"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი: "კომპანიის დამფუძნებლები და მესაკუთრეები სრულად ეთანხმებიან გეგმას, რომელიც წარმოვადგინეთ" - კვირის პალიტრა

"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი: "კომპანიის დამფუძნებლები და მესაკუთრეები სრულად ეთანხმებიან გეგმას, რომელიც წარმოვადგინეთ"

"ჯორჯიან მანგანეზის" დამფუძნებელი კომპანიის Georgian American Alloys წარმომადგენლები და კომპანიის მესაკუთრეები სრულად ეთანხმებიან გეგმას, რომელიც წარმოვადგინეთ. ამის შესახებ "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა ნიკა ჩიქოვანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გეგმის შემუშავება სწორედ კომპანიის მესაკუთრეებთან თანამშრომლობით მოხდა და შესაბამისად, ისინი სრულად ეთანხმებიან, როგორც გეგმას, ასევე მის შესრულებას ვადებში.

"ვაპირებ შევასრულო ის გეგმა, რომელიც უკვე წარვადგინე საჯაროდ. განსაკუთრებით ვიმუშავებთ ე.წ. ცხელ წერტილებზე, ეს არის შლამების ჩაშვება მდინარეში, მდინარის დაბინძურება. საორგანიზაციო საკითხები უკევ შევასრულეთ, გარემოს დაცვითი ღონისძიებები გავატარეთ. თუმცა, ერთ-ერთი მთავარია ქარხნის მშენებლობა, რომლის წარმომადგენლებსაც - გერმანულ კომპანია "ოლ მინერალს" უკვე ვესაუბრე. სავარაუდოდ, შემდეგ კვირას გვექნება შეხვედრა და დაიწყება ქარხნის პროექტირებასა და მშენებლობაზე მოლაპარაკებები", - განაცხადა ნიკა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, საუბარია მადნის გამრეცხავ ქარხანაზე, რომელსაც მაქსიმალურად, 96% გამოაქვს მადნიდან მარგანეცი და მანგანუმი. შესაბამისად, მდინარეში აღარ ჩავა მანგანუმი და მდინარე გასუფთავდება.

ნიკა ჩიქოვანის თქმით, გარემოს სამინისტროს მიერ კომპანიისთვის წაყენებული მოთხოვნები არის ლიცენზიის პირობებით გაწერილი. სამინისტრო 10 წლის განმავლობაში ითხოვდა ლიცენზიის პირობების შესრულებას კომპანიის წინა ხელმძღვანელობისგან და ვინაიდან ეს პირობები არ შესრულდა, საჭირო გახდა სპეციალური მმართველის დანიშვნა.