2014 წლის ასტროლოგიური პროგნოზი - კვირის პალიტრა

2014 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2014 წელი ცხენის წელია. ის 2014 წლის 31 იანვარს (თბილისის დროით 01:38 საათზე) დაიწყება და 2015 წლის 18 თებერვლამდე გაგრძელდება.

ცხენის წელს მოსალოდნელია აქტიურობა, ენერგიულობა და მოვლენების დინამიკური განვითარება. წარმატების მისაღწევად აუცილებელია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და დასახული მიზნისთვის შეუპოვარი ბრძოლა. პასიურობა და "ბედნიერი შემთხვევის" ლოდინი სასურველ შედეგს ვერ მოიტანთ.

როგორ შევხვდეთ ცხენის წელს?

2014 წელი ლურჯი ცხენის წელიწადია (ფერი: ლურჯი ან მწვანე). ამიტომ, სასურველია, იმ ოთახში, სადაც საახალწლო სუფრა გაიშლება, ხის ნაკეთობები და მწვანე (ასევე ლურჯი) ფერი ჭარბობდეს. საახალწლო სუფრაზე მიიტანეთ რაიმე ხის ჭურჭელი ან ხის ნივთი.

ცხენს, გველისგან განსხვავებით, "უყვარს" მხიარულება და მრავალფეროვნება, ამიტომ ოთახი მორთეთ ფერადი ქაღალდებით, ნაჭრებით, გირლანდებითა და "წვიმებით".

რადგან 2014 წლის სტიქია ხეა, ბუნებრივ ნაძვის ხეს ნუ დადგამთ - აირჩიეთ ხელოვნური ნაძვი და ჩიჩილაკი. ნაძვის ხის ძირში  დააწყვეთ ხილი, ჩირი და მწვანედ და ლურჯად შეფუთული კანფეტები.

ხის სტიქიისთვის პოზიტიურია წყლის სტიქია, ამიტომ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად დადეთ როგორც მინერალური, ისე უბრალო წყალი.

საახალწლო სუფრაზე შეგიძლიათ მიიტანოთ ხორცეული, კვერცხი, თევზეული, ტკბილეული, ყველაზე მეტი კი - ხილი და ბოსტნეული. ჩინელი ასტროლოგების მტკიცებით, ცხენს მოსწონს თევზი, ამიტომ სასურველია, საახალწლო სუფრაზე თევზის კერძებიც იყოს.

საახალწლოდ ტანსაცმელი მწვანე და ლურჯი ფერის შეარჩიეთ, ასევე შეგიძლიათ ჩაიცვათ ცისფერი, იისფერი, თეთრი, ყვითელი და კრემისფერი. კარგი იქნება, თუ გაიკეთებთ სამკაულებს მწვანე ან ლურჯი ქვებით - ზურმუხტით, საფირონით, ფირუზით.

ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

2014 წელს კრიტიკული თვალით შეხედეთ თქვენს განვლილ ცხოვრებას. მოსალოდნელია, გაგიჩნდეთ ახალი იდეები, განსაკუთრებით პირველ კვარტალში. სწორედ ამ დროს გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული, წარმატებით გაივლით თუ არა მთელ წელს. უარი თქვით ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებზე, მოუსმინეთ პარტნიორებს. გაზაფხულზე მოსალოდნელია, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, რომლებიც შეიძლება თქვენი პარტნიორებიც კი გახდნენ. მაისსა და ივნისში მეტი წინდახედულობა გამოიჩინეთ, რადგან მოიმატებს კონფლიქტების ალბათობა. ზაფხული შედარებით პოზიტიური იქნება. მოსალოდნელია, გაწეულმა შრომამ შედეგი მოგიტანოთ და მატერიალური მდგომარეობაც გაგიუმჯობესდეთ. წლის ბოლოს მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევთ.

კურო

2014 წლის დასაწყისშივე განვითარებული მოვლენები აქტიური მოქმედებებისკენ გიბიძგებთ. მოსალოდნელია, რაღაც შეიცვალოს თქვენს საქმიანობაში, ან ახალი საქმეც კი დაიწყოთ. წლის პირველ კვარტალში ყურადღებით მოეკიდეთ ყველა შემოთავაზებას. მთავარია, ცვლილებების არ შეგეშინდეთ. ზაფხულის პირველი ნახევარი პოზიტიური იქნება. გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა, წარმატებით გადაჭრით კრედიტებთან, უძრავ ქონებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. 2014 წელს პირად ცხოვრებაში მოვლენები უფრო ჰარმონიულად განვითარდება, ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნებას იოლად შეძლებთ.

ტყუპი

ცხენის წელიწადი საკუთარ თავში ახალი ნიჭის, ახალი უნარებისა და ინტერესების აღმოჩენის წელი იქნება. წლის პირველ კვარტალში მოგიწევთ გადადებული საქმეების დასრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში წლის მეორე კვარტალში თქვენი წინსვლა შეფერხდება. მარტში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ სამსახურისადმი. ყურადღების მიღმა ნუ დატოვებთ საქმიან ურთიერთობებში გაჩენილ ბზარებს. ზაფხული სასიკეთო იქნება. მესამე კვარტალი თქვენგან სერიოზულობას და ორგანიზებულობას მოითხოვს. ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსური ვალდებულებების მიმართ. თუ მშვიდად იმუშავებთ და შემოსავალსა და გასავალს გააკონტროლებთ, 2014 წლის ბოლო თქვენთვის სასიკეთო აღმოჩნდება.

კირჩხიბი

თუ წინა წელს დაწყებულ საქმიანობას წარმატებით გააგრძელებთ, 2014 წელი და განსაკუთრებით პირველი ნახევარი პოზიტიური იქნება, თუმცა მოგიწევთ პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინებაც. წლის პირველ კვარტალში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. გაზაფხულზე ელოდეთ ოჯახთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სიახლეებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ პირად ცხოვრებას, მოერიდეთ პარტნიორთან დაპირისპირებას, ხოლო ქორწინებასთან (ასევე - განქორწინებასთან) დაკავშირებით წინდახედულობა გმართებთ. წლის მეორე ნახევარში მოგიწევთ მეტი შრომა, რათა შეინარჩუნოთ სტაბილურობა. მთელი წლის განმავლობაში ყურადღება მიაქციეთ ახალ და სავსემთვარეობის პერიოდებს. ამ დროს შეეცადეთ, არ გადაიღალოთ და ვინმეს არ დაუპირისპირდეთ. მეოთხე კვარტალში სასიყვარულო ურთიერთობებში მოთმინების, ტაქტისა და მზრუნველობის გამოჩენა გმართებთ, რათა პირადმა ცხოვრებამ კარიერულ წინსვლაში ხელი არ შეგიშალოთ.

ლომი

შეიძლება 2014 წელი და განსაკუთრებით მეორე ნახევარი თქვენს წლად ჩავთვალოთ. დამდეგი წელი ცვლილებების შანსს მოგცემთ. მიუხედავად პერიოდული წინაღობებისა, სწორი შეფასებების და გაბედული მოქმედებების ხარჯზე სერიოზულ წინსვლას შეძლებთ. წლის პირველ კვარტალში მოგიწევთ წინა წლიდან გადმოყოლილი საკითხების მოგვარება. თუ გამოიჩენთ მოთმინებას და არ იზარმაცებთ, წარმატებით გადაჭრით ძველ პრობლემებს. მიღწეული წარმატებები თავბრუს ნუ დაგახვევთ და მართვის სადავეებს ხელიდან ნუ გაუშვებთ. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი თავად გადაწყვიტეთ. შემოდგომიდან დაიწყება ახალი, სასიკეთო პერიოდი, რომელიც 2015 წლის დასაწყისამდე გაგრძელდება. ამ დროს აუცილებელია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ლიდერის თვისებების გამოვლენა.

ქალწული

2014 წელი თქვენთვის ორმაგად დატვირთული იქნება და შეიძლება ისეთ ადგილებში ცურვას შევადაროთ, სადაც ბევრი წყალქვეშა რიფია, თუმცა ფსკერზეც ბევრია მარგალიტი. ასე რომ, თქვენი მიზანი მხოლოდ წინსვლა და წარმატების მიღწევა კი არ უნდა იყოს, ისიც, რომ საბედისწერო შეცდომები არ დაუშვათ. იანვარ-თებერვალში მოიმატებს თქვენი ენერგიულობა და მიაღწევთ წინა წელს დასახულ მიზნებს. გაზაფხულზე თუ აუცილებელი იქნება, დროებით შეაჩერეთ რთული პროექტები, გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა, სხვებს ნუ დაელოდებით, თვითონ იმოქმედეთ. ყურადღება მიაქციეთ შემთხვევით შეხვედრებს, ახალგაცნობილ ადამიანებს. შემოდგომის პირველი ნახევარი წარმატებული იქნება, თუ მოახერხებთ თქვენი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას. თვალს ნუ დახუჭავთ დაშვებულ შეცდომებზე და ნუ გაექცევით პასუხისმგებლობას.

სასწორი

ამ წელს პირისპირ შეეჯახებით რთულ პრობლემებს, თუმცა შეუპოვარი მოქმედებების წყალობით შეძლებთ როგორც მომაბეზრებელი რეალობისთვის თავის დაღწევას, ისე - თქვენთვის საინტერესო სამყაროს შექმნას. იანვარშივე უნდა გადახედოთ იმ პროექტებსა თუ ურთიერთობებს, რომლებმაც აქამდე წარმატება ვერ მოგიტანათ. გაზაფხულის მეორე ნახევრიდან, მოსალოდნელია, შეფერხდეს თქვენი წინსვლა და კრიზისის დაძლევაც მოგიხდეთ. ეს ეხება როგორც სამსახურს, ისე - პირად ცხოვრებას. ნუ შეგეშინდებათ, თავდაუზოგავი შრომის შედეგად ყველაფერი მოგვარდება. ზაფხულში მოსალოდნელია, "მეორე სუნთქვა გაგეხსნათ", რაც გამოიხატება თქვენი გაბედული და რისკიანი მოქმედებებით, მით უმეტეს, რომ ამ დროს გამართლების შანსი მეტი გაქვთ. ამ პერიოდში სასიკეთო ცვლილებები გელით როგორც სამსახურში, ისე - პირად ცხოვრებაში. მოწესრიგდება უძრავ ქონებასთან, საბანკო ვალდებულებებსა და გარიგებებთან დაკავშირებული პრობლემები. წარმატების შემთხვევაში მოერიდეთ მასშტაბური პროექტების დაწყებას და უფრო მეტი ყურადღება წლის პირველ ნახევარში დაწყებული საქმეების დასრულებას მიაქციეთ. წლის მეოთხე კვარტალი მშვიდი იქნება, შეძლებთ ჰარმონიულ ურთიერთობას ხელმძღვანელობასთან, პარტნიორებსა და ოჯახის წევრებთან.

მორიელი

თქვენთვის 2014 წელი იოლი ნამდვილად არ იქნება, თუმცა შედარებით პოზიტიური იქნება წლის პირველი ნახევარი. სწორედ ამ დროს უნდა შეძლოთ იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც 2013 წელს დაგიგროვდათ. წლის დასაწყისიდანვე უარი უნდა თქვათ ცინიკურ და აგრესიულ დამოკიდებულებებზე და ტაქტსა და დიპლომატიას მიმართოთ. ასეთი სტრატეგია გაამართლებს როგორც საქმიან ურთიერთობაში, ისე - ოჯახში.  წლის მეორე და მესამე კვარტალი საქმიანი იქნება და შესაძლოა, დასვენებისთვის ზაფხულშიც კი ვერ მოიცალოთ. სწორედ ამ პერიოდში მოხდება ბევრი რამ, რაც თქვენს მომავალს განსაზღვრავს, ამიტომ შეეცადეთ, შეცდომები არ დაუშვათ. მთელი ენერგია სამსახურს, ბიზნესს, სწავლას მოახმარეთ. წლის მეოთხე კვარტალი შედარებით დაძაბული იქნება და კონცენტრაციის და გამჭრიახობის გამოვლენა აუცილებელია. თქვენმა უყურადღებობამ, ზედმეტმა ემოციურობამ და დაუფიქრებელმა მოქმედებებმა შესაძლოა, სერიოზული გამოცდის წინაშე დაგაყენოთ.  მიუხედავად სირთულეებისა, 2014 წელი ნაყოფიერი იქნება.

მშვილდოსანი

2014 წელი წარსულის ანალიზისა და სწორი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას მოგცემთ. გასული წლის ყველა დანაკარგს თუ ხელიდან გაშვებულ შანსს იანვრის ბოლოდან უკვე მძაფრად იგრძნობთ, ეს კი თქვენთვის მოტივაციად იქცევა. შეძლებთ, არა მხოლოდ დაინახოთ შეცდომები, რაც გასულ წელს დაუშვით, არამედ სწორად დაგეგმოთ მომავალი. ამ წელს ბევრი სიახლე გელით. წლის პირველ კვარტალში მდგომარეობის გაუმჯობესება და ძველი შეცდომების გამოსწორება მოთმინებით  და მეგობრების დახმარებით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება წლის მეორე კვარტალს, ამ პერიოდში მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდება. თქვენ გმართებთ გონებამახვილობის, კომუნიკაბელურობის და რაც მთავარია -  შეუპოვრობის გამოჩენა. გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულში  მოიმატებს ჭორები და ინტრიგები. ასეთ შემთხვევაში პასუხის გასაცემად ნუ შეჩერდებით, პირიქით - გზა მიზანდასახულად განაგრძეთ. ზაფხულში მოსალოდნელია, წარმატებით გადაიჭრას დაზღვევასთან, ინვესტიციებთან, ანაბრებსა და კრედიტებთან დაკავშირებული პრობლემები. წლის მეოთხე კვარტალში ნუ გარისკავთ, მოერიდეთ მოუმზადებელ და საეჭვო პროექტებში მონაწილეობას.

თხის რქა

2014 წელი თქვენთვის ცვლილებების წელი იქნება. ამიტომ წლის პირველ კვარტალშივე სასურველია, შეძლოთ უნარების დემონსტრირება და თქვენი მიზნების შესახებ ხმამაღლა განაცხადოთ. მოკრძალებული სურვილები და პასიურობა სასიკეთოს ვერაფერს მოგიტანთ. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების - ამ წელს თქვენი წარმატება წარუმატებლობების აგურებით აშენდება, ამიტომ ჯობს იმოქმედოთ და შეცდომები დაუშვათ, ვიდრე შეცდომების შიშით  არ იმოქმედოთ. გაზაფხულის დასაწყისშივე ბევრი პერსპექტივა უფრო ნათელი გახდება, ამიტომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო. ეს ეხება სამსახურს, სადაც შესაძლოა, დაწინაურების შანსიც კი გაგიჩნდეთ. გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. შემოდგომაზე  შეძლებთ საცხოვრებელი თუ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. კიდევ უფრო პოზიტიური იქნება ზამთარი. სწორედ ამ დროს შეძლებთ ფინანსური კრიზისის დაძლევას, გაჩნდება ახალი შესაძლებლობები სწავლასთან, ხელოვნებასა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით.

მერწყული

თქვენთვის 2014 წელი მიღებული ცოდნის და დაგროვილი გამოცდილების პრაქტიკულად გამოყენების დრო იქნება. წარმატების მიღწევა დამოკიდებული იქნება შრომისმოყვარეობაზე, ამიტომ მოემზადეთ შრომისთვის. თქვენი ორიგინალურობა და არაორდინარულობა ამ წელს დიდ წარმატებებს ვერ მოგიტანთ, ამიტომ კვლავ ძველი მეთოდები გამოიყენეთ. წლის პირველივე კვარტალში მოგიწევთ ბევრი წვრილმანის მოგვარება და რუტინული საქმის კეთება, თუმცა ეს ბევრ ძველ პრობლემას აგაშორებთ. მარტიდან თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება და შეძლებთ საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელებას. განსაკუთრებით ეს ეხება სამსახურს, ჯანმრთელობას, პროფესიულ საქმიანობას და ფინანსებს. შესაძლოა,  ზაფხულის პირველ ნახევარში პირად ცხოვრებაშიც შეიცვალოს რაღაც. არ არის გამორიცხული, თქვენს ოჯახს ახალი წევრი შეემატოს ან მემკვიდრეობა მიიღოთ.  სექტემბრის ბოლომდე მოსალოდნელია თავი იჩინოს ადრე აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ. წლის ბოლო შედარებით მშვიდი იქნება. მოსალოდნელია ახალი კავშირების დამყარება და ახალი პარტნიორების მოძებნა.

თევზები

თუ ამ წელს შეძლებთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისთვის შეუპოვარ შრომას, ეს წელი შარშანდელთან შედარებით მეტ სიკეთეს მოგიტანთ. შეეცადეთ, იყოთ რეალისტი და პრაქტიკულ ჭრილში დაინახოთ როგორც სასიყვარულო, ისე სამსახურებრივი ურთიერთობები. სწრაფად გაიაზრეთ ის ცვლილებები, რაც თქვენს სამსახურში ხდება. გამოიყენეთ ინტუიციაც და მეგობრების რჩევებიც. აპრილსა და მაისის პირველ დეკადაში მოსალოდნელია პირადი ცხოვრების შეცვლა. ზაფხულის პირველ ნახევარში უნდა მოაწესრიგოთ ურთიერთობები იმ ადამიანებთან, ვისზეც თქვენი წინსვლაა დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია, წინსვლაც შეფერხდეს და ფინანსურმა პრობლემებმაც იჩინოს თავი. ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ფინანსური მდგომარეობა  გაგიუმჯობესდებათ... ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, იყავით კომუნიკაბელური, რადგან სწორედ თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული წარმატება და ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლა.

მოამზადა ასტროლოგმა

რამაზ გიგაურმა