"სააკაშვილი უკრაინაში ძალიან ბევრ მტერს გაიჩენს" - რა ელის ლარს და ქვეყნის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს? - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი უკრაინაში ძალიან ბევრ მტერს გაიჩენს" - რა ელის ლარს და ქვეყნის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს?

"მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის ველური კონკურენცია წავა. ბევრი კონკურენციას ვერ გაუძლებს, ბევრი ჟურნალ-გაზეთი და ტელევიზია დაიხურება."

ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები საკმაოდ სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება - პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ღია ფაზაში გადასული დაპირისპირება, ჩინოსნების მოულოდნელი გადანაცვლებები, "ნაციონალურ მოძრაობაში" დაწყებული რყევები და ა.შ. როგორ განვითარდება შემოდგომაზე პოლიტიკური პროცესები, რომელი პოლიტიკური ძალა შეიძლება გაძლიერდეს და რა ბედი ელის ეროვნულ ვალუტას? - ამის შესახებ "კვირის პალიტრას" ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი ესაუბრება:

- ჯერ კიდევ 2014 წელს ვთქვი, რომ ნოემბრიდან ლარის კურსი რყევას დაიწყებოდა. საქართველოს ფინანსურ სისტემას ქალწულის ზოდიაქო მართავს. 2014 წლის ნოემბრიდან ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში შავმა მთვარემ დაიწყო მოძრაობა. ასტროლოგიურად საქართველოში ეს ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ ხდება. ლარის კურსის ცვალებადობა 2015 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. სექტემბრიდან კი ლარის კურსი გამყარდება და მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში ლარის ასეთი მკვეთრი რყევა არ იქნება. საქართველოში 2015 წლის 12 აგვისტოდან ერთწლიანი პერიოდი იწყება, რომელიც 2016 წლის 9 სექტემბრამდე გასტანს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა რადიკალურად არა, მაგრამ მცირედ მაინც გაუმჯობესდება.

- ახლა ისიც გვითხარით, რომელ სფეროებშია მოსალოდნელი გართულებები?

- მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის ველური კონკურენცია წავა. ბევრი კონკურენციას ვერ გაუძლებს, ბევრი ჟურნალ-გაზეთი და ტელევიზია დაიხურება. ეს პერიოდი 9 თვის განმავლობაში გაგრძელდება, ანუ 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით. რთული პერიოდი ელის საბანკოს სექტორსაც.

- რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას" - ოთხმა ცნობილმა პოლიტიკოსმა პარტია დატოვა. როგორია პარტიის ასტროლოგიური პროგნოზი?

- "ნაციონალურ მოძრაობიდან" წასულებს, ასტროლოგისთვის რომ ეკითხათ, აუცილებლად ურჩევდა, ეს ნაბიჯი სექტემბერში გადაედგათ. ოთხეულის ეს ნაბიჯი სექტემბრიდან გამართლებული იქნებოდა. დღეს ისინი პოლიტიკური კონტექსტიდან ამოვარდნენ. როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვიდა, წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერი ქალწულის ზოდიაქოში იმყოფებოდა. ახლა ქალწულის ზოდიაქოში შავი მთვარე მოძრაობს. ნებისმიერი რეორგანიზაცია ამ მოძრაობისთვის ნეგატიური შედეგის მომტანია.

- როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები შემოდგომაზე?

- ზაფხულში გამოიკვეთება პოლიტიკური ძალა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე "ოცნებას" შეცვლის. ეს ძალა საზოგადოებას მმართველობის ისეთ მოდელს შესთავაზებს, რაც მისაღები აღმოჩნდება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პარტიაში "ოცნებიდან" და "ნაცმოძრაობიდან" ცნობილი პოლიტიკოსები გადავიდნენ.

- მოსალოდნელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

- ეს გამორიცხული არ არის. პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონფრონტაცია იზრდება. ან - ერთმა, ან - მეორემ უნდა დათმოს, სხვა შემთხვევაში მათი კონფლიქტი მასშტაბურ  სახეს მიიღებს. გიორგი მარგველაშვილი ზოდიაქოთი ქალწულია, როგორც უკვე გითხარით, ამჟამად, შავი მთვარე ქალწულის ზოდიაქოში მოძრაობს. შესაბამისად, მასაც რთული პერიოდი აქვს. ასტროლოგიურად ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია უფრო პოზიტიურია...

- მოსალოდნელია თუ არა პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება? ოპონენტების მხრიდან მუდმივად გაისმის რეპლიკები, რომ ის ქვეყანას კულუარებიდან მართავს...

- პოლიტიკურ პროცესებს კულუარულად მართლაც მართავს, რაც მის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს. 22 ივლისიდან 23 აგვისტომდე ივანიშვილის პოლიტიკურად გააქტიურებაა მოსალოდნელი. მთლიანობაში მისთვის ეს წელი ცუდი არ იქნება, თუ ჩრდილიდან გამოვა და იაქტიურებს. ასეთ შემთხვევაში მას წარმატებული პერიოდები ექნება.

- რას გვეტყვით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე?

- სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკური წარსულია. როგორც ჩანს, დასავლეთში გადაწყვიტეს, რომ ის და მისი პარტია ალტერნატიულით უნდა ჩაანაცვლონ. ახლა ის ცდილობს სიტუაცია უკრაინაში დაალაგოს. სააკაშვილის პირად ჰოროსკოპში შავი მთვარე კუროს ზოდიაქოშია, კუროს ზოდიაქო კი უკრაინას მართავს ანუ ის ახლა ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაშია, სავარაუდოდ, ბევრი არაფერი გამოუვა. შემიძლია ვთქვა, რომ ის ძალიან რთულ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან უკრაინაში ძალიან ბევრ მტერს გაიჩენს. ვურჩევდი, გაერიდოს ამ ქვეყანას.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)