ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს - კვირის პალიტრა

ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ, სხვადასხვა დროს დაიბადნენ და სრულიად განსხვავებულ ამპლუაში წარმოაჩინეს თავი. ისინი სუსტი სქესის ძლიერი წარმომადგენლები არიან და საკუთარი მოღვაწეობით, ფაქტობრივად, მსოფლიო შეცვალეს.

"გულების დედოფალი"

ლედი დაიანას "მსოფლიო პრინცესასაც" უწოდებდნენ, რადგან სიკეთისა და ქველმოქმედების სიმბოლოდ ქცეული ქალი ყველგან უყვარდათ. მისი ცხოვრება ზღაპარივით აეწყო - საბავშვო ბაღის აღმზრდელი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გახდა. მათი ქორწილი ბრიტანული დღესასწაულის ფარგლებს გაცდა, რადგან ცერემონიალს სხვადასხვა ქვეყნებში ტელეეკრანიდან 750 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს. ამბობენ, რომ დაიანას ხალხის მოსმენისა და მათი გაგების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. მას შეეძლო ესაუბრა, როგორც თანასწორთან, ყველა რასისა და სოციალური სტატუსის წარმომადგენელთან. მონაწილეობდა შიდსით ინფიცირებულთა დასახმარებლად გამართულ თუ სხვა საქველმოქმედო აქციებში. ერთ-ერთი უკანასკნელი მისიის დროს, მან შემოიარა ბევრი ქვეყანა ანგოლიდან ბოსნიამდე, რათა თავად ენახა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აფეთქების შედეგები და მოუწოდებდა მსოფლიოს უარი ეთქვა ამ იარაღის გამოყენებაზე.

პრინც ჩარლზს დაიანამ სამეფო გვირგვინის ორი მემკვიდრე, უილიამი და ჰარი გაუჩინა, მაგრამ ქორწინებაში უიღბლო გამოდგა. ჩარლზმა კამილა პარკერის დავიწყება ვერ შეძლო და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი წყვილის ცხოვრებაში ბზარი გაჩნდა. დაიანა დეპრესიაში იყო და ბულიმიაც კი აწუხებდა... ჩარლზთან დაშორების შემდეგ ლედი დაიანას ცხოვრებაში არაბი მილიონერის, მუხამედ ალ-ფაიედის შვილი დოდი ალ-ფაიედი გამოჩნდა. მათი ურთიერთობა ხანმოკლე გამოდგა, 36 წლის დაიანას სიკვდილის მიზეზი ავტოკატასტროფა გახდა, რომლის მიზეზები დღემდე ამოუხსნელია.

მსოფლიო მოდის მოკარნახე ენამწარე კოკო

"თუ ქალი 30 წლის ასაკში ჯერ კიდევ ულამაზოა, გამოდის რომ სულელი ყოფილა", - დარწმუნებით ამტკიცებდა დიდებული მადმუაზელი. გამხდარი ტანის, ხისტი ხასიათის, მახვილი გონებისა და "მწარე ენის" ქალმა თავდაყირა დააყენა მოდის მიმდევარი მსოფლიო. "პულოვერითა და ათი ასხმა მარგალიტით" კოკო შანელმა ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა მოდაში. სწორედ მან გაათავისუფლა ქალები შემაწუხებელი კორსეტებისგან, ფაშფაშა კაბებისა და რთული ვარცხნილობებისგან. სამაგიეროდ კი შავი ფერის სამოსი, მოკლე ვარცხნილობა, შარვალი, შანელი #5-ის არომატი და მოკლე შავი ქვედაკაბები შეგვაყვარა. სხვათა შორის, მისი შთაგონების შესახებ ბევრს ჭორაობდნენ. ამბობდნენ, რომ კოკო შანელი გარდაცვლილი საყვარლის გამო დარდობდა, მაგრამ ძაძების ჩაცმა არ შეეძლო, რადგან მასთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. ფიქრობდნენ, რომ სწორედ ამიტომ გადაწყვიტა შანელმა ყველა ქალი შავ სამოსში გამოეწყო. თუმცა თაყვანისმცემლები კოკო შანელს არასდროს მოჰკლებია. მის გვერდით იყვნენ არისტოკრატები, მილიონერები, სამეფო ოჯახების წარმომადგენლები, მაგრამ ცოლად არავის გაჰყოლია. ვესტმინსტერის ჰერცოგის წინადადებაზე, გამხდარიყო მისი ცხოვრების თანამგზავრი, მან ასეთი პასუხი გასცა: "ჰერცოგის ცოლი ბევრია, მადმუაზელი კი მხოლოდ ერთი".

სიცოცხლეშივე წმინდანი

მას მთელი მსოფლიო დედა ტერეზას სახელით იცნობს, ნამდვილი სახელია აგნეს გონჯა ბოიაჯუ. ალბანელი მემწვანილის ოჯახში დაბადებულ დედა ტერეზას სიცოცხლეშივე უწოდეს წმინდანი, მაგრამ თვითონ ამბობდა, რომ მხოლოდ "ფანქარი იყო ღმერთის ხელში". 18 წლისა მშობლების სახლიდან წამოვიდა და მონაზვნად აღიკვეცა მისიონერულ ორდენ "ლორეტის დებში", რათა სიცოცხლე გაჭირვებულთა დახმარებისთვის მიეძღვნა. 36 წლის იყო, როცა მოწყალების საზოგადოება შექმნა, რომელიც ღატაკებისა და გაჭირვებულთათვის სკოლების, თავშესაფრების და

საავადმყოფოების დაარსებით იყო დაკავებული. მისი სახე სიკეთის, იმედისა და მოწყალების სიმბოლოდ იქცა. ის ყველა "ცხელი წერტილის" სტუმარი იყო და სისხლისმღვრელი ომის შეჩერებას ცდილობდა. 87 წლის მომაკვდავი დედა ტერეზასთვის უკითხავთ: "ოდესმე დღესასწაულზე ან უქმეებზე თუ დაგისვენიათო". რაზეც მას უთქვამს: "ჩემთვის ყოველი დღე დღესასწაულიაო!"

უიღბლო ნორმა და იღბლიანი მერლინი

ის ამერიკის სექსიმბოლო იყო და მასზე მილიონობით მამაკაცი ოცნებობდა. ქერა კულულები, მომაჯადოებელი ღიმილი, პატარა, ოდნავ აპრეხილი ცხვირი - თავად სრულყოფილება გახლდათ. ბევრი ფიქრობს, რომ მერლინ მონრო მაშინ გაჩნდა, როცა ნორმა ჯინმა თმა ოქროსფრად შეიღება. სინამდვილეში კი ნორმას ბევრი რამის შეცვლა დასჭირდა, რომ ლეგენდარულ მერლინად ქცეულიყო.

ბავშვობაში, რომელიც მერლინ მონრომ სიღარიბეში გაატარა, მეტსახელად თაგუნას ეძახდნენ. ჩუმ გოგონას, კარტოფილივით ცხვირითა და ურჩი თმით, ყურადღებას თითქმის არავინ აქცევდა, ამიტომ თავს სიტყვა მისცა, რომ მასზე მსოფლიო ილაპარაკებდა. ცხვირის, ლოყების, ნიკაპისა და თეძოების სრულყოფა პლასტიკური ქირურგის სკალპელის წყალობით შეძლო, ხოლო გაუბედაობა და კომპლექსები მერლინმა უიღბლო ნორმას დაუტოვა. მონდომებამ დიდებაც მოუტანა და სიმდიდრეც, მაგრამ ბედნიერება მაინც ვერ ჰპოვა. მდიდრულმა გარეგნობამ მასზე ბოროტად იხუმრა, რადგან ფილმებში მხოლოდ თავქარიანი ლამაზმანების როლებს სთავაზობდნენ. კომედიური ჟანრის ფილმებთან ერთად, მის ბიოგრაფიაში მრავლად იყო უიღბლო ქროწინებები და კარიერას შეწირული, ხელოვნურად შეწყვეტილი ორსულობები. პლანეტის ყველაზე სასურველი ქალი ამ ქვეყნიდან ახალგაზრდა, მარტოსული და უბედური წავიდა.

ინდირა განდი - "მთვარის ქვეყანა"

1966 წელს, როდესაც ის პირველად დაინიშნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრად, მეტოქეებმა "სულელი თოჯინა" შეარქვეს. აღმოჩნდა, რომ მწარედ ცდებოდნენ. გოგონა სახელად "მთვარის ქვეყანა" (სწორედ ამას ნიშნავს მისი სახელი) 1917 წელს ინდოეთის ერთ მდიდარ და გავლენიან ოჯახში დაიბადა. როგორც ნამდვილ ინდოელ ქალს შეშვენის, ინდირამაც ოჯახი შექმნა და ორი ვაჟი გააჩინა. როგორც მისი მემატიანეები აღწერენ, ეს წლები ინდირას ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. თუმცა ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ინდირა განდიმ ჯერ ქმარი დაკარგა, შემდეგ მამა და უმცროსი შვილი. ძნელია წარმოდგენა რა ხდებოდა მის გულში, თუმცა გარეგნულად მალევე დაიბრუნა ჩვეული შემართება. ძალიან მალე, ეს დაბალი ტანის, ნაადრევად ჭაღარით შევერცხლილი თმითა და სარიზე დამაგრებული ვარდისფერი ყვავილით, გამძლეობასა და სიბრძნესთან ასოცირდებოდა. თანამემამულეებმა მასში თვით შაქტის (გონიერების ქალღმერთის) განსახიერება დაინახეს. ინდირა განდი გახდა პირველი ქალი, ვისაც ქვეყნის პოლიტიკური ბედის გადაწყვეტა ანდეს.

სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ძლიერი, მტკიცე ხასიათისა და ძალაუფლების მოყვარე ინდირა განდი პირველ რიგში მაინც ქალი იყო, რასაც მას საბედისწერო შეცდომად უთვლიან - 1984 წლის 31 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრამდე, განდი დიდხანს არჩევდა სამოსს და ვერც კი იფიქრებდა, რომ ეს უკანასკნელი დღე აღმოჩნდებოდა მის ცხოვრებაში. ზაფრანისფერი კაბის შერჩევისას ინდირა განდიმ ტყვიაგაუმტარი ჟილეტი მოიხსნა, ჩათვალა, რომ ცოტა ასუქებდა...

დიზაინერების მუზა ოდრი

მხატვრულ ფილმ "საუზმე ტიფანისთან" წყალობით საიუველირო კომპანია  Tiffany&Co-მ საყოველთაო აღაირება მოიპოვა. ოდრი ჰეპბერნმა მაყურებელი არა მხოლოდ თავისი ნიჭით, არამედ არისტოკრატული გარეგნობით, ქალურობითა და სილამაზით მოხიბლა. ცნობილი კუტურიე იუბერ დე ჟივანში, რომლისთვისაც ოდრი შემოქმედების მუზა იყო, ამბობდა, რომ ქვეყანაზე არ დადის გოგონა, რომელიც არ ნატრობდეს, ჰგავდეს ოდრის. თავად მსახიობი ქალი, რომლისთვისაც სამოსის შექმნა ნებისმიერი მოდელიორისთვის დიდ პატივად ითვლებოდა, ამბობდა, რომ ქალის სილამაზე სამოსში, აღნაგობასა და ვარცხნილობაში კი არ ვლინდება, არამედ თვალების ბრწყინვალებაში. "თვალები - გულის ჭიშკარია, სადაც სიყვარული ბინადრობს", - ამბობდა ოდრი. მას ხშირად ჯადოსნურ ელფს ადარებდნენ, თუმცა მისი ვიწრო წელი (ოდრის სიმაღლე 1,70 სანტიმეტრი იყო, წელის გარშემოწერილობა კი სულ რაღაც 50 სანტიმეტრი ჰქონდა) სულაც არ იყო მტანჯველი დიეტების დამსახურება. ომის დროს მან გამოიარა შიმშილი, დაბომბვა და თვეობით ცხოვრობდა დატბორილ, გაყინულ სარდაფში. გაჭირვებული ბავშვობა ოდრის არც მაშინ დავიწყებია, როცა დიდების ზენიტში მოექცა. ოდრი დაკავებული იყო ქველმოქმედებით და იუნისეფის ერთ-ერთ აქტიურ ელჩად მიიჩნეოდა. ოდრი ორჯერ იყო გათხოვილი, მაგრამ ორივე ქორწინება უიღბლო გამოდგა. თუმცა იღბალმა ბოლომე მაინც არ აქცია ზურგი, ოდრის მესამედაც შეუყვარდა. მართალია, ის კაცი მისი ქმარი არ გამხდარა, მაგრამ წყვილმა სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა.

"რკინის ლედი" თუ "მოუსვენარი კუდიანი"

რას აღარ უწოდებდნენ, ზოგი "ნატოში ყველაზე ძლიერ კაცს ეძახდა", ზოგიც "მოუსვენარ კუდიანს". დილის ხუთი-ექვსი საათიდან ღამის პირველ საათამდე სამსახურში იყო. "არასდროს მძინავს დღე- ღამეში ოთხ-ხუთ საათზე მეტი. ჩემი ცხოვრება - ჩემი სამსახურია. ზოგი მუშაობს იმისთვის, რომ იცხოვროს, მე კი ვცხოვრობ იმისთვის, რომ ვიმუშაო", - უთქვამს მარგარეტ ტეტჩერს. ცოტა სამკაული, ნაცრისფერი ან მუქი ლურჯი კოსტიუმები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ძალაუფლებით სავსე მზერა - სწორედ ასეთი დაამახსოვრდა მსოფლიოს "რკინის ლედი".

1979 წელს, როდესაც ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, შეძლო ქვეყანის ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა. ბევრი ლანძღავდა, ბევრსაც სძულდა და ამის მიუხედავად, ხელისუფლების სადავეები მას XX საუკუნის ყველა პოლიტიკურ ლიდერზე მეტხანს ეჭირა. მაგრამ "რკინის ლედის" ერთი საიდუმლოც ჰქონდა და ქმრის გარდაცვალების შემდეგ მან თავის მემუარებში დაწერა: "ვერასდროს ვიქნებოდი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 11 წლის განმავლობაში, რომ არა დენისი". მათ ერთად ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იცხოვრეს. მართალია ზურგს უკან დენის ტეტჩერს ცოლის თვინიერას ეძახდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მას უყვარდა ცოლი და მხარში ედგა. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი 2013 წელს, 87 წლის ასაკში გარადაიცვალა.

გოგონა გრძელი ცხვირით

კოლეგები "მათი თაობის გენიოსს" უწოდებენ. მერილ სტრიპი თანამედროვეობის უდიდესი მსახიობია - ორჯერ გახდა "ოსკარის" პრემიის ლაურეატი და რეკორდსმენია ნომინაციების რაოდენობით. ამ ყველაფერს კი დაუღალავი შრომითა და თანდაყოლილი ნიჭით მიაღწია. ყმაწვილქალობაში თურმე ძალიან წუხდა თავისი გარეგნობის გამო, რადგან ლირიკული როლისთვის შეუფერებელი გარეგნობა ჰქონდა. გამხდარი, ახლომხედველი, უსწორმასწორო კბილებითა და გრძელი ცხვირით - "ჩემს ანარეკლს რომ ვუყურებდი, მეგონა, მოწყენილი თევზი მიმზერდა" - ასე აღწერდა წლების შემდეგ თავის გარეგნობას მსახიობი. გოგონა მერილს სიმღერა უყვარდა, ამიტომ მშობლებს, მიუხედავად იმისა, რომ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, კვირაში ერთხელ გოგონა ნიუ-იორკში სიმღერის მასწავლებელთან დაჰყავდათ. მშობლების მოწადინებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ვოკალურ პარტიებს ფილმებში "კომპანიონები" და "მამა მია" მსახიობი თავად ასრულებს.

ყოველი ფილმი მერილის მონაწილეობით მოვლენა იყო, მაგრამ პირად ცხოვრებაში ყველაფერი ასე წარმატებით როდი ეწყობოდა. მძიმე სენმა მას პირველი სიყვარული, მასხიობი ჯონ კაზალე წაართვა. საყვარელი ადამიანის გარდაცვალებამ მერილი მძიმე დეპრესიაში ჩააგდო. მაგრამ იღბალმა ისევ გაუღიმა და მის ცხოვრებაში კიდევ ერთი მოსიყვარულე მამაკაცი გამოჩნდა. "ის თითქოს ღმერთმა გამომიგზავნა" - ასე იხსენებდა მერილ სტრიპი შეხვედრას მოქანდაკე დო გამერთან. დღეს მსახიობი ბედნიერია: ჰყავს მოსიყვარულე მეუღლე, ოთხი შვილის დედაა და ჩვენი დროის უდიდესი მსახიობი.