მსოფლიოს გავლენიანი მმართველების არანაკლებ გავლენიანი ქალიშვილები (+ ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

მსოფლიოს გავლენიანი მმართველების არანაკლებ გავლენიანი ქალიშვილები (+ ფოტოგალერეა)

ფოტოგალერეა

ცნობილი პოლიტიკური ლიდერების ოჯახის წევრები ხშირად ექცევიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ზოგიერთი მათგანის შვილი კი საკუთარი საქმიანობით მშობლებზე მეტ პოპულარობასაც კი აღწევს.

ივანკა ტრამპი

ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილებზე, განსაკუთრებით კი ივანკა ტრამპზე, რომელსაც, როგორც ამბობენ, თეთრ სახლში სპეციალური კაბინეტიც კი გადაეცა. აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში ხუმრობენ, რომ თეთრ სახლში მამის მთავარი ინფორმატორი სწორედ ივანკაა. 35 წლის ივანკას ოფიციალური თანამდებობა არ აქვს, თუმცა ყველასთვის ცნობილია მისი სამოდელო კარიერის შესახებ.

მარიამ ნავაზ შარიფი

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფის ქალიშვილი, მარიამ ნავაზ შარიფი თავდაპირველად საოჯახო ბიზნესსა და საქველმოქმედო აქციებს ხელმძღვანელობდა, თუმცა მოგვიანებით დიდი როლი ითამაშა მამის მეორე ვადით არჩევაში. ის ამჟამად „პაკისტანის მუსლიმანთა ლიგის“ წევრია. მარიამთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტი ამბობს: "ყველასთვის ცხადია, რომ მას დიდი გავლენა აქვს პლიტიკურ საკითხებში, შესაძლოა, ის მამის მემკვიდრეც გახდეს“.

გასულ წელს გავრცელებულ სკანდალურ „პანამის დოკუმენტებში“ იყო ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ მარიამს და მის ძმებს ოფშორულ ზონებში დიდძალი ქონება აქვთ დარეგისტრირებული, თუმცა ეს ყველაფერი მარიამის მამამ, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა უარყო და გავრცელებული ჭორი მისი ოჯახის წინააღმდეგ მოქმედებად შეაფასა.

პუტინის ქალიშვილი ეკატერინა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილების შესახებ ინფორმაცია დიდწილად დახურულია. უამრავი იწერება თავად პრეზიდენტის საყვარლებზე და პირად ცხოვრებაზე, თუმცა მისი ქალიშვილების შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია.

როგორც ამბობენ, პუტინის უმცროსი ქალიშვილი ეკატერინა, მოსკოვში კატერინა ტიხონოვას სახელით ცხოვრობს. ის პუტინის მეგობრის ვაჟს, კირილ შამალოვს გაჰყვა ცოლად. წყვილის პირადი კაპიტალი  ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. როგორც აღმოჩნდა, კატერინას ძალიან უყვარს აკრობატული როკ - ენ - როლი და შეიცარიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილიც დაიკავა. გასულ წელს პრესაში საკამოდ ბევრი იწერებოდა მის კორუფციულ სქემებში მონაწილეობაზე, თუმცა ეს ყველაფერი ოფიციალურმა კრემლმა სასწრაფოდ ჩაფარცხა.

იზაბელ დუშ სანტუში

43 წლის იზაბელ დუშ სანტუში კი ანგოლის მეორე პრეზიდენტის, ჟოზე ედუარდუ დუშ სანტუშის უფროსი ქალიშვილია. „ფორბსის“ 2013 წლის კვლევის მიხედვით, იზაბელი პირველი ქალია, რომელიც მილიარდერთა სიაში შევიდა. ის აფრიკის ყველაზე მდიდარი ქალბატონია და მისი ქონება 3,2 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.

„წარმატება, რომელსაც მივაღწიე უეცრად არ მოსულა, ამ ყველაფერს ორ ათწლეულზე მეტი დასჭირდა“, - ამბობს ის. როგორც ცნობილია, იზაბელს აქვს წილები როგორც ალმასის მოპოვების ასევე ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, ტელეკომუნიკაციის და სხვა უამრავ სფეროში, რომლიც სწორედ მამის ჟოზე ედუარდუ დუშ სანტუშის მეოხებით მიიღო.

სიუმეიე ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის უმცროსმა ქალიშვილმა სიუმეიე ერდოღანმა ამერიკასა და ბრიტანეთში მიიღო განათლება. პოლიტოლოგი გოგონა მამას ხშირად დაჰყვებოდა სხვადასხვა ოფიციალურ შეხვედრაზე და ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებშიც ერთვებოდა.

2015 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიუმეიე შესაძლოა პარლამენტშიც შესულიყო, თუმცა მან კენჭი აღარ იყარა. დღესდღეობით ის ისევ მამის პოლიტიკის მხარდამჭერი და ამასთან ერთად, ქალთა უფლებების დამცველია.

ოსოდა რაჰმონი

39 წლის ოსოდა რაჰმონი კი ტაჯიკეთის პრეზიდენტის, ემომალი რაჰმონის ქალიშვილია. გოგონა 2016 წლიდან მამის, ანუ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. დიპლომატის წოდების მოპოვებასთან ერთად, ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც გახდა.

მარიელა კასტრო

ფიდელ კასტროს შთამომავალი, კუბის ამჟამინდელი პრეზიდეტის, რაულ კასტროს გოგონა, მარიელა კასტრო ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებადამცველია. 1962 წელს დაბადებული მარიელა, დედის ვილმა ესპინის მსგავსად, ადამიანთა უფლებადამცველი გახდა. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს სექსუალური უმცირესობების, შიდსისა თუ სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასა და გარდამტეხი კანონების მიღებაში.

მნიშვნელოვანია, რომ მისი ლობირებით კუბაში სქესის შეცვლის ოპერაცია უფასო გახდა. (წყარო)

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს კანონი ქვეყნის მოსახლეობამ უარყოფითად მიიღო, თუმცა, როგორც ამბობენ, "ის პრეზიდენტის ქალიშვილია და მისთვის ყველაფერი შეიძლება".

დარიგა ნაზარბაევა

ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის შვილი დარიგა კი, ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალბატონად ითვლება. ის 2015 წელს ქვეყნის ვიცე-პრემიერი გახდა, შემდეგ კი სენატის წევრის სტატუსიც მიიღო.

გულნარა და ლოლა ქარიმოვები

გავლენიანი გოგონები ჰყავს უზბეკეთის ექსპრეზიდენტს, ისლამ ქარიმოვს. უმცროსი გოგონა ლოლა იუნესკოში უზბეკეთის წარმომადგენელია. აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო აქციებში. ის ბიზნესმენს გაჰყვა ცოლად და ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს. მისი ოჯახის ქონება 200 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ქარიმოვის უფროსი ქალიშვილი გულნარაც დიპლომატიური მისიით სხვადასხვა დროს მივლენილი იყო, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე გაეროსა და ესპანეთშიც. მის სახელთან არის დაკავშირებული საიუვილერო ბრენდის Guli - ს შექმნა. პოლიტიკურ წრეებში ფიქრობდნენ, რომ სწორედ ის იქნებოდა მამის მემკვიდრე, თუმცა გოგონა სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულეს. მას შინაპატიმრობა მიესაჯა ამიტომ მამის დაკრძალვაზეც კი ვერ მივიდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ