აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, რეგიონში გერმანელი ჟურნალისტები იმყოფებიან - კვირის პალიტრა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, რეგიონში გერმანელი ჟურნალისტები იმყოფებიან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, რეგიონში გერმანელი ჟურნალისტები იმყოფებიან. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს, ბეჭდური, ონლაინ და რადიო გამოცემების წარმომადგენლები აჭარის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ.

ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს მტირალას ეროვნული პარკი, მთიანი აჭარა და რეგიონის საზღვაო ტურისტული პროდუქტები. ისინი ასევე გაეცნენ აჭარის კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გერმანიიდან პრესტურს პირველად მასპინძლობს. გერმანიაში აჭარის რეკლამირება წელს პირველად დაიწყო, რაც ბერლინში, დორტმუნდსა და მიუნხენში გარე რეკლამას და მთელ გერმანიაში აქტიურ ონლაინ რეკლამას ითვალისწინებს. დეპარტამენტი მიმდინარე წელს გერმანიაში ორ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაშიც მონაწილეობდა, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტები წარადგინა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლის ბოლომდე 16 სამიზნე ქვეყნიდან ჯამში 32 პრეს და ინფოტურის ორგანიზებას გეგმავს. აღნიშნულ ქვეყნებში აქტიური სარეკლამო კამპანიები მეორე თვეა დაწყებულია.

R