რა წავიკითხოთ ზაფხულში? ”ბიბლუსი” გირჩევთ მსოფლიო ბესტსელერებს - კვირის პალიტრა

რა წავიკითხოთ ზაფხულში? ”ბიბლუსი” გირჩევთ მსოფლიო ბესტსელერებს

საინტერესო თავგადასავალი, რომელიც უფრო ჭკვიანსა და საინტერესო ადამიანს გხდით - ეს კითხვაა. ოჯახში ყოველთვის ცდილობენ, ბავშვს კითხვა პატარაობიდანვე შეაყვარონ. ალბათ, იმიტომ, რომ კითხვა არის როგორც კარიერული წარმატების საწინდარი, ისე საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების საფუძველი. ეს არის მრავალმხრივი პროცესი, რომელიც უშუალოდ კითხვის მომენტშიც ანიჭებს ადამიანს სიამოვნებას და ამავდროულად, უამრავი თანმდევი პოზიტიური ეფექტი აქვს. კითხვა გონებას ავარჯიშებს და სიტყვების მარაგს ამრავლფეროვნებს. ადამიანის კონცენტრაციისა და ფოკუსირების უნარზე საკმაოდ დადებითი გავლენა აქვს. კითხვა ხელს უწყობს ფანტაზიის განვითარება, შემოქმედებითობას და ახალი იდეების გაჩენას. შედეგად კი ადამიანი უფრო თავდაჯერებული ხდება.

ახლა ზაფხულია - კითხვისთვის ყველაზე კარგი სეზონი და შეგიძლიათ ამ ზაფხულს სწრაფად აინაზღაუროთ ის, რაც გასულ პერიოდში დაკარგეთ. ზაფხულში, როცა დღე უფრო გრძელია და ადამიანი უამრავი რამის გაკეთებას ასწრებს, დღის საუკეთესო დასასრული ხშირ შემთხვევაში სწორედ წიგნია.

ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ, შეიძლება ახალი დილემის წინაშე დადექით: კი, მაგრამ რა წავიკითხო? როგორ შევარჩიო ჩემთვის სასურველი წიგნი ამხელა არჩევანში? ამ პრობლემის გადაწყვეტაში დახმარება წიგნის მაღაზიათა ქსელმა ”ბიბლუსმა” გადაწყვიტა და გთავაზობთ 10 მსოფლიო ბესტსელერს, რომელიც დიდი ალბათობით ამ ზაფხულს თქვენს ყურადღებას დაიმსახურებს. მაშ ასე, წარმოდგიდგენთ ”ბიბლუსის” ბესტსელერ მხატვრულ ლიტერატურას:

1. ”სიყვარულის ორმოცი წესი”, ელიფ შაფაქი

ყველაზე პოპულარული თურქი ქალი მწერლის ელიფ შაფაქის მსოფლიო ბესტსელერის მთავარი გმირია თანამედროვე ქალი, რომლის ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი სამყარო: სიყვარული და აღმოსავლეთი. ნაწარმოები ერთმანეთის პარალელურად განვითარებული ორი ისტორიისგან შედგება. თანამედროვე ისტორია მოგვითხრობს ებრაელი დიასახლისის ელას შესახებ, რომელსაც მისცემენ წიგნს სახელწოდებით: „ტკბილი მკრეხელობა“. სწორედ ეს წიგნია ნაწარმოების მეორე ამბავი მისტიურ დერვიშ პოეტზე, რომელიც საკუთარი ცოდნის გადასაცემად ეძებს კომპანიონს. მას ჩამოყალიბებული აქვს სიყვარულის 40 წესი, რომლის წაკითხვაც ელას შოკირებუსლ ტოვებს…

2. “ნასესხები სიცოცხლე”, ერიხ მარია რემარკი

კლასიკოსი მწერლის ამ რომანის მთავარი პერსონაჟი ლილიანი ტუბერკულოზით დაავადებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც სამკურნალო დაწესებულებაში დარჩენილი ცხოვრების გატარება არ სურს. იგი ავტომრბოლელ კლერფერს შეხვდება და ისინი ევროპაში სამოგზაუროდ მიდიან. „ნასესხები სიცოცხლე” რემარკის შეუდარებელი ოსტატობით კიდევ ერთი დიდი და მომნუსხველი გრძნობებით სავსე ტრაგიკული სიყვარულის ამბავია.

3. “წიგნის ქურდი”, მარკუს ზუზაკი

თინეიჯერების საყვარელი მწერლის მარკუს ზუზაკის ყველაზე პოპულარული წიგნი 1939 წლის, ნაცისტური გერმანიის შესახებ მოგვითხრობს.. ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, მისი მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე. წიგნში ჰიმელ-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა გადმოცემული.

4. ”ტრიუმფალური თაღი”, ერიხ მარია რემარკი

როგორც ჩანს რემარკის ნაწარმოებები პოპულარობას არ კარგავს არც მსოფლიო მასშტაბით და არც საქართველოში, რის გამოც ის ბესტსელერების სიაშია. ფაშისტური გერმანიიდან განდევნილი ნიჭიერი ექიმი რავიკი პარიზში ცხოვრობს და ემიგრანტის საშინელ ხვედრს იზიარებს, დაეძებს ჰიტლერის ჯალათს, რომელმაც არაერთი ადამიანი აწამა და ერთპიროვნულად უსწორდება მას. რომანი 1956 წელს დაიწერა და მან რემარკს მსოფლიო აღიარება მოუტანა.

5. პოლა ჰოკინსის „გოგონა მატარებელში“

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო თრილერი, რომელიც ყველაზე სწრაფად გაიყიდა მსოფლიოში! ყოველდღე ერთი და იგივე, რეიჩელი ყოველდღე ერთი და იმავე მატარებლით მგზავრობს. მან იცის, რომ ის ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე შუქნიშანზე გაჩერდება, საიდანაც სახლების მწკრივის უკანა ეზოები ჩანს. ერთ დღესაც რაღაც უცნაური ხდება, რაც რეიჩელს შოკში ჩააგდებს და მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. მან უკვე იცის, რომ ის ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ გოგონა მატარებელში.

6. ”ნუ მოკლავ ჯაფარას”, ჰარპერ ლი

ეს წიგნი თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული 6 წლის გოგონას თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.

7. ”კლდის პირზე ჭვავის ყანაში”, ჯერომ სელინჯერი

რომანი მოგვითხრობს 16 წლის ჰოლდენ კოლფილდზე, რომელიც სასწავლებლიდან გარიცხეს და სახლში ბრუნდება. რომანი პირველ პირშია მოთხრობილი და ჰოლდენის მსოფლმხედველობა ნათლადაა წარმოჩენილი. ეს არის ადამიანი, რომელიც გარშემო მხოლოდ სიყალბეს ხედავს. არავინ მოსწონს და უყვარს თავისი პატარა დის გარდა. ადამიანები, რომლის მიმართაც ჰოლდენს მცირედი ნდობა უჩნდება, აუცილებლად უცრუებენ მას იმედს.

8. ”სამი მეგობარი”, ერიხ მარია რემარკი

ეს ნაწარმოები სწორედ მაშინ დაიწერა (1938), როდესაც მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ დიდი კრიზისიდან გამოსვლას ცდილობდა. ნაწარმოების გმირის ლოკამპის, ცხოვრება ძალიან ჰგავს თავად რემარკისას, ხოლო სიუჟეტი საოცრად ეხმაურება არა მარტო ჩვენს დღევანდელობას, არამედ პასუხობს მრავალ მარადიულ კითხვას: რა არის ნამდვილი მეგობრობა? სიყვარული? ცხოვრების ალღოს უნარი?

9.”სამოსელი პირველი", გურამ დოჩანაშვილი

სამოსელი პირველი" არის თავგადასავლის მაძიებელი დომენიკოს ამბავი, რომელზეც ძლიერ იმოქმედა იდუმალებით მოცული კაცის - ლტოლვილის ნაამბობმა. დომენიკო ტოვებს მშობლიურ სახლ-კარს, მამას და მიდის "ლამაზ ქალაქში". თანდათან უამრავ ადამიანთან ურთიერთობისას, იგი მიხვდება, თუ რა არის მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, გულწრფელობა, პატიოსნება. ეს არის წიგნი სიკეთისა და ბოროტების შეცნობაზე.

10. ”ყვავილები ელჯერნონისთვის”, დენიელ კიზი

სპეციალური საჭიროების მქონე მამაკაცს ჩარლის ტვინზე ოპერაციას უკეთებენ. შემდეგ მისი IQ 180-ს უტოლდება და იგი გენიოსი ხდება. ჩარლის დღიურების სახით დაწერილ ნაწარმოებში მკითხველი თვალყურს ადევნებს მთავარი გმირის ტრანსფორმაციას და მის ეტაპობრივ სვლას გონებრივი განვითარების უმაღლესი საფეხურისკენ, აკვირდება მის გრძნობებს, დამოკიდებულებას სამყაროსთან.