"დედაზე ფიქრს ვუკრძალავდი საკუთარ თავს... მაინც ვერაფერს შევცვლიდი - დედას ვერაფერი დამიბრუნებდა" - კვირის პალიტრა

"დედაზე ფიქრს ვუკრძალავდი საკუთარ თავს... მაინც ვერაფერს შევცვლიდი - დედას ვერაფერი დამიბრუნებდა"

ფოტოგალერეა

პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან უკვე 20 წელი გავიდა...

"როდესაც დაიანა გარდაიცვალა, 15 წლის ვიყავი და ყველაზე ძალიან ვბრაზობდი..." - ეს გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრის, უფლისწულ უილიამის პირველი საჯარო განცხადებაა დედის გარდაცვალებით მიყენებულ ტკივილზე.

ტრაგედია, რომელიც წლების წინ, ბრიტანულ სამეფო ოჯახში დატრიალდა და რომელსაც პრინცესა დაიანა ემსხვერპლა, შვილებისთვის დღემდე მტკივნეულად გასახსენებელია, ისინი ამაზე ლაპარაკს მუდამ თავს არიდებდნენ, თუმცა პრინცი უილიამი იყო პირველი, რომელმაც გადატანილ ტრაგედიასა და საკუთარ განცდებზე საჯაროდ ისაუბრა. ეს საქველმოქმედო ფონდ Child Bereavemen-ის მიერ ორგანიზებულ საღამოზე მოხდა. ფონდი თავის დროზე ლედი დიმ დაარსა, ბოლო 6 წლის განმავლობაში კი მისი კურატორი უილიამია.

"კარგად მესმის, რასაც გრძნობდა დედა, როდესაც ამ ფონდს აარსებდა... ვიცი, რა მტკივნეულია, როდესაც აღარ არსებობს ადამიანი, ვისაც დედას დაუძახებ, - ეს საშინელი გრძნობაა", - ბრძანა  მან.

ამ ორიდე დღის წინ კი ბრიტანეთის სამეფო ტახტის რიგით მე-5 მემკვიდრემ, უფლისწულმა ჰარიმ დედის, პრინცესა დაიანას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიტანულ გამოცემებთან ისაუბრა.

the Daily Telegraph - თან ინტერვიუში ჰარიმ დედა გაიხსენა და თქვა, რომ მას დიდი სტრესის ქვეშ მოუწია ცხოვრება.

ტრაგიკული შემთხვევისას ჰარი 12 წლის იყო.

"მთელი 20 წლის განმავლობაში ვცდილობდი მომეძებნა გზა, რომლითაც დავარღვევდი დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ კლიშეებს".

დღეს ჰარი, ძმასთან და რძალთან სხვადასხვა კამპანიას ხელმძღვანელობს, მათ შორისაა ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხებიც. როგორც თავად უფლისწულმა განაცხადა, ის დიდი ხანია კრივითაა დაკავებული, რაც სტრესის მოხსნაში ეხმარება.

"როდესაც დედა გარდაიცვალა, 12 წლის ვიყავი და მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველანაირი გრძნობა და ემოცია ჩემ თავში ჩავიკალი. ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც ჩემს პირად ცხოვრებაზე, ასევე ჩემს საქმიანობაზე. ამ დიდ განსაცდელს ასე ვუმკლავდებოდი - თავი ქვიშაში მქონდა ჩარგული და დედაზე ფიქრს ვუკრძალავდი საკუთარ თავს იმ მოსაზრებით, რომ ფიქრით მაინც ვერაფერს შევცვლიდი - დედას  ვერაფერი დამიბრუნებდა", - განაცხადა ჰარიმ the Daily Telegraph-თან ინტერვიუში.

ჰარის თქმით, დაიანას გარდაცვალების შემდეგ მისთვის განსაკუთრებულად მძიმე და ქაოსური მომდევნო 2 წელი იყო. უფლისწულს სტრესის გამო ფსიქოლოგის დახმარებაც დასჭირდა. როგორც ამბობენ, ჰარი დედას დაემსგავსა, დაიანას მსგავსად, მასაც დეპრესიისკენ აქვს მიდრეკილება.

1995 წელს ბი-ბი-სი-სთან მიცემულ ინტერვიუში პრინცესა დაიანა საუბრობდა, რომ მშობიარობის შემდეგ დაეწყო დეპრესია და ბულემიის შიში.

"როცა დაიანა გარდაიცვალა, გაჩნდა დიდი სიცარიელე. არა მხოლოდ ჩვენთვის... ის ხომ მსოფლიოში უამრავ ადამიანს უყვარდა. თუ შევძლებ და ამ სიცარიელის ნაწილს მაინც შევავსებ, ე.ი. ყველაფერს სწორად ვაკეთებ..."

ჰარის თქმით, უფროსი ძმა პრობლემის აღქმაში ძალიან დაეხმარა.

"ყველაფერში უნდა გაერკვიო. ნორმალური არ არის თუ გგონია, რომ დედის გარდაცვალებამ შენზე არ იმოქმედა, - მითხრა ჩემმა ძმამ. ამის შემდეგ ვსაუბრობდი ამ თემაზე და ის ტკივილი, რომელსაც არასოდეს ვაღიარებდი, პირველ პლანზე გადმოვიდა და მივხვდი, რომ საკუთარ თავთან ძალიან ბევრი რამ მქონდა გასარკვევი", - განაცხადა ინტერვიუში ჰარიმ.

როგორც გამოცემა Grazia წერს, ლედი დაიანას ვაჟები დედისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმშიც მიიღებენ მონაწილეობას, ფილმი ორნაწილიანი იქნება. უფლისწულებთან ერთად, ფილმში გადაიღებენ: დაიანას ძმას ლორდ სპენსერს და დაიანას უახლოეს მეგობარს, როზა მონკტონს.

რაც შეეხება ჰარის, არმიიდან წასვლის შემდეგ გადაწყვიტა, ძალები არ დაიშუროს და საკუთარი სახსრები საქველმოქმედო საქმეებს მოახმაროს. 2015 წელს მან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ყოფილი სამხედროებისთვის ახალი პროექტი Invictus Games დააარსა.

შეგახსენებთ, რომ 1997 წლის 31 აგვისტოს, პარიზის Place De L'Alma-ს გვირაბში პრინცესა დაიანა ტრაგიკულად დაიღუპა. თითქმის 20 წელი გავიდა, თუმცა ლედი დის ცხოვრების დეტალების განხილვა დღესაც არ წყდება, ბრიტანეთში დღესაც აინტერესებთ სინამდვილეში ვინ უყვარდა უელსის პრინცესას და შემთხვევითი იყო თუ არა ის საშინელი ავარია?

როგორც ცნობილია, მიუხედავად ყველასთვის საოცნებო ცხოვრებისა, ლედი დი სამეფო ოჯახში თავს ბედნიერად არ გრძნობდა. პრინც ჩარლზთან ქორწინებამ უამრავი სტრესი მოუტანა, საბოლოოდ, ქორწინებიდან 11 წლის შემდეგ დაიანამ და პრინცმა ჩარლზმა ოფიციალურად დაიწყეს ცალ-ცალკე ცხოვრება, 1996 წელს კი, ელისაბედ მეორის თანხმობით, განქორწინდნენ. განქორწინების მიუხედავად, დაიანამ უელსის პრინცესის ტიტული მაინც შეინარჩუნა.

"ნებისმიერი ქალი უკვე დიდი ხნის წასული იქნებოდა, მაგრამ ვერ შევძელი. მე ვაჟები მყავს", - ამბობდა პრინცესა იმ ინტრიგებისა და სასიყვარულო რომანების საპასუხოდ, რომელიც პრინც ჩარლზს უკავშირდებოდა.

დაიანას ცხოვრებაში მილიარდერ მუჰამედ ალ ფაიედის შვილი, პროდიუსერი დოდი ალ ფაიედი გამოჩნდა. დაიანამ და დოდიმ ერთმანეთი 1996 წელს გაიცნეს. დოდის გაცნობის შემდეგ დაიანა ბედნიერი იყო და ამას არც მალავდა. აკეთებდა საყვარელ საქმეს და გვერდით ჰყავდა საყვარელი ადამიანი.

1997 წლის ზაფხული პრინცესამ და დოდიმ ერთად გაატარეს. აგვისტოს ბოლოს იახტით იმოგზაურეს და 30 აგვისტოს პარიზში გაფრინდნენ, საიდანაც უელსის პრინცესა სახლში, შვილებთან წასვლას აპირებდა. იმ საღამოს წყვილმა სასტუმრო "რიცის" რესტორანში ისადილა, რამდენიმე წუთში მათი "მერსედესი" ალმას ხიდის ქვეშ გვირაბის ერთ-ერთ კოლონას 105 კმ/სთ სიჩქარით შეასკდა. დოდი ადგილზე დაიღუპა. დაიანა კი კლინიკაში, დილის 4 საათზე გარდაიცვალა.

ის ამ დროს 36 წლის იყო...

ის საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა, ამიტომაც ხშირად "გულების დედოფალსაც" ეძახდნენ.

"მსოფლიოს ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ მასში ძალიან ცოტა სიყვარულია",  - ამბობდა ლედი დი, რომლმაც სამყაროს სწორედ რომ სიყვარულით და საკუთარი უბრალოებით დაამახსოვრა თავი...

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ