საპოდიუმო დისკუსია საქართველო-გერმანიის წელთან დაკავშირებით - კვირის პალიტრა

საპოდიუმო დისკუსია საქართველო-გერმანიის წელთან დაკავშირებით

საქართველო გერმანიის წელი 2017, რომელიც 21 აპრილს თბილისში საზეიმოდ გაიხსნა, იმართება სლოგანით „მომავლის მემკვიდრეობა“. რა არის ის, რაც ასეთ განსაკუთრებულს ხდის გერმანიასა და საქართველოს შორის კავშირებს? და რა „მემკვიდრეობა“ გვაქვს მომავლისთვის?

ამ საკითხებთან დაკავშირებით 23 მაისს 18:30 საათზე გოეთეს ინსტიტუტში (ზანდუკელის ქ.16) საპოდიუმო დისკუსია გაიმართება, რომელსაც მისასალმებელი სიტყვით გახსნის გერმანიის ფედერაციული რესუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი. პოდიუმ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ და გერმანულ-ქართული ურთიერთობების შესახებ მოხსენებით გამოვლენ:

ქალბატონი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ორთვინ ჰენიგი, გერმანიის ყოფილი ელჩი საქართველოში, ბატონი ალექსანდრე კარტოზია, ოდერის ფრანკფურტის ვიადრინას უნივერსიტეტის პროფესორი და ბატონი ოლივერ რაისნერი, თბილისის ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.

დისკუსიას გაუძღვება გერმანელი ჟურნალისტი სილვია შტიობერი, რომელიც საქართველოს საკითხებზე ხშირად მუშაობს.

საპოდიუმო დისკუსიის ფორმატში განიხილება ერთობლივი ისტორიის სხვადასხვა ასპექტები და მომავლის პერსპექტივები, რადგან საქართველო-გერმანიის საიუბილეო წლის აღნიშვნის ერთ-ერთი მიზანია სამომავლო თანამშრომლობის პროექტებისათვის ახალი იმპულსების შეძენა.

საქართველო-გერმანიის წლის გამართვას საფუძვლად უდევს სხვადასხვა საიუბილეო თარიღები: 200 წელი პირველი გერმანელი ემიგრანტების საქართველოში ჩამოსვლიდან, 100 წელი გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებიდან (1918), ასევე გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთერთობების აღდგენიდან 25 წელი.

1817 წელს პირველი გერმანელი ემიგრანტების თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გერმანიასა და საქართველოს შორის მრავალმხრივი და ინტენსიური ურთიერთობები განვითარდა. ემიგრანტებმა საქართველოში დააარსეს დასახლებები კატარინენფელდი (დღევანდელი ბოლნისი) და ალექსანდერდორფი (დღევანდელი ასურეთი) და მისდევდნენ სოფლის მეურნეობას, მათ შორის მეღვნიეობას. მე-19 საუკუნეში მათ სხვა გერმანელებიც მოყვნენ, რომლებიც ხელოვნებისა თუ სამეცნიერო მიზნით კავკასიის რეგიონში ჩამოვიდნენ. ესენი იყვნენ არქიტექტორები, მხატვრები და მეცნიერები, რომლებიც უმეტესად თბილისში მუშაობდნენ.

1918 წლის 26 მაისს გერმანია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. 1989 წელს ედუარდ შევარდნაძემ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში წვლილი შეიტანა გერმანიის გაერთიანების საქმეში. 1992 წლის აპრილში გერმანიამ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთოებები დამოუკიდებელ საქართველოსთან და თბილისში პირველი საელჩო გახსნა.

საქართველოში ბევრი ადამიანი საუბრობს გერმანულად და იცნობს გერმანულ კულტურას. გერმანელები და ქართველები მრავალ სფეროში ძალიან მჭიდროდ, სანდოდ და ურთიერთპატივისცემით თანამშრომლობენ. მომავალ, 2018 წელს, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე.

დისკუსიის შემდეგ მისი მონაწილეები მსმენელების შეკითხვებსა და კომენტარებს უპასუხებენ.