცხიმია. თუ კარაქი ნაღების არის, წვეთები არავითარ შემთხვევაში არ გაჩნდება.

მეორე ექსპერიმენტი: მოათავსეთ კარაქი საყინულეში 2-3 საათით, შემდეგ გამოიღეთ და სცადეთ მისი დაჭრა. თუ იოლად გაიჭრა, მასში მცენარეული ცხიმია დამატებული. ნამდვილი კარაქი კარგად იყინება და მისი გაჭრა ძალიან ძნელია.

მესამე ექსპერიმენტი: ცხელწყლიან ჭიქაში მოათავსეთ კარაქის პატარა ნაჭერი და მოურიეთ - კარაქი ბოლომდე უნდა გაადნოთ. თუ წყალი რძისფერს მიიღებს, ხოლო წყლის ზედაპირზე შედარებით ღია ფერის ცხიმი მოექცევა, კარაქი ნაღებისაა. მცენარეული კარაქი კი ძალიან რთულად ლღვება წყალში, გარდა ამისა, ის არ აფერადებს წყალს და ზედაპირზეც მუქი ფერის ცხიმს იკიდებს.

მეოთხე ექსპერიმენტი: კიდევ ერთი განსხვავება ფოლგაში შეფუთულ ნაღების კარაქსა და მცენარეულ კარაქს შორის. გახსენით ორივე. თუ შეფუთვაზე დიდი რაოდენობით კარაქი დარჩა, ეს იმას ნიშნავს, რომ კარაქი მცენარეულია. დაბალცხიმიანი ნაღების კარაქი არავითარ შემთხვევაში არ მიეკრობა ფოლგას.

რჩევები, რომლებიც კარაქის ყიდვისას გამოგადგებათ

ნამდვილი კარაქი არ უნდა იყოს არც თეთრი და არც მუქი ყვითელი. ნატურალური ნაღების კარაქი ძალიან ღია ყვითელია. თუ კარაქის გარსი უფრო მუქია, ვიდრე გული, ესე იგი, ის არასწორად ინახებოდა და ასეთ პროდუქტს ნუ შეიძენთ. გარდა ამისა, ნაღების კარაქი, რომელსაც არანაირი დანამატი არა აქვს, 35 დღეზე მეტხანს არ ინახება. ამიტომ აუცილებლად წაიკითხეთ შეფუთვაზე ვადა. თუ კარაქს 35 დღეზე მეტი ვადა აქვს, შეიძლება ნატურალურია, მაგრამ კონსერვანტები აქვს დამატებული. შეეცადეთ ბრენდირებული კარაქი იყიდოთ, რადგან ასეთი კარაქის ფალსიფიკაციის შემთხვევა იშვიათია.