"ეს იქნება ქეთო"! - სიკეთისა და მშვენიერების განსახიერება მედეა ჯაფარიძე (+ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

"ეს იქნება ქეთო"! - სიკეთისა და მშვენიერების განსახიერება მედეა ჯაფარიძე (+ფოტოგალერეა)

ფოტოგალერეა

"ჩემო მედიკო, ამ დიდ წიგნში ყველაფერი შენ გეკუთვნის, ყოველი სტრიქონი შენითაა ნაკარნახევი, მაგრამ არ ვიცი, შენსავით მშვენიერია თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობდი, დამემსგავსებინა შენთვის", - წააწერა შექსპირის სონეტების თარგმანს რეზო თაბუკაშვილმა... მიძღვნა მის საყვარელ მეუღლეს, უმშვენიერეს მედეა ჯაფარიძეს ეკუთვნოდა.

ყველასთვის საყვარელი მსახიობი 1923 წლის 20 მარტს თბილისში დაიბადა. ქართული კინოს მშვენება სიცოცხლის ბოლომდე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი გახლდათ. იშვიათი სილამაზისა და შინაგანი სამყაროს მქონე ქალბატონის ყველა როლი განსაკუთრებული იყო. 1950 წელს მას საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

არადა, მას პატარაობიდანვე მძიმე ცხოვრება ხვდა წილად. მამა დაუპატიმრეს, დედას ამის ნიადაგზე სულიერი აშლილობა დაეწყო. ზრდიდა ბიძა... მედიკოს სათუთი გული ბევრ ტკივილს იტანდა.

ძალიან ადრე გათხოვდა, თუმცა სწავლა უზომოდ უნდოდა. მსახიობობაზე ოცნებობდა. შტატგარეშე მსახიობად დაიწყო მუშაობა "მარჯანიშვილის თეატრში". ვაჟას "მოკვეთილში" მისცეს ერთი ეპიზოდური (გულსუნდას) როლი და უბედნიერესი იყო.

მისი პირველი ქმარი გრიშა კოსტავა გახლდათ, მერაბ კოსტავას ბიძა. მოგვიანებით მედეა იხსენებდა: "ბევრს ახსოვს მერაბი, ვაჟკაცური, ღრმად ქართველი, მტკიცე ხასიათის, შეუპოვარი... სწორედ ასეთი იყო გრიშაც". იგი ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის დააპატიმრეს. კვლავ მძიმე დღეში ჩავარდა ლამაზი მედიკო. იმ პერიოდში მისი მთავარი მიზანი გრიშას შველა იყო. ახლობლები იხსენებდნენ: მედიკო სხვათა რჩევით მისთხოვდა ასაკით მასზე უფროს გრიშას, ეგონათ, პატრონს გაუჩენდნენ ბედისაგან დაჩაგრულს, მაგრამ პირიქით მოხდა - გრიშა დააპატიმრეს და იგი მედიკოს საზრუნავი გახდაო...

მაშინ 20 წლის იყო. თეატრზე ოცნება დაივიწყა; ვინ აღარ შეაწუხა გრიშას გამო. მარგარიტა მუსხელიშვილმა (მეცნიერის დამ) წერილი გაატანა ადმირალ ისაკოვთან, რომ იმას "საქმე ჩაეწყო" ულრიხთან. ეს ულრიხი განაგებდა მაშინ პოლიტპატიმართა ბედ-იღბალს. ჩავიდა მედიკო მოსკოვში და ულრიხთან თავის რიგს 6 თვე ელოდა. ნათესავთან ცხოვრობდა და მოთმინებით ელოდა იმ დღეს, როცა სისხლისმსმელ კაცთან შევიდოდა და ქმრის შეწყალებას სთხოვდა. მედიკო განცვიფრებული დარჩა, როცა ულრიხი იხილა, - "ეს იყო თეთრწვერა ბაბუა, რომელსაც კეთილი თვალები ჰქონდა", - იგონებდა მოგვიანებით. არადა, თავად მედიკო გახლდათ იმდენად კეთილი, რომ ყველა ადამიანში სიკეთის მარცვლებს ეძებდა...

მედიკოს ვიზიტის შემდეგ ულრიხმა გრიშა კოსტავას სიკვდილით დასჯა 10 წლის პატიმრობით შეუცვალა. ამბობენ, რომ გადასახლებიდან კოსტავას მედიკოსთვის შემოუთვლია, - ნუ დამელოდები, არ ვიცი, როდის გამოვაღწევ აქედან, ან გამოვაღწევ კი?! ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და თუ ვინმე ღირსეული გამოჩნდა, გაყევი ცოლადო...

ამ ორომტრიალის მერე მედიკომ გადაწყვიტა, სწავლისათვის სერიოზულად მოეკიდა ხელი. მოსკოვში გაემგზავრა კვლავ, ამჯერად უკვე სამხატვრო თეატრის სტუდიაში სასწავლებლად. მაშინ გაიცნო რეზო თაბუკაშვილი, სწორედ ის ღირსეული კაცი, კოსტავა რომ გულისხმობდა. იდგა 1947 წელი. რეზო ამ დროს დიპლომატიურზე სწავლობდა. იგი არ იყო მიჩვეული გოგონებისგან უარს. მედიკო დანახვისთანავე მოეწონა და პაემანიც დაუნიშნა, მაგრამ მედიკო არ მივიდა. გაუკვირდა რეზოს. მერე კაფეში დაპატიჟა. ქალი მისვლას არ დაჰპირებია, მაგრამ არც უარი უთქვამს, ამიტომაც ეგონა რეზოს, რომ პაემანი შედგებოდა, თუმცა კვლავ გაწბილებული დარჩა... ახლა უკვე

საგონებელში ჩავარდა ქალებისგან განებივრებული რეზო. ამასობაში კი მედიკოს სტუდიაში ნიჭიერ სტუდენტად მიიჩნევდნენ, მას როლებიც შესთავაზეს და ამით უსაზღვროდ გახარებულს სულაც არ ეცალა თაყვანისმცემლებისთვის. მას არ უნდოდა სხვა რამაზე გადართულიყო, ამიტომაც არავის არ აქცევდა ყურადღებას, მათ შორის არც რეზოს.

სწორედ იმ დროს, როცა მედიკომ ერთ საინტერესო როლზე დაიწყო მუშაობა, თბილისიდან შეატყობინეს: "ჩამოდი, დედა ავად არის". მედიკოს გულში კიდევ ერთი მგრძნობიარე სიმი ჩაწყდა. მას რეზოსთან მოუნდა განდობა და სანამ თბილისში წამოვიდოდა, ვაჟს დაურეკა. ისიც მაშინვე მედიკოსთან გაჩნდა... მთელი ღამე გაათენეს, რეზო შეძრული უსმენდა თავისი რჩეულის ტკივილით აღსავსე ცხოვრებას. როცა მედიკომ თავისი ამბავი დაასრულა, რეზომ თავი ვერ შეიკავა და ატირდა. მაშინ მიხვდა მედიკო, რომ ასეთ კაცს ხელს ვერ ჰკრავდა. იგი მართლაც ღირსეული ვაჟკაცი იყო, რომელიც მუდამ მის გვერდით იქნებოდა, ჭირშიც და ლხინშიც. მაშინ გაიფიქრა მედიკომ - რეზო მზეჭაბუკს ჰგავსო. ქალი ვაჟს დროებით დაემშვიდობა და თბილისში წამოვიდა დედის მოსავლელად.

იმხანად ტაბლიაშვილი "ქეთოს და კოტეს" იღებდა, მოჰკრა თუ არა მედეას თვალი, მაშინვე თქვა: "ეს იქნება ქეთო"! დაიწყეს ფილმის გადაღება. მედიკო გადაღებიდან მაშინვე სახლში, დედასთან გარბოდა. იგი დედასთან ერთად იწვა ჩაბნელებულ ოთახში. მხოლოდ რეზოს მონატრება აფერადებდა იმ პერიოდს. ნათესავები ურჩევდნენ, - დედაშენი საავადმყოფოში დააწვინეო, მაგრამ მედიკომ იცოდა, რომ დედას იქ ყოფნა ძალიან ეჯავრებოდა. ადრე დედა ფსიქიატრიულში რომ მიჰყავდათ და მკურნალობას უტარებდნენ, ახსოვდა, როგორ იტანჯებოდა, როგორ არ უნდოდა საავადმყოფოში წასვლა, ამიტომ საავადმყოფოზე უარი თქვა და დედა შინ დაიტოვა. დღისით გადაღებებზე მიდიოდა, გადაღების დამთვრებისთანავე კი სახლში მიიჩქაროდა და მთელ დანარჩენ დროს ავადმყოფ ქალთან ატარებდა. როცა დედას ჩაეძინებოდა, ლამფას მიიდგამდა (რათა დედას არ გაღვიძებოდა შუქზე) და ვინ იცის, მერამდენედ კითხულობდა რეზოს წერილებს.

მედეა ჯაფარიძემ მომავალი მეუღლე მოსკოვში გაიცნო, სადაც სამხატვრო თეატრის სტუდიაში სასწავლებლად გაემგზავრა.

"რეზო 1947 წელს გავიცანი. მზეჭაბუკივით ვაჟკაცი იყო და გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ვხვდებოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი გრძნობის წინაშე დამაყენებდა და ინსტინქტურად ვუფრთხოდი მას", - მედეა ჯაფარიძე.

"თუ დამიჯერებ, მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე 20 წლის წინათ", - ეს სიტყვები ფილმში "მზე შემოდგომისა" მწერალმა და დრამატურგმა რეზო თაბუკაშვილმა თავისი სცენარის მთავარ გმირს, მხატვარ ვახტანგს ათქმევინა, რომლის პროტოტიპი თავად იყო, ამ სიტყვებისადრესატი კი მედეა ჯაფარიძე გახლდათ

1950 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, მედეა ჯაფარიძეს და რეზო თაბუკაშვილს ვაჟი შეეძინათ - ლაშა. მის დაბადებამდე ერთი თვით ადრე კი მედეამ, რვა თვის ორსულმა, სპექტაკლ "ჭრიჭინაში" ითამაშა. მაყურებელი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს ორსულ მსახიობს, რომელიც ხეზე დახტუნავდა და კიბეებზე დაჰქროდა. მიუხედავად იმისა, რომ მედეას "ჭრიჭინა" უდიდესი წარმატებით სარგებლობდა, ამ პიესის მიხედვით გადაღებულ ფილმში ეს როლი სხვა მსახიობს მიანდეს. ამით დაიწყო მედეას უიღბლობა კინოში. ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი დიდი ტკივილი შემოქმედებაში.

ლეგენდარული მსახიობი 1994 წელს გარდაიცვალა. ის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.

ლილი იოსელიანი: "იგი სიკეთის განსახიერებაა, მასთან მყოფს გჯერა, რომ ამქვეყნად ბოროტება არ არსებობს".

ვერიკო ანჯაფარიძე: "მედეა მაგონებს გაზაფხულის ყვავილს, რომელიც ნაზ სურნელებას გამოსცემს და გათბობს".

ვახტანგ ტაბლიაშვილი: "რეჟისორს უყვარს ის მსახიობი, რომელსაც აქვს საკუთარი ინიციატივა. ასეთი მსახიობი იღებს რეჟისორისგან მარცვალს და ზრდის თავისებურ სახეს. ასე შექმნა მედეამ ქეთო "ქეთო და კოტეში". მიხარია, რომ მის ბიოგრაფიაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ჯულიეტას, რომელიც ერთობლივად შევქმენით".

ტონინო გუერა: "დღეს, როცა კაცობრიობის მშვენიერებას ამდენი საშიშროება ემუქრება, ბედნიერებაა, ხედავდე ისეთ ადამიანს, როგორიცაა მედეა ჯაფარიძე, რომლის შემოქმედებითი ნიჭი, სულიერი და ფიზიკური მშვენიერება მაღალი იდეალებისკენ მიიწევს და მისი შემხედვარე თითქოს შენც მაღლდები".

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ