"ჩემი კანდიდატურა უკონკურენტოა" – მიხეილ-გელა თბილისის მერად? - კვირის პალიტრა

"ჩემი კანდიდატურა უკონკურენტოა" – მიხეილ-გელა თბილისის მერად?

თუ მიხეილ-გელას ავირჩევთ, მეორედ მოსვლას მომზადებულნი შევხვდებით!

თბილისი მერობისათვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. მერობისთვის ბრძოლას აპირებს ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, ბრიუს უეინის  (ბეტმენის) პარტნიორი, მიხეილ-გელა სალუშვილიც, ჩვენ დავუკაშირდით მას და კომენტარი ვთხოვეთ:

- ჩვენი არჩევნებში მონაწილეობის მთავარი არსი ორ პრინციპში მდგომარეობს. პირველი - გავაფრთხილოთ საქართველოს მოსახლეობა, რომ დგას მეორედ მოსვლის წინარე დრო და მეორე პრინციპი - ყველას მივცეთ შესაძლებლობა, თავისი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე შეინანონ, რაც კი ცუდი ჩაუდენიათ, ჩამოცილდნენ პოლიტიკას და გზა დაუთმონ ახალ სახეებს.

- ბატონო მიხეილ ,თქვენ ახალი სახე ნამდვილად არ ხართ, ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროს იყავით ხელისუფლებაში...

- ახალ სახეში მე ვგულისხმობ იმ პიროვნებათა ერთობას, რომლებსაც არ აქვთ წვლილი შეტანილი საქართველოს დაქცევაში, სამოქალაქო ომში და კიდევ ათასგვარ უბედურებაში. ყველა ის პირი, ვისაც პოლიტიკური დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოს წინააღმდეგ, უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკას.

- თქვენი უმთავრესი მიზანია, ხალხი გააფრთხილოთ მოახლოებული მეორედ მოსვლის შესახებ, სწორედ ეს მიზანი გქონდათ საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც, როგორ ფიქრობთ, მაშინ საკმარისად დამაჯერებლად ვერ დაასაბუთეთ აპოკალიპსის დადგომა და სწორედ ამიტომ არ აგირჩიეს?

- ჩვენ მაშინაც ვთქვით და ახლაც იგივე მოტივით ვსაუბრობთ, ჩვენი საარჩევნო კამპანიაში ჩართვა არ ითვალისწინებდა არჩევნებში გამარჯვებას. ეს ნამდვილად არ იყო უმთავრესი. ჩვენი მიზანი იყო ხალხისთვის გვეცნობებინა, რომ მოახლოებულია მეორედ მოსვლა.

- ანუ თუ მოხდა სასწაული და ხალხი ისევ არ გენდოთ, ეს თქვენთვის კატასტროფის ტოლფასი არ იქნება?

- თქვენი მეშვეობით მკითხველს მინდა მივაწოდო ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. მე ამ საარჩევნო კამპანიაში არ ვმონაწილეობ იმის გამო, რომ გავიმარჯვო. მე არავის არ ვთხოვ ჩემს შემოხაზვას ბიულეტინში. ყველამ თავისი სულის გადასარჩენად გააკეთოს არჩევანი, ჩემი მიზანია, მივაწოდო ხალხს ინფორმაცია, რომ მათი სულების გადავარჩინოთ.

- მერობისთვის ბრძოლაში, ვინ მიგაჩნიათ კონკურენტად?

- ძალიან კარგი კითხვაა. თქვენი მეშვეობით მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ არჩევანი გააკეთონ არა იმის მიხედვით, ვინ რას პირდება, არამედ იმის მიხედვით, აქამდე ვის რა გაუკეთებია. ამ გაგებით ჩემი კანდიდატურა უკონკურენტოა.

- თუ მოსახლობამ არ დაგიჯერათ და არ მოგცათ ხმა, ამის გამო დაისჯება ერი?

- მეტსაც გეტყვით, დაისჯება არა მარტო ერი, არამედ მთელი მსოფლიო. რადგან ის, რასაც მეორედ მოსვლის მოახლოება ჰქვია ეს არის საკაცობრიო მოვლენა, ხოლო ქართველების სულიერი მისიაა ამ მოვლენის შესახებ მსოფლიოს საქმის კურსში ჩაყენება. მე ხალხს ვთავაზობ, გაითვალისწინონ ეპოქა და იზრუნონ საკუთარი სულების გადარჩენაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მე უნდა მომცენ ხმა.

- და თუ თქვენ აგირჩიეთ, მეორედ მოსვლას მომზადებული შევხვდებით?

- თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ბუნებრივია ხალხთან მეტი ურთიერთობის საშუალება გვექნება და შესაბამისად მათ ბევრად მეტ ინფორმაციასაც მივაწვდით, რაც გაზრდის იმის შანსს, რომ ერთგავარდ მომზადებული დავხვდეთ მეორედ მოსვლას, რადგან როდესაც იცი, რომ გარკვეული პროცესი გელოდება წინ, ამისთვის ყოველთვის ემზადები.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)