აჭარა ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე - კვირის პალიტრა

აჭარა ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ესპანეთში ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის (Eurogîtes ) გენერალურ ასამბლეას დაესწრო. თინათინ ზოიძემ ასამბლეაზე აჭარის რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა და ევროპელ კოლეგებს რეგიონში არსებული მდგომარეობა გააცნო.

ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაცია 27 ქვეყნის 35 პროფესიულ ორგანოს აერთიანებს, რაც დაახლოებით 500 000 მიკრო საწარმოს და 5-დან 6,5 მილიონამდე საწოლ ადგილს ითვალისწინებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფედერაციაში 2015 წელს გაერთიანდა.

წელს, ასაბლეაზე ევროპის სოფლის ტურიზმის თანამედროვე გამოწვევები და სიახლეები განიხილეს. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, რომელიც რეგიონში სოფლის ტურიზმის პროდუქტების შექმნა-განვითარების კუთხით მუშაობს ევროპულ გამოცდილებას გაიზიარებს.

„ჩვენი სააგენტო მეორე წელია აქტიურად მუშაობს აჭარის არასაზღვაო ზოლში არსებული ტურისტული პოტენციალის განსავითარებლად. დღემდე ჩვენ არაერთი საინტერესო ტურისტული მარშრუტის მარკირება-განვითარება შევძელით მთიან აჭარაში, გადავამზადეთ გიდები და ორგანიზება გავუწიეთ 20-მდე ინფოტურს აღნიშნული მარშრუტების მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილება, რადგან იქ სოფლის ტურიზმი კარგად განვითარებული, პოპულარული და შემოსავლიანი ტურისტული მიმართულებაა. ჩვენ კი ყველაფერს ახლა ვიწყებთ და გვინდა მათი რეკომენდაციებით ვისარგებლოთ,“ აღნიშნა თინათინ ზოიძემ.