"შვილი რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა" - "კოკაინის მეფის" ცხოვრება და სიკვდილი - კვირის პალიტრა

"შვილი რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა" - "კოკაინის მეფის" ცხოვრება და სიკვდილი

"ყველას აქვს თავისი ფასი, მთავარია გაარკვიო ვინ რამდენი ღირს"

"ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ღმერთი ვარ, თუ ვიტყვი, რომ რომელიმე ადამიანი უნდა მოკვდეს, ის იმავე დღეს კვდება"

"კოკაინის მეფე" - ასე მოიხსენიებენ მსოფლიოში ცნობილ ნარკობარონს, პაბლო ესკობარს, რომელიც იმ დროისათვის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. ცნობილი კონტრაბანდისტის ქონება 1990-იანების დასაწყისში 30 მილიარდ ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული.

ფოტოგალერეა

დასაწყისი

პაბლო ემილიო ესკობარ გავირია 1949 წლის 1-ლ დეკემბერს, კოლუმბიაში, მედელინიდან 40 კილომეტრის დაშორებით, რიონეგროში დაიბადა. პაბლოს მამა ფერმერი იყო, დედა კი - სკოლის მასწავლებელი. ოჯახში თანატოლების მსგავსად პაბლოსაც უყვარდა ლეგენდარულ კოლუმბიელ "ბანდიტოსებზე" საგმირო ამბების მოსმენა. იმაზე, თუ როგორ ძარცვავდნენ მდიდრებს და ეხმარებოდნენ ღარიბებს.

პაბლომბავშვობ ღარიბ უბანში გაატარა, არც ისე სანიმუშო მოსწავლე იყო, ამიტომ 16 წლისა სკოლიდან გამოუშვეს და მისი დანაშაულებრივი ცხოვრებაც იმ დროიდან დაიწყო. თავდაპირველად ძარცვავდა საფლავებს, იპარავდა საფლავის ქვებს და მანქანებს, გარშემო კრიმინალები შემოიკრიბა და საკუთარი ბანდაც შექმნა.

27 წლის პაბლო ესკობარმა ცოლად მოიყვანა მარია ვიქტორია ჰენაო ველეჯო, რომელიც იმ დროისთვის მხოლოდ 15 წლის იყო. წყვილს ორი შვილი - ვაჟი ხუანი და გოგონა - მანუელა ჰყავდა. "შემიძლია ერთმანეთს ჩავანაცვლო ყველაფერი, მაგრამ ვერასდროს ვერაფერს ვანაცვალებ ჩემს ცოლ-შვილს", - ამბობდა ნარკობარონი.

პაბლო ესკობარი ცოლ-შვილთან ერთად

1971 წელს ესკობარის ბანდამ გაიტაცა ბიზნესმენი დიეგო ეჩევარიო. მის სანაცვლოდ გამტაცებლებმა რამდენიმე მილიონი მოითხოვეს, საბოლოოდ ბიზნესმენი მოკლეს, ამბავი კი უმალ გავრცელდა კოლუმბიაში, მომხდარმა გაახარა ღარიბი მოსახლეობა, რადგან ეჩევარიო, როგორც ამბობენ, ღარიბების განსაკუთრებული ექსპლუატატორობით გამოირჩეოდა.

1972 წელს ესკობარი მედელინში უკვე ყველაზე ცნობილი ავტორიტეტული დამნაშავე იყო.

ამერიკელთა 1970-იანელ თაობას მხოლოდ მარიხუანა აღარ აკმაყოფილებდა, უფრო ძლიერი ნარკოტიკი ესაჭიროებოდა. მალე ამერიკაში გაჩნდა კოკაინი, რაზეც პაბლომ თავისი დანაშაულებრივი ბიზნესის აწყობა დაიწყო. ცოტა ხანში ესკობარი კოლუმბიის კოკაინის ინდუსტრიას თითქმის სრულად აკონტროლებდა. მოგვიანებით მან და მასთან დაახლოებულმა სამმა ბიზნესმენმა შექმნეს მედელინის ნარკოკარტელი. ეს იყო უმსხვილესი კარტელი, რომელიც აშშ-ში კოკაინს ავრცელებდა.

კოკაინის გადასატანად ისინი თვითმფრინავებსა და წყალქვეშა ნავებსაც კი იყენებდნენ.

"დონ-პაბლო" პოლიტიკაში და აშშ-ს პრეზიდენტი ნარკობარონთა წინააღმდეგ

პაბლო ესკობარმა ბედი პოლიტიკაშიც ცადა. მან თავისი კანდიდატურა კოლუმბიის კონგრესში წარადგინა და 32 წლის კონგრესმენის შემცვლელი გახდა. კონგრესში არჩევის შემდეგ, ის კოლუმბიის პრეზიდენტობაზე ოცნებობდა, მაგრამ საარჩევნო რბოლაში კოკაინის ბინძური ფულის ჩადების წინააღმდეგ იუსტიციის მინისტრმა როდრიგო ლარა ბონიამ ფართო კამპანია გააჩაღა. ამის გამო, 1984 წელს ესკობარი კოლუმბიის კონგრესიდან გარიცხეს. სრულიად მოულოდნელად იუსტიციის მინისტრი მოკლეს, შურისძიების კვალი კი ესკობართან მიდიოდა.

1980-იან წლებში ამერიკის პრეზიდენტი რეიგანი ნარკობარონთა წინააღმდეგ ილაშქრებს, ის ავალებს სამართალდამცველ უწყებებს ბრძოლას ნარკობარონთა წინააღმდეგ არა მარტო აშშ-ში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის კოლუმბიაშიც.

ამერიკელებმა კოლუმბიის ხელისუფლებას ესკობარისა და რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენის გადაცემა მოსთხოვეს. სამართალდამცავთა მცდელობების მიუხედავად, პაბლომ შეძლო და პოლიციას დაემალა, ის მხოლოდ ერთი პირობით ჩაბარდებოდა, თუ კოლუმბიაში მოიხდიდა სასჯელს და არ მოხდებოდა მისი ექსტრადირება აშშ-ში.

ესკობარმა რამდენჯერმე შეძლო ციხისთვის თავის დაღწევა, საბოლოდ კი, 1991 წელს ის ჩაბარდა ხელისუფლებას, თუმცა ციხეც კი, სადაც ის ჩაჯდა, მისი საკუთრება იყო და ნამდვილად არ ჰგავდა ციხეს. აუზი, კაზინო, ღამის კლუბი, ჯაკუზი, სპორტული მოედანი - ასეთი იყო "ლა კათედრალი", ციხე, სადაც პაბლო ეკსობარი სასჯელს იხდიდა. ასეთი ყოფის გამო, 1992 წლის 22 ივლისს პრეზიდენტმა გავირიამ ესკობარის ნამდვილ ციხეში გადაყვანა ბრძანა, მაგრამ ესკობარმა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო და ციხიდან გაიქცა.

პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის სიკვდილი

1990-იან წლებში პაბლო ესკობარი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. მისი სიმდიდრე 30 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. ის ამერიკის ძებნილი ნარკობარონების სიას ედგა სათავეში და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დამნაშავე გახლდათ.

1993 წლის 1-ლ დეკემბერს, ესკობარს 44 წელი შეუსრულდა, იცოდა, რომ ეძებდნენ, ამიტომ ცდილობდა, ტელეფონით ნაკლები ელაპარაკა, თუმცა ოჯახის მონატრებამ თავისი ქნა და ვაჟს დაურეკა. პოლიციამ მას მარტივად მიაგნო, სახლს, რომელშიც ესკობარი იმალებოდა, ალყა შემოარტყეს. სპეცრაზმელებმა კარი შეამტვრიეს და შიგნით შეიჭრნენ, ესკობარის მცველმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, თვითონ მძიმედ დაჭრილი ფანჯრიდან გადმოვარდა. ესკობარმა გაქცევა სცადა და ფანჯრიდან სახურავზე აძვრა. გაისმა სროლის ხმა და ესკობარი უგონოდ დაეცა. არსებობს ვარაუდი, რომ ის სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ "დონ-პაბლომ" თავი მოიკლა...

იმავე წლის 3 დეკემბერს ათასობით კოლუმბიელმა მედელინის ქუჩები გაავსო. ესკობარის დაკრძალვას 25 000 ადგილობრივი მაცხოვრებელი დაესწრო. ზოგი ნარკობარონის სიკვდილს განიცდიდა, სხვები კი სიხარულს გამოხატავდნენ.

გთავაზობთ საინტერესო ცნობებს პაბლო ესკობარის შესახებ:

თავის ერთ-ერთ უზარმაზარ სამფლობელოში - პუერტო ტრიუნფოში ესკობარმა საკუთარი ზოოპარკი მოაწყო, სადაც უამრავი სპილო, ჟირაფი, ჰიპოპოტამა და სხვა ცხოველები ბინადრობდნენ.

ღარიბმა მოსახლეობამ, რომელთაც ესკობარი ეხმარებოდა, ნარკობარონს ზედმეტსახელად რობინ ჰუდი უწოდა. ამას გარდა მისი ზედმეტსახელი იყო "დონ პაბლო" და "ელ პატრონა".

გავრცელებული ხმებით, ესკობარს 4000 ადამიანი ჰყავს მოკლული, მათ შორის 200 მოსამართლე, 1000 პოლიციელი, ჟურნალისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები. "ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ღმერთი ვარ, თუ ვიტყვი, რომ რომელიმე ადამიანი უნდა მოკვდეს, ის იმავე დღეს კვდება".

როდესაც ესკობარის ოჯახი სამართალდამცავებს ემალებოდა, პაბლოს ქალიშვილი მანუელა ავად გახდა. შვილი რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა.

იმისათვის, რომ ხელისუფლებას ექსტრადიციის შესახებ კანონი შეეცვალა, ესკობარმა კოლუმბიას 10 მილიარდი დოლარი შესთავაზა.

მთელი 7 წლის განმავლობაში ესკობარი ჟურნალ "ფორბსის" სიაში უცვლელ ადგილს იკავებდა, როგორც ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში.

ესკობარის ბიზნესი დიდი და მრავალფეროვანი იყო,ის მოიცავდა მანქანებს, თვითმფრინავებს ვერტმფრენებს, ნავებს, მან ასევე იყიდა 2 წყალქვეშა ნავი, რათა კოკაინი ამერიკაში გადაეტანათ.

ესკობარს ყველაზე მეტად ექსტრადიციის ეშინოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მას არ სურდა, რომ სიცოცხლის უკანაკსნელი წლები ამერიკის ციხეში გაეტარებინა. "მირჩევნია ჩემი სხეული განისვენებდეს კოლუმბიის მიწაზე, ვიდრე აშშ-ში, ციხეში".

მიუხედავად მისი უამრავი სისხლიანი საქმისა და გარიგებისა, ესკობარმა რამდენიმე პროგრამა შეიმუშავა ღარიბი კოლუმბიელების დასახმარებლად. ის ფულს ურიგებდა ეკლესიებსა და საავადმყოფოებს, დააფუძნა გაჭირვებულთა თავშესაფრები, სადაც ხალხი უფასოდ იღებდა საკვებს, მანვე ააშენა პარკები და სპორტული მოედნები...

ესკობარმა თავისი სახელი და პოპულარობა იმაში გამოიყენა, რომ ის აერჩიათ კოლუმბიის კონგრესში. "ყველას აქვს თავისი ფასი, მთავარია გაარკვიო ვინ რამდენი ღირს", -  ხშირად იმეორებდა თურმე "კოკაინის მეფე".

ფოტოგალერეა

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)