"სოფელში ვცხოვრობ და შინ ისე მაცვია, რომ შეიძლება ვერც წარმოიდგინო, რომ ეს პირველი ლედია..." - კვირის პალიტრა

"სოფელში ვცხოვრობ და შინ ისე მაცვია, რომ შეიძლება ვერც წარმოიდგინო, რომ ეს პირველი ლედია..."

"დღეს ჩემი დღე ყოფილა, გილოცავთ ყველას ვისაც სოფლის ქალი შეიძლება ეწოდოს! ჯერჯერობით სრულყოფილი არ ვარ, მაგრამ ვცდილობ გავამართლო და დავხვეწო ჩემი თავი სოფლის მეურნეობაში..." - ასე გამოეხმაურა პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გასულ წელს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეს - 15 ოქტომბერს.

(იხილეთ ასევე: როგორ გადაურჩა "გაზის ჯარიმას" მარგველაშვილი - რას ჰყვება პრეზიდენტზე მისი "მოურავი")

პრეზიდენტი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად დუშეთში კარგა ხანია გადავიდა. პირველმა ქალბატონმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან"

ინტერვიუში ასე გაიხსენა საცხოვრებლად სოფლად გადასვლა და იქ "სიხარულის ბაღის" გაშენება.

(ფოტოგალერეა)

"მას შემდეგ, რაც დუშეთში გადავედით საცხოვრებლად, ბაღის მოვლის სურვილი გამიჩნდა. ყველაფერი კი ერთი ხვიარა ვარდით დაიწყო, რომელსაც მეც და გიორგიც თავს ვევლებოდით.

ყოველთვის ვნატრობდი, ეზოიანი სახლი მქონოდა, მიწა, სადაც ბაღს გავაშენებდი და მცენარეებს მოვუვლიდი. თუმცა, ეს არცთუ ადვილი აღმოჩნდა, რადგან ბაღს, ბოსტანსა და ხეხილს სხვაგვარი დაპროექტება სჭირდება. უნდა იცოდე, სად რა ტიპის მცენარე დარგო, ბოსტნეულს სად და როგორ მიუჩინო ადგილი. ყველა მცენარეს შეწამვლა სჭირდება, ნიადაგის განოყიერება, გამარგვლა, გასხვლა... ყველაფერს უცებ ვერ ისწავლი, ეს დროთა განმავლობაში მოდის და რაც მეტი მცენარე გაქვს, მით მეტი დრო და ენერგიაა საჭირო, რომ არაფერი გამოგრჩეს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ეზოში ბევრი ციცარი, კატა და ძაღლი გვყავს. აბა, როგორ ავუხსნა მათ, რომ მცენარეებზე სირბილი არ შეიძლება? ჰოდა, ხშირად მიფუჭებენ ნარგავებს...

- ყვავილების გარდა, ბაღში კიდევ რა გაქვთ?

- პომიდორი, კიტრი, კარტოფილი, მარწყვი, მწვანილი, სტაფილო, კომბოსტო - აი, რას ნახავთ ჩემს ბოსტანში. ასე რომ, ახლა შემიძლია, პატარა თემოს სუფთა პროდუქტებისგან მოვუმზადო ბოსტნეულის წვნიანი.

- ბატონ პრეზიდენტსაც უყვარს მცენარეების მოვლა?

- ეს ყველაფერი გიორგის დამსახურებაა, სწორედ მას ვუმადლი სოფელში, ეზოიან სახლში ცხოვრებას. მას ხშირად ნახავთ ბარით, ან ბალახის საკრეჭი მანქანით. მისთვის ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სახლიც, ფაქტობრივად, თვითონ გამართა, ინტერიერზე კი ერთად ვიზრუნეთ. თუ რამე შესაღებია, მე ვარჩევ ფერს და შემდეგ ვღებავ. ორივეს ძალიან მოგვწონს გარემო, რომელიც ერთად შევქმენით... (იხილეთ სრულად)

არავისთვის იქნება მოულოდნელი თუ ვიტყვით, რომ პირველი ლედის თავისუფალი სტილი, ჩაცმულობა და განსაკუთრებული ელეგენტურობა არასდროს რჩება საზოგადოების ყურადღების მიღმა.

გადაცემა "სხვა შუადღის" ეთერში, ქვეყნის პირველმა ლედმა, მაკა ჩიჩუამ მისი ჩაცმულობის სტილსა და ზოგადი ეტიკეტების წესებზე ისაუბრა:

"ჩემი ბუნებრივი ჩაცმულობა ყოველთვის იყო სპორტულისკენ მიმართული, ვიდრე ელეგანტური. ცოტა აკადემიური, ოფიციალური, ისეთი კლასიკური, როგორიც შეეფერება ქვეყნის პირველი პირის მეორენახევარს. ამავე დროს უნდა იყო ინდივიდუალური, არ მოექცე ჩაერჩოებში".

პირველი ელეგანტური სამოსი პირველი ლედის ამპლუაში

"არ მიწვალია სამოსის შერჩევაზე, მაგრამ ვიფიქრე. არ მიყვარს ბევრი ფიქრი. ცხოვრებაში არ მქონია ასეთი მდგომარეობა. არ ვანიჭებ მას დიდ ყურადღებას. ჩაცმის მიმართ ჩემი განწყობა ყოველთვის მსუბუქი იყო".

ფერების პროტოკოლი

"პროტოკოლი ფერებშიც არის. საღამოზე, წვეულებაზე, ყველგან თავისი ფერია, იქ შეგიძლია პატარა "იმაიმუნო". მაგრამ არის გარკვეული ჩარჩოები, რასაც უნდა გაუწიო ანგარიში და გაყვე იმ ხაზს.

თუ ხარ შემოქმედებითი პიროვნება, მაშინ გამოდის ძალიან საინტერესო. არასდროს მიყიდია კარგი ბრენდის ტანსაცმელი, ვინაიდან ძვირი ღირს, არ მქონდა ამის შესაძლებლობა. ყოველთვის შეიძლება ისეთი რაღაცის პოვნა, რომ შენ შექმნა ბრენდი".

სახლში

"სოფელში ვცხოვრობ და იქედან გამომდინარე, რომ სოფელში სხვა საჭიროებებია, ისე მაცვია, რომ შეიძლება ვერ წარმოიდგინო, რომ ეს პირვლი ლედია... - შესაბამისად მაცვია, როგორც ვცხოვრობ". (იხილეთ წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა: პრეზიდენტის ოჯახის სოფლური ცხოვრების იდილია

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Georgia’s First Lady on rural life: “I always dreamed of having garden and growing plants”