"სადაც არ უნდა გამექცეთ, მაინც მოგიყვანთ ცოლად" - ვინ არის საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის 24 წლით უფროსი მეორე ნახევარი - კვირის პალიტრა

"სადაც არ უნდა გამექცეთ, მაინც მოგიყვანთ ცოლად" - ვინ არის საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის 24 წლით უფროსი მეორე ნახევარი

ფოტოგალერეა

საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და პოლიტიკური მოძრაობა "წინ"-ის საპრეზიდენტო კანდიდატი, ემანუელ მაკრონი რეიტინგებში საგრძნობლად უსწრებს მთავარ კონკურენტებს და დიდი შანსია, ის საფრანგეთის მომავალ პრეზიდენტად მოგვევლინოს. მაკრონის პოლიტიკური აქტივობის გარდა, საზოგადოებისთვის საინტერესო გახდა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება, კერძოდ მისი მეუღლე, რომელიც ახალგაზრდა პრეზიდენტობის კანდიდატზე 24 წლით უფროსია.

ბრიჯიტი 1953 წლის 13 აპრილს საფრანგეთის ქალაქ ამენში ბიზნესმენების, სიმონ და ჯეინ ტრონების ოჯახში დაიბადა. ბრიჯიტი როგორც ირკვევა ნაბოლარაა, მას კიდევ 5 და-ძმა ჰყავს.

ბრიჯიტის პირველი ქმარი ბანკირი ანდრე ლუი აზერი იყო, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა, მას ბრიჯიტი 2006 წელს დაშორდა.

ბრიჯიტი პირველ ქორწინებაში იყო, როცა ემანუელი გაიცნო. ახალგაზრდა ქალი La Providence - ში იეზუიტების საშუალო სკოლაში ფრანგულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, ასევე ხელმძღვანელობდა თეატრალურ წრეს. როგორც ცნობილია, ფრანგული ენის მაწავლებლით მოხიბლულმა ემანუელმა, ახალგაზრდა ქალს სიყვარული ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში აუხსნა. „რაც არ უნდა გააკეთოთ, სადაც არ უნდა გამექცეთ, მე თქვენ მაინც მოგიყვანთ ცოლად“ - იხსენებს ბრიჯიტი ემანუელის სიტყვებს, რომელზეც ქალს გაეცინა კიდეც.

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის კლასელები იხსენებენ : „ის ყოველთვის ეძებდა ადგილს, სადაც გაესაუბრებოდა უფროსებს და არ დაკარგავდა დროს თანატოლებთან. სწავლის დროს, შესვენებაზე, ყოველთვის მასწავლებლებთან მიდიოდა და მათთან მართავდა დისკუსიას“.

ასაკის დიდი სხვაობის გამო მაკრონი და ბრიჯიტი ცდილობდნენ ურთიერთობა 10 წლის განმავლობაში დაეფარათ, რადგან ყველა ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. მაკრონის ოჯახს არ სურდა ვაჟს გაცილებით დიდი ქალი მოეყვანა ცოლად, მათ უკვირდათ, რატომ მოეწონა ემანუელს 24 წლით უფროსი ქალი, როცა ბრიჯიტს ემანუელის ტოლი გოგონა ჰყავდა.

"ჩვენ არ გვაქვს კლასიკური ოჯახი, ეს ცხადია. თუმცა, ჩვენს ოჯახში სიყვარულის ნაკლებობა ნამდვილად არ არის".

სანამ მეუღლე პოლიტიკითაა დაკავებული, ბრიჯიტი ისევ რელიგიურ სკოლაში ასწავლის, თუმცა ამჯერად პარიზში.

BMFTV - თან მიცემულ ინტერვიუში მაკრონმა თქვა, რომ ისინი არ აპირებენ ბავშვის გაჩენას: „გადავწყვიტეთ, არ გვყავდეს საერთო შვილები. ეს არჩევანი ეგოისტურად არ გაგვიკეთებია. გადაწყვეტილებაზე ჩვენმა ასაკობრივმა სხვაობამაც იმოქმედა და რაც მთავარია, სიყვარულის გამოსახატად სულაც არ არის საჭირო შვილი ან შვილიშვილი ბიოლოგიური იყოს“.

“ჩვენი ქორწინება არ არის უბრალო, ჩვენ არანორმალური წყვილი ვართ, მაგრამ ჩვენ ვარსებობთ“, - აცხადებს ბრიჯიტი ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ფრანგული არჩევნები - ევროსკეპტიკოსების გარდაუვალი მარცხი?!

"მომავალი ქმრისთვის უარი ასაკობრივი სხვაობის გამო რომ მეთქვა, ცხოვრება გვერდით ჩამივლიდა"

მოამზადა ეკა გადახაბაძემ