მიხეილ-გელა სალუაშვილი: "რუსთავი2-მა" გამოსვლა დამიმონტაჟა, მაგრამ მიმიტევებია ყველაფერი" - კვირის პალიტრა

მიხეილ-გელა სალუაშვილი: "რუსთავი2-მა" გამოსვლა დამიმონტაჟა, მაგრამ მიმიტევებია ყველაფერი"

ტელეკომპანია რუსთავი2-ს პროექტში "ნიჭიერი", საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ხალხისა და გოთემის რჩეული, მიხეილ-გელა სალუაშვილი გამოვიდა, თუმცა წარუმატებლად. მის გამოსვლას საზოგადოებაში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამიტომ გადავწყვიტეთ, მასთან ინტერვიუ ჩაგვეწერა, რათა გაგვეგო, თუ რატომ გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება, როგორ შეეგუა დამარცხებას და ხომ არ აპირებს, შური იძიოს.

მიხეილ-გელა სალუაშვილი:

- ეს იყო მათი წინადადება. ისინი დამიკავშირდნენ აგვისტოს ბოლოს და შემომთავაზეს, თუ თანახმა ვიქნებოდი, ჩავრთულიყავი ამ პროექტში. მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავერთვებოდით ამ პროექტში, თუ შესაძლებლობა გვექნებოდა, არა ჩემი ნიჭის, არამედ საქართველოს როლის წარმოჩენისა, რომელიც გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას ყველა სხვა ქვეყნებისაგან. ისინი ამაზე დაგვთანხმდნენ და ამიტომაც გადავწყვიტეთ, მიგვეღო ამ პროექტში მონაწილეობა. მათი დამოკიდებულება ამ თემისადმი იყო სრულიად განსხვავებული, ცინიკური და გამიზნული, მაგრამ ის, რომ ჩემი ფუნქცია და მიზანი იყო საქართველოს როლზე მექადაგა, როგორც გამორჩეული როლის მატარებელ ქვეყანაზე, ეს როგორც ჩანს მათ ვერ გაიაზრეს. არის კიდევ ერთი მომენტი – ჩანაწერი, რომელიც თქვენ და საზოგადოებამ ნახა, იყო უმსგავსოდ დამონტაჟებული. ჩემი მონოლოგიდან ფრაგმენტების კოლაჟი იყო და სრულიად გაუგებარს ხდიდა ჩემს გამოსვლას. მაგ: ვამბობდი, რომ საქართველოს ეს მისია მდგომარეობს, არც მეტი არ ნაკლები, ბოლო ჟამის დამადასტურებელი ნიშნების გაცხადებაში და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პრეზიდენტობის კამპანიაში ჩართვა. ეს ორი ფრაზა არავითარ კავშირში არაა ერთმანეთთან. როდესაც ჟიურის წევრმა მკითხა, თუ როგორ შევაგროვე 50 000 ხელმოწერა, მე ამაზე გავეცი პასუხი, მაგრამ ეს მომენტიც დაამონტაჟეს და გამოჩნდა, რომ ამ კითხვის პასუხად მე რიგითი ნომრის არსს ვუხსნიდი, რომ არაფერი შემთხვევით არ ხდება და ეს რიგითი ნომერიც ერთგვარი ნიშანია. ეს ყველაფერი იყო შავი პიარისთვის გათვლილი.

-ხომ არ აპირებთ რუსთავი2-ს ბოდიში მოახდევინოთ?

-მე გუშინვე ვესაუბრე გადაცემის პროდიუსერს და ვუთხარი, ბატონო გიორგი, რატომ გააკეთეთ ასეთი მონტაჟი, თქვენ ხომ მშვენივრად იცით, რომ ასეთი სიტყვა-პასუხი იქ არ ყოფილა-მეთქი. მან მიპასუხა, რომ დამონტაჟების შემდეგ ბევრს აქვს ასეთი პრეტენზიებიო. მე ვუთხარი, რომ წყენას გულში არ ჩავიდებ, მინდობილი ვარ ღმერთს, ამიტომ თქვენ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, თქვენსავე სულს დაიზიანებთ და ამით ჩემ სულს არავითარი ზიანი არ მიადგება. მე აუცილებლად დავასრულებ იმ მისიას, რომელიც ვიდე თავს-მეთქი. მე ჩემი მხრიდან მიმიტევებია ყველაფერი მათთვის. ჩემი მიზანი ადამიანებისათვის სიმართლის დამტკიცება არაა, მთავარია, მე ვიცი, სინამდვილეში როგორ იყო და ამის ცოდნა ჩემთვის საკმარისია, რამეთუ ეს არის ჭეშმარიტება.

- როგორ ფიქრობთ, ეს თქვენს დღითი-დღე მზარდ რეიტინგზე ხომ არ მოახდენს გავლენას?

- როდესაც ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა მკითხა: - თქვენ გინდათ მეორე ტურში გადასვლაო, მე ვუპასუხე, რომ იქ მივედი მხოლოდ იმიტომ, რათა მეთქვა საქართველოს უდიდეს სულიერ მისიაზე და ამას მეორე ტური რაში ჭირდება?! იქაც ხომ იგივეს ვიტყვი-მეთქი. გასაგებიაო, მითხრეს და ამ დროს გადაცემაში წარმოაჩინეს, რომ ვიღაცამ მე უარი მითხრა და გული დამწყდა, მეორე ტურში ვერ გადასვლით. რაც შეეხება რეიტინგს. ჩემი საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვა ხომ რეიტინგისთვის არაა. ჩვენ ვამბობთ, დადგა დრო, რასაც უფლის გაცხადების წინარე დრო ქვია, ჩვენ იმიტომ ვმონაწილეობთ, რომ საზოგადოებას ეს გავაგებინოთ, რეიტინგი მოგვემატება თუ დაგვაკლდება, განა მეორედ მოსვლას ავირიდებთ ამით?!

პ.ს. ფოტოკოლაჟები აღებულია ბატონი მიხეილ-გელა სალუაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდიდან.

იხ.ვიდეო

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)