"არა მგონია, ვინმეს ჩემზე უკეთესად გამოსდიოდეს დაუთოვება - როგორ უნდა შევათავსოთ კარიერა და ოჯახი?" - მსოფლიო კინოს პრიმა და დიდი ოჯახის დიასახლისი - კვირის პალიტრა

"არა მგონია, ვინმეს ჩემზე უკეთესად გამოსდიოდეს დაუთოვება - როგორ უნდა შევათავსოთ კარიერა და ოჯახი?" - მსოფლიო კინოს პრიმა და დიდი ოჯახის დიასახლისი

"როგორ უნდა შევათავსოთ კარიერა და ოჯახი? - პირველ რიგში კარგი ქმარი უნდა გყავდეთ. გამიმართლა - ასეთი დიდი ხნის წინ ვიპოვე. ოჯახში თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სერიოზულ ბიზნესს ვმართავ. დაგეგმვა, დაგეგმვა და კიდევ ერთხელ დაგეგმვა - ეს არის მთავარი".

მსოფლიო კინოს პრიმა მერილ სტრიპი 1949 წლის 22 ივნისს, ნიუ-ჯერსის შტატში ქალაქ სამიტში დაიბადა. მამა ფარმაცევტული კომპანიის მენეჯერი, ხოლო დედა მხატვარი გახლდათ. მას ორი ძმა დენი და ჰარი ჰყავს. მსახიობის არისტოკრატული გარეგნობა დედის მხრიდან შვეიცარულ, ირლანდიურ და ბრიტანულ ფესვებს უკავშირდება, ხოლო მამის მხრიდან ის ჰოლანდიური წარმომავლობის გახლავთ. ხელოვნების სიყვარული რომელიც გოგონას გენეტიკურად დედისგან ერგო დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის ცხოვრებაში. მომავალი კინოვარსკვლავი ნიუ-ჯერსის შტატში უმაღლეს სკოლაში სწვლობდა, ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ ხელოვნების დარგში ბაკალავრის დიპლომიც აიღო. სახვითი ხელოვნების დარგში, მას მაგისტრის წოდებაც აქვს, რომელიც იელის უნივერსიტეტის დრამის სკოლაში მიანიჭეს.

დამწყები მსახიობი ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ სასტუმროში თავდაპირველად ოფიციანტად მუშაობდა.

„ახალგაზრდობაში ოფიციანტად ვმუშაობდი და ყველაზე საუკეთესო, რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა, 8 მაგიდის ერთდროულად მომსახურება იყო. ამით ძალიან ვამაყობდი. წლები გავიდა და თითქმის არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ის 8 მაგიდა დღეს უკვე "8 ფილმმა", შვილებმა, ბევრმა ნათესავმა და უამრავმა საქმემ ჩაანაცვლა, რომელთაც ყურადღება უნდა დავუთმო. ჩემი ოჯახი და ჩემი სამსახური - აი ეს არის ყველაზე მთავარი ჩემს ცხოვრებაში.“

მსახიობი ბავშობიდანვე ცდილობდა გრიმი გაეკეთებინა და მსახიობის ოსტატობა შეესწავლა. ბაძავდა ფრანგ მსახიობ სიმონა სინორეს, რომელიც მისი კუმირი გახლდათ. 14 წლამდე საოპერო მომღერლობაზე ოცნებობდა და მეცადინეობდა კიდეც, თუმცა შემდეგ ეს საქმე მიატოვა.

"ბავშვობაში უშნო ვიყავი, მახინჯი იხვის ჭუჭულივით. ფანქარს მოვიმარჯვებდი და სახეზე ნაოჭებს ვიხატავდი. ახლა ზუსტად ისე გამოვიყურები, როგორც მაშინ ვიბერებდი თავს..." თუმცა ის არ შეუშინდა სათვალეების მოხსნას, ლინზები გაიკეთებასა და იმიჯის მნიშვნელოვნად შეიცვალას. „ ეს იყო ჩემი პირველი გარდასახვა, - თმა ქერად შევიღებე, კბილებზე რკინები მოვიხსენი, ლინზები გავიკეთე და უცებ ”სილამაზის დედოფალად" ვიქეცი!’’ - ამბობს მერილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 70-იანი წლების "თავისუფლების ქარით" აჟიტირებული გოგონა ევროპაში გაემგზავრა, მოგზაურობისას ის სკვერებში წარმოდგენებს მართავდა. „ღმერთო ეს იყო საშნელება - იხსენებს მსახიობი, ჩემმა შვილებმა მსგავსი რამ რომ მოინდომონ, ალბათ თვითმფრინავის ასაფრენ ბილიკზე დავწვები“.

ევროპიდან დაბრუნების შემდეგ, მერილი ნიუ-იორკში გადასახლდა და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მისი წარმატებების სერია. თეატრის სცენაზე  შექსპირის, არტურ მილერის და ტენესი უილიამსის გმირები მისი შესრულებით მაყურებელსაც ძალიან მოსწონდათ და კრიტიკოსებსაც. უილიამსის პიესაში ”ბამბის 27 ვაგონი” შესრულებული როლისთვის ამერიკის უმაღლესი თეატრალური ჯილდო ”ტონი” მიიღო. 1977 წელს მერილ სტრიპის კინემატოგრაფიული დებიუტი შედგა. ფრედ ცინემანის ”ჯულიაში” მან პატარა როლი შეასრულა.

1978 წელს მაიკლ ჩიმინოს ფილმ ,,ირმებზე მონადირეში’’ გადაიღეს. სურათმა ,,ოსკარი”დაიმსახურა. თავისი პირველი ნომინაცია ,,ოსკარზე” მერილ სტრიპმაც მიიღო. იმავე წელს ტელესერიალ ”ჰოლოკოსტში” შესრულებული როლისთვის ,,ემი” გადასცეს. მსახიობს ეს ფილმი არ უყვარდა და პრიზის მიღებაც არ სურდა. ფილმის მიმართ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება პირად ტრაგედიას უკვშირდება.

მან თეატრის სცენაზე გაიცნო მსახიობი ჯონ კეიზალი - ცნობილი ფრედო კორლეონე ,,ნათლიმამიდან”. მათ  ერთად ცხოვრება დაიწყეს. მოგვიანებით კი, კეიზელს ძვლის ტვინის კიბო აღმოაჩნდა. ზემოთნახსენები სერიალის გადაღებისას ახალგაზრდა მსახიობი ყოველ დღე უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა. პროდიუსერებმა მისი შეცვლა გადაწყვიტეს, მაგრამ მერილ სტრიპი და რობერტ დე ნირო პროექტიდან წასვლით დაემუქრნენ, თუკი კეიზელს სხვა მსახიობით შეცვლიდნენ. კეიზელმა ბოლომდე ითამაშა...

1998 წელს მერილს ლოს ანჯელესის დიდების ხეივანში პერსონალური ვარსკვლავი გაუხსნეს.

მსახიობი 17-ჯერ წარადგინეს „ოსკარის“ დაჯილდოვებაზე სხვადაასხვა ნომინაციებში. ოთხი „ოსკარის“ მფლობელია, ბოლო გასულ წელს მიიღო. სასაცილოა ის ფაქტი, რომ თავისი პირველი ოსკარი მსახიობს საპირფარეშოში დარჩა.

მომავალი მეუღლემ მსახიობს ძმამ გააცნო, შეყვარებულის გარდაცვალებით დამწუხრებულ მერილს სკულპტორი დონ ჰამერი დაეხმარა და თავისი კინოსტუდიაც დაუთმო. მას შემდეგ დონი მერილს აღარ მოშორებია.

მერილი და დონი ოთხ შვილს მედიის ყურადღების გარეშე ზდიდნენ. ისინი კონექტიკუტში ქალაქგარეთ ცხოვრობდნენ და მხოლოდ 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ   გადასახლდნენ ნიუ-იორკში

„არ ვიცი რას გავაკეთებდი ჩემი ქმარი რომ არ გამეცნო. ალბათ მოვკვდებოდი“ - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა. 35 წლიანი თანაცხოვრება არც თუ ისე ადვილი ყოფილა, თუმცა მსახიობსა და სკულპტორს ოჯახი არ დაუნგრევიათ.

„ყოველი გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია, ჩემი შვილების სასარგებლოდაა... ოჯახი ჩემთვის მთავარი ღირებულებაა და სიკვდილამდე ასე იქნება. ჩვეულებრივი დედა ვარ. როცა შვილები უქმეებზე მსტუმრობენ, წინსაფარს ვიკეთებ და ქურასთან ვდგები"

და მართლაც მსახიობი დღესაც კი თავად აუთოვებს თეთრეულს და შაბათ-კვირას აცხობს კექსს, ამავდროულად აუდიტორიის წინაშე მისი ყოველი გამოსვლა შოკისმომგვრელია. „ძალიან წუნია ვარ. არა მგონია, ვინმეს ჩემზე უკეთესად გამოსდიოდეს დაუთოვება, მომწონს ეს საქმე, ამ დროს ფიქრს ვახერხებ“.

„საინფორმაციო გადაცემების ნარკომანი ვარ - მიყვარს პოლიტიკური ამბების მოსმენა, მაგრამ თავად არასდროს გავწევრდები რომელიმე პარტიაში",  - ამბობს მერილი...

"ხალხს არ უყვარს ლიდერი ქალები. არ შეგინიშნავთ? სამყარო არაა მზად, რომ ქალისგან ”არა” მოისმინოს. ქალის ,,არა?!’’ - ეს მავანთათვის შეურაცხყოფაა! ყველა მაშინვე იწყებს ლაპარაკს, რომ ეს ქალი  ანჩხლი, მკაცრი და უბრალოდ, აუტანელია’’.- ასე ახსნა მსოფლიო ვარსკვლავმა თავისი მკაცრი როლი ცნობილ ფილმში „ეშმაკს აცვია პრადა“.

ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ ზრდის შვილებს მან უპასუხა: "შვილებს არასოდეს არ უთხრათ "შენ უნდა ...!" მაშინ ისინი აუცილებლად საწინააღმდეგოდ მოიქცევიან. შეიძლება საკუთარ მაგალითზე გაზარდო, მაგრამ აქაც ზღვარი არსებობს."

"როგორ უნდა შევათავსოთ კარიერა და ოჯახი? - პირველ რიგში კარგი ქმარი უნდა გყავდეთ. გამიმართლა - ასეთი დიდი ხნის წინ ვიპოვე. ოჯახში თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სერიოზულ ბიზნესს ვმართავ. დაგეგმვა, დაგეგმვა და კიდევ ერთხელ დაგეგმვა - ეს არის მთავარი".

,,როგორი ხართ სინამდვილეში? რას ითვისებთ თქვენი გმირებისგან? როგორ ირჩევთ როლებს? თქვენი თაობის მთავარ მსახიობად გთვლიან, ხომ არ გავნოთ დიდებამ?" - ეკითხებიან ჟურნალისტები 30 წლის შემდეგ.

"პერსონაჟებისგან არაფერს ვითვისებ. ისინი თავისთავად არსებობენ. ყველა ძალიან მიყვარს. ყველას ვგავარ რაღაცით... დიდება ვერ გააფუჭებს იმ ადამიანს, რომელიც დღესაც თვითონ აუთოებს თეთრეულს", - პასუხობს მსახიობი.

უამრავ წარმატებასთან ერთად, მერილ სტრიპმა ხალხის სიყვარული, დაიმსახურა. "სახალხოდ ვაცხადებ, რომ მერილი საუკეთესოა და მიყვარს, ეს იცის მიშელმაც და მერილის ქმარმაც" - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, მაშინ როცა მერილ სტრიპს თავისუფლების საპატიო მედლით აჯილდოვებდა. თუმცა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში ოჯახია, ხოლო "ბედნიერებისათვის საჭიროა სამი რამ: სიყვარული, გემრიელი საჭმელი და სექსი".

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ