"რატომ დაუჩოქეს ივანიშვილს? რატომ დაუჩოქეს სააკაშვილს? ეს ერი არაა" - კვირის პალიტრა

"რატომ დაუჩოქეს ივანიშვილს? რატომ დაუჩოქეს სააკაშვილს? ეს ერი არაა"

"კვირის პალიტრის" არქივი, ინტერვიუ ჩაწერილია 2014 წელს

"შევარდნაძემ ამოაგდო ქვეყანა, მაგას "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" გარდა არაფერი არ აქვს ბოლომდე წაკითხული"

"რატომ დაუჩოქეს ივანიშვილს? რატომ დაუჩოქეს სააკაშვილს? ეს ერი არაა. ეს მათხოვარი ერია."

”ღარიბაშვილია თუ ღარიბოვია, სააკიანცია თუ სააკაშვილი, ეგეც ვერ გაგვირკვევია ჩვენ და რა ქვეყანა უნდა ავაშენოთ?”

ბატონმა ველოდი მირცხულავამ საზოგადოებაში პოპულარობა ინტერნეტით გავრცელებული ვიდეოს შემდეგ მოიპოვა, საფირმო ფრაზით - "ჩემი გჯერა?". თუმცა ბატონი ველოდი ზვიად გამსახურდიას დროს უზენაესი საბჭოს წევრიც იყო და ბევრი ჭკუასაც ეკითხებოდა მას. გავრცელებულ ვიდეოში, ის ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე საუბრობს, ჩვენი ინტერვიუც სწორედ ექსპრეზიდენტზე საუბრით დავიწყეთ:

- თქენთან ბოდიში და შევარდნაძე არის მამაძაღლთა შორის უდიდესი მამაძაღლი. უსწავლელი და უწიგნური. მას ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" გარდა არაფერი არ აქვს ბოლომდე წაკითხული. სინდისს გეფიცებით, უმაღლესიც კი არ დაუმთავრებია. სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. იყო ასეთი პიროვნება გვარად ჯიბლაძე, რომელიც მაშინ განათლების მინისტრი იყო და მან ჩაუტანა შევარდნაძეს დიპლომი. შევარდნაძეს უთხოვია, დიდი ხანია აღარ მივლია და ალბათ გამრიცხავდნენ და იქნებ დამეხმაროო. ეს ჯიბლაძე მეზობელი იყო და უარს ხომ ვერ ეტყოდა? აი, ასე აიღო დიპლომი. აი, ასეთი უტვინოა. მჟავანაძე რომ მჟავანძეა (ეგეც უსწავლელი გენერალი იყო) ისიც კი ამბობდა ხოლმე ლაპარაკისას ციტატებს და შევარდნაძეს ერთხელაც არ უთქვამს, იმიტომ რომ არაფერი არ იცის. ამ კაცმა ამოაგდო ქვეყანა.

- თუ ასეთი საძაგელი იყო შევარდნაძე, საქართველოში ჩამოსულს აეროპორტში რატომ დაუჩოქა ხალხმა?

- კაცო, ჩემი გჯერათ თქვენ? კი თუ არა? რატომ დაუჩოქეს ივანიშვილს? რატომ დაუჩოქეს სააკაშვილს? ეს ერი არაა. ეს მათხოვარი ერია. მე ისტორიკოსი ვარ და რომ ვამაყობთ, მაგრები ვიყავითო, მაგარი იყო ძველი კოლხეთი და ახლა ძველი კოლხეთით სიამაყე სისულელეა. ერთი ფრანგი ისტორიკოსი იყო ჩამოსული და იმან თქვა, "ქართლის ცხოვრება" სომხების დაწერილიაო და შემდეგ სომხურიდან არის გადმოთარგმნილიო, ამიტომ დაჯექით, თქვენი ისტორია თქვენ თვითონვე დაწერეთო. გაცოდვილებულია ქართველი ერი. ერთი ულუფა საჭმლის გულისთვის ყიდის ყველაფერს. ეს ერი არაა. სტალინს აქვს ნათქვამი – ქართველებმა ერად ჩამოყალიბება ვერ მოასწრესო.

- შევარდნაძე რომ შეგხვდეთ...

- ჩემი ხმა რომ ისმოდეს, ერთი გულიანად შევაგინებდი, მაგრამ რომ შევაგინო, თქვენ ვერ დაწერთ, თორემ კია ეგ ყველანაირი გინების ღირსი.. შევარდნაძე ჩემზე 10 წლით დიდია (ეგ იტყუება, 1928 წელს ვარ დაბადებულიო. ახალგაზრდობაში მყავს ნანახი და კარგად ეტყობა, როდისაა დაბადებული), ფიზიკურად ვერ მომერევა და ერთ კარგ პანღურს ამოვარტყამდი.

- ბატონო ველოდი, ახლანდელ ხელისუფლებას როგორ შეაფასებდით?

-ახლა სადაც ვცხოვრობთ, ეს ქეყანაა?! ზვიადის დროს ქვეყანა ნულის ქვემოთ იყო და სამ მილიარდამდე ფული დატოვა ამ კაცმა. სწორედ ისაა, ახლა რასაც ვჭამთ და ვსვამთ. ღარიბაშვილია თუ ღარიბოვია, სააკიანცია თუ სააკაშვილი ეგეც ვერ გაგვირკვევია ჩვენ და რა ქვეყანა უნდა ავაშენოთ?

- გამსახურდიასათვის რომ ეცლიათ, ახლა როგორი ქვეყანა გექნებოდა?

-რას ქვიათ ეცლიათ? ვინ აცლიდა. ესენი ხო ხალხი არ არიან, ესენი არიან გათახსირებულები, პურზე და საჭმელზე დახამებული ხალხი. ერთი სადილის გამო ნებისმიერს აძლევენ ხმას. კარვების ქალაქი რომ ჰქონდათ გაკეთებული, მაშინ ვნახე ერთი ადამიანი, რომელიც ჩემი მეგობრის შვილიშვილი აღმოჩნდა და რომ ვკითხე, აქ რატომ ხარ მეთქი, 40 ლარს მაძლევენ დღეშიო. ხობიდან ჩამოვიდა კაცი, კარავში ეძინა (იქვე ისაქმებდა) 2 ბოთლი ლუდის გამო. რუსებს (მაგათზე მეტად არავინ მეზიზღება) რამდენიც გინდა აგინე, ამას იზამს?!

-როდესაც აფხაზეთის ომზე საუბრობენ, უარყოფითად აფასებენ ზვიადის როლს ამ ომში...

- ერთი მაგ შემფასებლებისაც... მაგათ ჰკითხეთ, აფხაზეთი საქართველოსი როდის იყო? აფხაზეთი საქართელოს 1953 წლის ივლისამდე (ბერიას დახვრეტამდე) ეკუთვნოდა. მე აფხაზი ვარ და ვიცი. ბერია დახვრიტეს დილით და შუადღით ხალხი გამოცვივდა ტყიდან და ამის მერე აფხაზეთი არც ყოფილა ჩვენი (მანამდეც არ იყო ჩვენი, მაგრამ ბერიას ვერაფერს ვერ უბედავდნენ).

- სააკაშვილი როგორი პრეზიდენტი იყო?

- შეგინებას ისევ არ დაწერთ (აქ ისეთი სინანული ქონდა ხმაში ბატონ ველოდის, ლამის ვიტირე - ავტ.). ხო დაასრულა თავის 9 წელი და ახლა ებრაელთა საზოგადოებამ ინსტიტუტი გაუხსნა, დაახეტიალებენ ხან უკრაინაში და ხან გერმანიაში და ხალხიც უსმენს. აბა მეტი რა საქმე აქვთ?! 40 წლის კაცი მოხუცი გეგონება. უკბილოსავით ლაპარაკობს. ვერ ხედავდით, ყოველთვის ბებრებთან მისვლა უნდოდა, იმათთან შედარებით ახალგაზრდა ჩანდა და იმიტომ.

-თქვენ საკმაოდ მაღალი თანამდებობა გქონდათ...

- მე ვმეგობრობდი ჯოხარ დუდაევთან, სურათიც მაქვს მასთან გადაღებული. ზვიადი ჩემი მეგობარი იყო, თორემ პარტიაში არც ყოფილვარ. ზვიადს ჩემი განათლება კი არ აკვირვებდა (ზვიადს განათლებით ვერავინ გააკვირვებდა), ჩემი პატრიოტიზმი ხიბლავდა. ჩემს დროს სხვანაირი ისტორია და ლიტერატურა ისწავლებოდა სკოლაში, წიგნი სანამ დაიბეჭდებოდა, ბერია ამოწმებდა მოსკოვში. პატრიოტიზმით და სამშობლოს სიყვარულით ვიზრდებოდით, ამიტომ ვარ ასე დაქცეული, თორემ სხვაზე ნაკლების შოვნის საშუალება არ მქონია მე.

-როდესაც უზენაესი საბჭოს წევრი იყავით, არასოდეს გისარგებლიათ თანამდებობით?! მცირე კორუფციულ გარიგებებზე არ წასულხართ?

- ამას როგორ ვიკადრებდი? იყვნენ იქ ასეთებიც (ძიძიგური და ძმანი მისნი) ვინც ყველაფერს კადრულობდნენ. მე სახარჯოდ დღეში რამდენიც მინდოდა, იმდენს კი ვაკეთებდი პატიოსნადაც. თვეში 3-4 ათასი სულ მქონდა (მაშინდელი ათასი მანეთი, თორემ ახლა 1000 ლარი ხო ფული არაა). მე მოვედი უფულო საქმეზე, ისიც არ ვიცოდი თუ უზენაეს საბჭოში ხელფასი მექნებოდა. მე ეროვნულ მოძრაობაში მივედი, რათა რუსეთის დამანგრეველ ძალებს შევწინააღმდეგებოდი. რუსეთის არსებობა ოცდამეერთე საუკუნეში არის ცივილიზებული სამყაროს დანაშაული. რუსეთი კაცობრიობის მუხრუჭია. რუსებს სტალინი რომ არ ყოლოდათ, ტროცკი მალევე მოუღებდა ბოლოს. მაგრამ სტალინმა ისე გაამაგრა, დღემდე ვერავინ ანგრევს.

- ბატონო ველოდი, სამომავლოდ რაიმე პერსპექტივას ხედავთ?

- საქართველოს ვერავინ ვერაფერს ვერ უზამს. ეს უფლის ქვეყანაა. ქრისტეს კვართი არის მცხეთაში, ხოლო ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდში. არ გიკვირთ ამხელა სიწმინდეები მაინცდამაინც საქართველოში რატომაა? წმინდა ნინოც ქართველი იყო. ქრისტეს არც რუსეთის ეშინია და არც ამერიკის. მირონცხებული მცხეთა იგივე ხეთაა (გაგონილი გექნებათ ხობის რაიონის ეს სოფელი). აბა მცხეთას მოაშორეთ მ და ც და ნახავთ რას მიიღებთ – მირონცხებული ხეთა. ქუჯი და ფარნავაზი ხეთიდან მესამე საუკუნეში მირონცხებულ მცხეთაში გადმოვიდნენ. საქართველო კარგად იქნება თუ ჩვენ გვეყვარება ჩვენი სამშობლო, თორემ ვერც ივანიშვილი და ვერც სააკაშვილი ვერაფერს ვერ გვიშველის, თუ ჩვენ არ გამოვსწორდით.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)