ხელის ბარაქიან "ქართულ" გაქნევას მაინც ვერაფერი შეედრება, ანუ რას "გვიყვებიან" ადამიანები ჟესტების "ენაზე" - კვირის პალიტრა

ხელის ბარაქიან "ქართულ" გაქნევას მაინც ვერაფერი შეედრება, ანუ რას "გვიყვებიან" ადამიანები ჟესტების "ენაზე"

ადამიანები საკუთარ განწყობასა და ემოციებს, ძირითადად, სიტყვებით გამოვხატავთ, თუმცა, ხშირად "ჟესტების  ენაზე" უფრო გულწრფელად "ვსაუბრობთ" და სურვილის შემთხვევაშიც კი გვიჭირს გულისნადების დაფარვა. ათასგვარი ჟესტი არსებობს, სხვადასხვაგვარია მათი წარმოშობის ისტორიაც. ხშირად ისეც ხდება, რომ სხვადასხვა ხალხს ისინი სხვადასხვაგვარად ესმის.

დღეს ადამიანები ერთმანეთს, კეთილგანწყობის გამოსახატავად უღიმიან, თუმცა, ჩვენი პირველყოფილი წინაპარი აგრესიისა და მუქარის ნიშნად აჩენდა კბილებს (მხეცები ამ ჟესტით დღემდე აგრესიას გამოხატავენ, ასე რომ, მათთან ურთიერთობისას არ გაიღიმოთ, შეიძლება "სხვანაირად" გაგიგონ და ეს ძვირად დაგიჯდეთ). ამ "ტრადიციის" გამოძახილია ბოროტი ღიმილიც, რომელიც თანამედროვე ადამიანს არცთუ იშვიათად უსერავს სახეს.

ხელის ჩამორთმევის ტრადიციაც უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. პირველყოფილი ადამიანები შეხვედრისას ერთმანეთს მარჯვენას უმოწმებდნენ, რწმუნდებოდნენ, რომ "თანამოძმეს" ხელში იარაღი არ ეჭირა. ცარიელი ხელის მაღლა შემართვაც მშვიდობიანი ზრახვების დემონსტრირებას ემსახურებოდა.  ხელის ჩამორთმევის რიტუალს არც თანამედროვე სამყაროში დაუკარგავს თავისი შინაარსი და ათასგვარი სიმბოლური მნიშვნელობით დაიტვირთა. მაგალითად, თუ ხელის ჩამორთმევისას თქვენი ხელის მტევანს ზემოდან მოაქცევთ, ამით თქვენს უპირატესობას უსვამთ ხაზს, თუ პირიქით მოხდა - მორჩილებას გამოხატავთ. ხელის ჩამორთმევისას ნაცნობის მტევნის გულთან მიტანა, თქვენს ძლიერ კეთილგანწყობაზე მიუთითებს და პირიქით, თუ მისალმებისას ბოლომდე გაშლილი სახსრით გაიწვდით ხელს, ნიშნავს, რომ ამ ადამიანისგან დისტანცირება გსურთ.

ცნობილია, რომ ამერიკელები და ევროპელები, მისალმებისას ძლიერად უჭერენ ერთმანეთს ხელს, რითაც კეთილგანწყობას გამოხატავენ (ამერიკელებმა ხელის ჩამორთმევის ერთგვარი "რეკორდებიც" კი დაამყარეს. პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა 1907 წლის 1 იანვარს თეთრ სახლში მიღებაზე 8513 სტუმარს ჩამოართვა ხელი, ხოლო 1977 წელს ნიუ-იორკის მერი ჯეფრი ლეზარონი 11 ათას "ხელამდე" ავიდა). მსგავსი რამ აზიის ქვეყნებში რომ გააკეთო, უზრდელად ჩაგთვლიან. კიდევ უფრო გაუზრდელად ჩაგთვლიან, თუ ენას გამოუყოფ, სულერთია, ევროპაში თუ აზიაში. ვის არ უნახავს ალბერტ აინშტაინის ფოტო (თუმცა, არა "სრული ფორმატით"), რომელზეც გენიალურ ფიზიკოსს ცუღლუტი ბავშვივით აქვს ენა გამოყოფილი. ეს სურათი პრინსტონში მეცნიერის 72 წლის აღსანიშნავ იუბილეზეა გადაღებული, სადაც ფოტორეპორტიორებმა აინშტაინს გვარიანად მოაბეზრეს თავი. ერთი მათგანი  მას მანქანაში ჩაჯდომის შემდეგაც არ მოეშვა, ფოტოაპარატი მიუშვირა და გაღიმება სთხოვა, მეცნიერიც, რომელიც მოხუცებულობაშიც არ კარგავდა იუმორის გრძნობას, დაეჯღანა მას. შემდეგ კი ფოტო ისე მოეწონა, რომ ყველა თავის ნაცნობს გაუგზავნა წარწერით: "მოგეწონებათ ეს ჟესტი. იგი მთელი კაცობრიობისთვისაა განკუთვნილი". ერთადერთი ადგილი, სადაც აინშტაინის ჟესტში ვერაფერს დაინახავდნენ შეურაცხმყოფელს, ტიბეტია. იქ ადამიანისათვის ენის გამოყოფა ნიშნავს, რომ ავი ზრახვა არ გიდევს გულში.

კონსერვატიული ზნე-ჩვეულებებით  ცნობილ ინგლისში ხელის ჩამორთმევა მაინცდამაინც არ არის მიღებული. ინგლისელები ადამიანს გაცნობისას ართმევენ ხელს, ასევე მაშინ, როდესაც ხანგრძლივი დროით ემშვიდობებიან. მაგალითად, კემბრიჯში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, სტუდენტები წელიწადში ორჯერ ართმევენ ერთმანეთს ხელს - სწავლის დაწყებისას და დასრულებისას.

არის ჟესტები, რომლებიც ჩვენი ბავშვობიდან იღებენ სათავეს. მაგალითად, დააკვირდით ბავშვებს, რომელთაც დედის მიერ კოვზით მიწოდებული ფაფის მირთმევა არ სურთ, როგორ იქცევიან - არასასურველი ულუფისაგან თავის (პირის) არიდების მიზნით თავს ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს აბრუნებენ. თითქმის მთელი კაცობრიობა ზრდასრულ ასაკშიც ასე გამოხატავს "არას". გამონაკლისი არიან ბულგარელები, რომლებიც "არას" თავის ვერტიკალური ქნევით გამოხატავენ. ყველაფერში განსხვავებული იაპონელები ამ შემთხვევაში ჩვენსავით იქცევიან, მათთან ურთიერთობისას სხვა "პრობლემას" ვაწყდებით: იაპონელი თავის ზემოდან ქვემოთ ქნევით, მიგანიშნებს, რომ ყურადღებით გისმენთ, რაც ევროპელებთან საქმიანი შეხვედრებისას ხშირად გაუგებრობას იწვევს: მთელი მოლაპარაკების პროცესში "გეთანხმება", ბოლოს კი უარის ნიშნად თავს აქეთ-იქით აქნევს.

ჩვენი სიყრმიდან იღებს სათავეს ერთი გავრცელებული ჟესტიც: შეფიქრიანებული ან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ზრდასრული მამაკაცი ხშირად საჩვენებელ თითს ცხვირის წვერს უქლასუნებს (ხომ არავინ გაგახსენდათ?). ეს ჟესტი სხვა არაფერია, თუ არა ბავშვობის ასაკში ტყუილზე წასწრებული ბავშვის მიერ პირზე ხელისგულის აფარება, მხოლოდ უფრო თავშეკავებული. რაც შეეხება ქალებს, მათი უშუალო ბუნებიდან გამომდინარე, ისინი ამ ჟესტს "პირველყოფილი" ფორმით წარმოადგენენ შესაბამის სიტუაციაში.

უაღრესად მრავალფეროვანი შინაარსი აქვს ისეთ გავრცელებულ ჟესტს, როგორიცაა საჩვენებელი და ცერა თითის წრის ფორმით შეერთება. ამერიკელებისთვის ეს "ყველაფერი რიგზეას" აღმნიშვნელი სიტყვის OK-ის ჟესტების ენით გამოხატვის ფორმაა, მაშინ, როდესაც ფრანგისთვის ნიშნავს საქმეში სრულ ფიასკოს, ნულს. იაპონელები ასე ფულის ქონაზე მიანიშნებენ, ხოლო ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში, ამ ჟესტით მამაკაცის ჰომოსექსუალისტობას აღნიშნავენ (მსგავს სცენას მე-19 საუკუნის თბილისშიც ნახავდით). დღეს ჩვენში ეს ჟესტი ნიშნის მოგების, რაიმეს მიუღებლობის გამოხატვის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია, ფრაზასთან ერთად: "როგორ არა, აჰა, ჩააფურთხე!"

თითქმის მთელ მსოფლიოში საჩვენებელი თითის საფეთქელთან დატრიალება ნიშნავს "გამოტვინებულს", მაგრამ, არა ჰოლანდიაში. იქ ამ ჟესტით აღნიშნავენ, რომ "კლიენტს" ტვინი უმუშავებს. იაპონიაში, თუ გსურს "მე" ჟესტების ენით გამოთქვა, ხელი არა მკერდთან, არამედ ცხვირის წვერთან უნდა მიიტანო. ამას თავისი მიზეზი აქვს - იაპონურ კულტურაში ცხვირი არაფრით არ არის გულზე "ნაკლები".

ადრე მამაკაცები ერთმანეთთან, ასევე ქალებთან შეხვედრისას პატივისცემის გამოხატვის ნიშნად ქუდს იხდიდნენ. ეს ჟესტიც საკმაოდ "ძველია", და იმ დროიდან იღებს სათავეს, როდესაც მამაკაცები სხვადასხვა სახის საჭურველს ატარებდნენ. ახლობლებთან შეხვედრისას ისინი იხდიდნენ რკინის ჩაფხუტებს, ანდა მთლიანად საჭურველს, რითაც მათდამი ნდობას გამოხატავდნენ. მძიმე საჭურვლის ტარების "მოდა" გადავიდა, ხოლო პატივისცემის ნიშნად თავის მოშიშვლების ტრადიცია დარჩა. იმავე "წარმოშობისაა" შეხვედრების დროს კეთილგანწყობის ნიშნად პიჯაკის ღილების გახსნა, ანდა მათი გახდა.

შუა საუკუნეების რაინდებისგან იღებს სათავეს სამხედრო მისალმებაც, როდესაც ხელის მტევანი საფეთქელთან მიაქვთ. რაინდები შეხვედრისას სახეზე ჩამოწეულ ცხაურს სწევდნენ მაღლა და სახეს აჩენდნენ. არსებობს ასეთი ვერსიაც: სახელგანთქმულმა მეკობრემ ფრენსის დრეიკმა დედოფალ ელისაბედთან შეხვედრისას შუბლთან ხელი მიიტანა, აქაოდა, თქვენი ბრწყინვალება თვალს მჭრისო. საჩვენებელი და შუა თითის საშუალებით ლათინური ასო V-ს ჩვენებას თავის დროზე უინსტონ ჩერჩილმა გაუწია პოპულარიზება. ინგლისის პრემიერ-მინისტრი ასე "ჩვენ გავიმარჯვებთ"-ზე მიანიშნებდა საზოგადოებას. ამ ჟესტმა დღესაც შეინარჩუნა ასეთი შინაარსი, თუმცა, "სოლიდარობის" გაგებაც შეიძინა. ერთი ვერსიით მისი წარმოშობა სიტყვა Victoria-ს (გამარჯვებას) უკავშირდება, მეორე ვერსიით კი 1415 წელს გამართულ აზენკურის ბრძოლას. ბრძოლის წინ ფრანგები დაემუქრნენ ინგლისელ მშვილდოსნებს, რომ საჩვენებელ და შუათითს მოაჭრიდნენ, რათა მშვილდის საბელი ვეღარ მოეზიდათ, მაგრამ დანაქადები ვერ აუსრულეს. ფრანგები ბრძოლაში დამარცხდნენ, ინგლისელებმა კი მათ ნიშნის მოგებით ცნობილი ჟესტი უჩვენეს.

ცერა თითის მაღლა აშვერა თითქმის მთელ მსოფლიოში რაიმეს მოწონების ნიშნად ხდება. ეს ჟესტი ძველი რომიდან იღებს სათავეს, სადაც ცერის მაღლა აშვერით პუბლიკა გლადიატორის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავდა. ამ ჟესტით ამერიკასა და ევროპაში დღეს გზაზე მანქანასაც აჩერებენ, საბერძნეთის გარდა. იქ ასე მაშინ "მოგმართავენ", როდესაც ყბედობით თავს მოაბეზრებ, ანუ ბერძნულად ნიშნავს "მოკეტე", ხოლო თუ აშვერილ ცერიან ხელს ქვემოდან ზემოთ იქნევენ, იცოდეთ, გაგინებენ, იმავე "პროცედურას" ამერიკელები შუათითის საშუალებით "ატარებენ". ალბათ, დაგვეთანხმებით, ამ შემთხვევაში ქართველების ხუთივე გაშლილი თითით მარჯვენის ანდა მარცხენის (თუ ცაციაა) ბარაქიან გაქნევას, მაინც ვერაფერი შეედრება.

დავით შალიკაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)