"სილამაზე დედისგან მერგო" - აზერბაიჯანის ყველაზე მოდური და გავლენიანი პირველი ლედი - კვირის პალიტრა

"სილამაზე დედისგან მერგო" - აზერბაიჯანის ყველაზე მოდური და გავლენიანი პირველი ლედი

მეჰრიბან ალიევა - აზერბაიჯანის პირველი ქალბატონი, ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი და კეთილი ნების ელჩი "იუნესკო"- ში.

ფოტოგალერეა

მეჰრიბან არიფის ასული ალიევა (ქალიშვილობის გვარი ფაშაევა) 1964 წლის 26 აგვისტოს, ბაქოში დაიბადა. როგორც "ვიკილიქსი" წერს, ალიევა აზერბაიჯანის ერთ-ერთ გავლენიან ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა ცნობილი მწერალი მირ ჯალალ ფაშაევი იყო; ბიძა  ჰაზიფ ფაშაევი აზერბაიჯანის პირველი ელჩი გახლდათ აშშ-ში; მეჰრიბანის მამა, არიფ ფაშაევიკი ბაქოს ნაციონალური ავიაციის აკადემიის რექტორი, ხოლო დედა, აიდა იმანგულიევა, ცნობილი ფილოლოგი და არაბისტი იყო.

1981 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეჰრიბანი ჰეიდარ ალიევის ვაჟს, ილჰამ ალიევზე დაქორწინდა. თუმცა მეჰრიბანმა პარალელურად სწავლა გააგრძელა აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი, სეჩენოვის მოსკოვის სამედიცინო აკადემიაში. პირველი ლედი, პროფესიით ექიმია.

ალიევებს 2 ქალიშვილი - ლეილა, არზუ და ვაჟიშვილი, ჰეიდარი ჰყავთ. 31 წლის ლეილა ჟურნალ "ბაქოს" რედაქტორია, რომელსაც აზერი ბიზნესმენი, არას აგალაროვი აფინანსებს, ხოლო მისი ვაჟი, ემინ აგალაროვი ლეილას ქმარია.

მამათილის, ანუ ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შემდეგ, 2004 წელს მეჰრიბან ალიევამ დააფუძნა "ჰეიდარ ალიევის სახელობის ფონდი", რომელიც ორინეტირებულია განათლებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობაზე. ეს უკანასკნელი კი, ჰეიდარ ალიევის პოლიტიკურ იდეოლოგიას წარმოაჩენს.

ერთ-ერთი უცხოური გამოცემის ცნობით, "ჰეიდარ ალიევის სახელობის ფონდი აშენებს უფრო მეტ სკოლას, ვიდრე აზერბაიჯანის განათლების სამინისტრო, უფრო მეტ საავადმყოფოს, ვიდრე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო, და უფრო მეტ კულტურულ ღონისძიებას ატარებს, ვიდრე კულტურის სამინისტრო".

2004 წელს მეჰრიბან ალიევა "იუნესკოს" კეთილი ნების ელჩი გახდა ზეპირი და მუსიკალური ტრადიციების მხარდაჭერისთვის.

2005 წელს საპარლამენტო არჩევნებში ალიევა პარტია "ახალი აზერბაიჯანის" წევრობით, ქვეყნის პარლამენტის დეპუტატი გახდა და მას შემდეგ ყველა მოწვევის პარლამენტის წვერია.

"ვიკილიქსის" დოკუმენტების მიხევდით, მეჰრიბან ალიევა არასდროს ესწრება საპარლამენტო სესიებს. "საელჩო მონიტორიგნის სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც გასულ წელს ყველა სესიას დაესწრნენ, მეჰრიბან ალიევა პარლმენტში თვალით არ უნახავთ".

იმასაც ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, ალიევა დიდი ხანია დეპუტატია, პოლიტიკურ საკითხებში ღიად ნაკლებად ერევა, თუმცა, ფაქტია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის პოლიტიკურზეც, მისი გავლენა ძალიან დიდია. ალიევებთან დაახლოვებული პირები არაოფიციალურად შენიშნავენ, რომ პრეზიდენტი ქმარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინ სწორედ ქალბატონ მეჰრიბანს ეთათბირება და მის აზრსაც ხშირად ითვალისწინებს.

2005 წელს, გამოცემა The Sunday Times მეჰრიბან ალიევას გადაწყვეტილებაზე, შესულიყო პარლამენტში, წერდა, რომ ალიევას ქვეყანაში უკვე ჰქონდა "მნიშვნელოვანი გავლენა", ხოლო "ჰეიდარ ალიევის ფონდი" იყო ძლიერი და მდიდარი ინსტიტუტი, რომელიც შეიქმნა გარდაცვლილი პრეზიდენტის მემკვიდრეობის დასაცავად და რომელიც მხარს უჭერდა ბევრ საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროექტებს".

რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და მოდური პირველი ლედი, რომელიც მუდამ პრეზიდენტი ქმრის გვერდითაა, კარგად ერკვევა მოდასა და ხელოვნებაში.

"დედაჩემი დაუჯერებლად ლამაზი ქალი იყო. ის ფლობდა იმ იშვიათ სილამაზეს, როდესაც კლასიკური მშვენიერება შერწყმულია იდნივიდუალიზმთან. სადაც არ უნდა მისულიყო, ყველას მზერა მისკენ იყო მიმართული", სილამაზე სწორედ დედისგან გამომყვა", - ამბობს ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

ერთ-ერთ ინტერვიუში ალიევამ აღნიშნა, რომ მოდა მისთვის საინტერესო პროცესია და როგორც ამბობს, ყველაზე მეტად შავი ფერი და თანამედროვე კლასიკა უყვარს.

მოდური გამოცემები ხშირად აღნიშნავენ, პირველი ლედის გატაცებას მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება ეტიკეტს.

ალიევა ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად არც პროტოკოლით დადგენილ კაბის სიგრძეს ითვალისწინებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრ მუსულმანურ ქვეყნებში არ იწონებენ მეჰრიბან ალიევას გლამურულ-სექსუალურ სტილს, ფიქრობენ, რომ ნამდვილ მუსულმან ქალს ასე არ უნდა ეცვას. თუმცა უდაოა, რომ ალიევა მუდამ იპყრობს გარშემომყოფების ყურადღებას.

მეჰრიბანი ხშირად პოზირებს პრიალა ჟურნალებისთვის, როგორც ამბობენ, უარს არ ამბობს პლასტიკურ ქირურგიაზე და ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება. შესაბმისად, ქალიშვილებთან ერთად ლამის მათი ტოლი ჩანს.

იხილეთ ფოტოგალერეა

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)