"მაგენი კახპები, მაგენი..." – ექსკლუზიური ინტერვიუ მგოსან ამირან ხაბაზთან - კვირის პალიტრა

"მაგენი კახპები, მაგენი..." – ექსკლუზიური ინტერვიუ მგოსან ამირან ხაბაზთან

რამდენიმე წლის წინ ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, სადაც აჭარელი პოეტი, ამირან ხაბაზი ყოფილ ხელისუფლებას ლანძღავს. ბატონი ამირანი  შეშფოთებას იმდენად კოლორიტულად გამოხატავდა ("მაგენი კახპები, მაგენი... ბრბო შემოტეხვას ლამობდა კარის"), რომ ვიდეო მთელმა ქართულმა ინტერნეტსივრცემ ნახა და  დღემდე ძალიან პოპულარულია. შესაბამისად, ბატონ ამირანთან ინტერვიუ სწორედ ხელისუფლებაზე საუბრით დავიწყეთ:

ამირან ხაბაზი:

- კარგია, თუ ყოფილი ხელისუფლება მიხვდა, რომ მე არ ვყოფილვარ საქართველოს დამანგრეველი. იმედია, გაიგეს, რომ ჩემი მთავარი ხატი საქართველოა. ახლა მინდა, კარგი პრეზიდენტი მოვიდეს და მეც დავეხმარები, რაღაცას გავაკეთებ, რადგან მინდა, ქვეყანა უკეთესი გახდეს.

- ბატონო ამირან, ცნობილ ვიდეოკადრებში ახსენებდით კახპებს. ვის გულისხმობდით?

-მწერალთა კავშირს მაშინ ხალხი შემოესია მონღოლთა ურდოსავით (კავშირი გარედან იყო ჩაკეტილი და მე შიგნით გამოკეტილი). რევოლუციის ზოგიერთი ტექნოლოგია მომწონდა, მაგრამ არ მომწონდა "კმარა", არ უნდა ყოფილიყო მათთან... ადრეც ვთქვი, რომ "კმარამ" ჩრდილი მიაყენა რევოლუციას. სწორედ ეგენი შემოგვესივნენ მაშინ.

- ის "კახპები" კიდევ არიან მწერალთა კავშირში?

-ცხოვრება ისეთია, რომ იქ კახპაც იქნება და პატიოსანიც. მწერალთა კავშირში არ უნდა შემოირბინოს ყველამ. იქ არაპროფესიონალის შემოსვლა ჰგავს იმას, მე რომ კარდიოლოგიურ ოპერაციაზე შევიდე. ყველა ქართველს აქვს ლექსის წერაზე პრეტენზია, მაგრამ ყველას ადგილი როდია მწერალთა კავშირში?!

- "ცუდა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი" - ამ პრინციპით ხომ არ ხდებოდა თქვენი დევნა?

- აი თქვენ უკვე უპასუხეთ თქვენსავე  კითხვას. მე ვუყვარდი ზოგიერთ ხელისუფალს, ხალხს ვუყვარდი თბილისში, ბათუმში, სიღნაღში... მაგრამ მართალია – "ცუდსა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი". ამიტომაც მდევნიდნენ მე, ამირან ხაბაზს!

-თქვენ ხართ ცნობილი პოეტი, უამრავი პრემიის ლაურეატ. წინა ხელისუფლება ამ ღვაწლს არ გიფასებდათ?

-მტრები მყავდა ყველგან. ბევრი პოეტი მჯობდა, ბევრს ვჯობდი და ისინი, ვინც ვერ მჯობდა, ჩემზე ათას სიბინძურეს ავრცელებდნენ. ამიტომ მოხდა ყველაფერი ცუდი...

-იმ ცნობილმა ვიდეოკადრებმა რა გავლენა მოახდინა თქვენზე?

ვიჯექი ჩემთვის კაბინეტში... უცებ ფანჯრები ჩატყდა, მოცვივდნენ კართანაც და ასე განვითარდა ეს ყველაფერი. მერე დედაჩემი მოიყვანეს. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა დედა. ამის მერე დავრწმუნდი, რომ მტრები მყოლია. ეს მათი შეთითხნილი და გაკეთებული იყო...

- ანუ ის ხალხი, ვინც ეს ვიდეო გაავრცელა?

- ვიდეოს გავრცელება არ ვიცი. მაშინ ბევრი მივრცელებდა ჭორებს. იცით, რას გეტყვით? ამირან ხაბაზი ასე იოლად არ დაბადებულა და შექმნილა, ჩემი შემოქმედება, ჩემი ნიჭი ყველამ იცის და ვინც რა უნდა, ის თქვას.

- ბატონო ამირან, არჩევნები კარსაა მომდგარი და ამ თემას გვერდს ვერ ავუვლით. თქვენ არ გიფიქრიათ პრეზიდენტობაზე?

- მე ვარ მგოსანი და არ ვარ პოლიტიკაში ისე გარკვეული, რომ გავკადნიერდე და პრეზიდენტობა მოვინდომო.

- როგორ ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს?

- ძნელია განჭვრიტო, ვის აქვს გამარჯვების შანსი. არიან როგორ ძველი, ისე ახალი თაობის ხალხი, ვინც იბრძოლებს გამარჯვებისათვის. შესაძლოა, პირველ ტურში გადაწყდეს ყველაფერი. თუ მეორე ტური გახდა საჭირო, კვლავ მოგცემთ ინტერვიუს და მერე ვისაუბროთ...

-თქვენი პოეზიის თაყვანისმცემლებს როდის ექნებათ საშუალება, თქვენი ახალი კრებული იხილონ?

- წელს 60 წელი მისრულდება და ვემზადები იუბილესთვის. ჩემი კრებული რესპუბლიკურ ბიბლიოთეკაშია გამოფენილი. ახალი კრებული გამოვეცი "ვაჟა-ავაზა", ამაში მხატვარმაც ხელი შემიწყო.

- როდის გისრულდებათ 60 წელი?

- რიცხვი არ ვიცი, მაგრამ მალე.

- ალბათ საიუბილეო საღამოს რიცხვი არ იცით.

-კი საღამოს რიცხვი არ ვიცი, თორემ მე ერთი თვეა, ვარ 60 წლის. მომიკითხეთ ყველა, ვინც მიცნობს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)