მარტორქების, ორკუდიანი ძაღლის, ლუდის მოყვარულთა და... - სასაცილო და უცნაური სახელის მქონე პოლიტიკური პარტიები მსოფლიოში - კვირის პალიტრა

მარტორქების, ორკუდიანი ძაღლის, ლუდის მოყვარულთა და... - სასაცილო და უცნაური სახელის მქონე პოლიტიკური პარტიები მსოფლიოში

უცნაური სახელის გარდა, ასეთ პარტიებს ჰყავთ ექსცენტრიული კანდიდატები და აქვთ უცნაური და სასაცილო პოლიტიკური გეგმები

მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულმა გოგა ხაჩიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი მელაძემ და პალიკო კუბლაშვილმა ახალი პოლიტიკური ცენტრი შექმნეს და მას "გირჩი" უწოდეს, ჩვენში ბევრს ხალისის მიზეზი მიეცა, აქაოდა, ნამეტანი სასაცილო სახელიაო... არადა, "გირჩი" თურმე ბევრი არაფერია იმ სახალისო და უცნაური სახელწოდების პარტიებს შორის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობენ.

მოკლედ, ხშირად პოლიტიკურ პარტიებს, თავიანთი პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანებისგან განსხვავებით, სრულიად უცნაური და სასაცილო სახელები აქვთ. ბევრი პოლიტიკოსი საკუთარ პარტიას ასეთ სახელს ხალხის ყურადღების მისაქცევად აკეთებს, რაც ზოგჯერ ნამვილად მართლებს.  უცნაური სახელის გარდა, ასეთ პარტიებს ჰყავთ ექსცენტრიული კანდიდატები და აქვთ უცნაური და სასაცილო პოლიტიკური გეგმები. წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე უცნაური სახელის მქონე პოლიტიკურ პარტიებს:

კანადის მარტორქების პარტია

კანადას სატირული პოლიტიკური პარტიების ხანგრძლივი ისტორია აქვს. მათ შორის პირველი მარტორქების პარტიაა, რომელიც 1963 წელს დაარსდა და უახლოესი 30 წლის განმავლობაში ყურადღებას იქცევდა პარტიის წევრთა გამოსვლებითა და საარჩევნო დაპირებებით. მათი ერთ-ერთი სლოგანია "არ შევასრულოთ ჩვენი არცერთი დაპირება".

თოფისა და ნარკოტიკების პარტია

თოფისა და ნარკოტიკების პარტიას თავდაპირველად ხუმრობის სახე ჰქონდა, ის შეიქმნა 2003 წელს საკულტო ავტორის რობერტ უისონის მიერ. პარტია ლიბერტარიანული ფილოსოფიის მატარებელი იყო და დამფუძნებლის იდეის გარშემო მოღვაწეობდა, რომლის მიხედვით, თუ მემარჯვენეებს უყვართ იარაღი, მემარცხენეებს კი ნარკოტიკი, მათ შეუძლიათ გაერთიანება და დაუმარცხებელი უმრავლესობის ჩამოყალიბება.

კეთილსინდისიერად მომუშავეთა კავშირი

დანიელმა კომიკოსმა იაკობ ჰუგარდმა კეთილსინდიესიერად მომუშავეთა კავშირი თავდაპირველად ხუმრობისთვის შექმნა, თუმცა შემდგომ  სატირული პოლიტიკური კამპანიებით პარტია დანიის პარლამენტში მოხვედრას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ პარტიას აბსურდული დაპირებები ჰქონდა, მაგალითად, უკეთესი ამინდი, უკეთესი საშობაო საჩუქრები და ა.შ. 1994 წელს კავშირმა ოციათასზე მეტი ხმა მიიღო და დანიის პარლამენტში შევიდა.

პოლონეთის ლუდის მოყვარულთა პარტია

პოლონეთის ლუდის მოყვარულთა პარტიამ ბევრის გასაოცრად მოახერხა და 1991 წელს, მწვავედ მიმდინარე არჩევნების დროს პარლამენტში 16 კაცით შევიდა. პარტია ჯანუს რევისკიმ ჩამოაყალიბა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. კამპანიის მთავარი არსი ის იყო, რომ არყის ნაცვლად ალკოჰოლიკებს ლუდი დაელიათ.

ინდოეთის ოკეანის პარტია

პარტია დაარსდა 2010 წელს ინდოეთში. მათი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ პარტია იქნებოდა "ფილოსოფოსების ოკეანე, პატიოსანი ადამიანების ოკეანე, ოკეანე, სადაც ინდოეთი წარმატებული იქნებოდა". სახელის მიუხედავად პარტიის სიმბოლო ოკეანე არ ყოფილა. ეს იყო ტელეფონი, რომელიც ასოცირდებოდა, როგორც კონტაქტი ხალხთან.

ორკუდიანი ძაღლის პარტია

პარტია დაარსდა უნგრეთში 2006 წელს. ორკუდიანი ძაღლის პარტია თავდაპირველად როგორც პოლიტიკური პარტია, დარეგისტრირებული არ იყო, თუმცა 2006 წლის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა. პარტიის დაპირებებში შედიოდა - საუკუნო სიცოცხლე, მშვიდობა მსოფლიოში, კვირაში ერთი სამუშაო დღე, უფასო ლუდი და დაბალი გადასახადები.

სიკვდილის, საპყრობილისა და გადასახადების პარტია

სატირული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტია ბრიტანეთში დაარსდა და მხარს უჭერდა საფრანგეთის ანექსიას, სკოლაში მხოლოდ 9-კლასიან სწავლებას, დამნაშავეების წამებას და ა.შ.

პარტია "ლუდი, თამბაქო და პოპკორნი"

პარტია პენსიონერმა რეი ჰოლმა დაარსა. 74 წლის ჰოლი აცხადებდა, რომ პარტია იბრძოლებდა კრიმინალის, დანაშაულის, მაღალი გადასახდების წინააღმდეგ. პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ - "შეიძლება პარტიას აქვს უცნაური სახელი, მაგრამ მას ასევე აქვს სერიოზული პოლიტიკური მიზნები".

მოსახლეობის პარტია დიდ ბრიტანეთში

პარტია, რომლის წევრი მხოლოდ ერთი ადამინი იყო, მოითხოვდა მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას. პარტიის ვებსაიტზე სლოგანად გამოყენებულია დედოფლის სიტყვები - "არ იქნება გრძელვადიანი სტაბილურობა, როცა მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ტემპი ბევრად სწრაფია, ვიდრე სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი".

მეკობრეთა პარტია

დიდ ბრიტანეთში 2009 წელს ენდრიუ რობინსონის მიერ დაარსებული მეკობრეთა პარტიის ძირითადი პოლიტიკა იყო საავტორო და საპატენტო რეფორმა, პირადი მონაცემების დაცვა და ნაკლები კონტროლი მთავრობისგან, სიტყვის თავისუფლების გარანტია ყველასათვის.

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა