"ნატო ვაჩნაძის დამწვარი სხეული მისმა დამ ბეჭდით ამოიცნო" - ულამაზესი კინოვარსკვლავის ცაში დაფერფლილი სიცოცხლე - კვირის პალიტრა

"ნატო ვაჩნაძის დამწვარი სხეული მისმა დამ ბეჭდით ამოიცნო" - ულამაზესი კინოვარსკვლავის ცაში დაფერფლილი სიცოცხლე

"კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა"

ფოტოგალერეა

თბილისში 1923 წლის ოქროსფერი შემოდგომა იდგა. რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი ქუჩებში დასეირნობს და ფილმ "მამის მკვლელის" მთავარ გმირს დაეძებს ყველგან - ქუჩებში, კაფეებში, საზოგადოების თავყრილობებზე... როცა ფოტოგრაფ შიხმანის ვიტრინას ჩაუარა, მისი ყურადღება ფოტოსურათმა მიიპყრო. გახარებული შევარდა ფოტოატელიეში, მომხიბვლელი გოგონას მისამართი გაიგო და იმ დღესვე გურჯაანში მიავლინა თავისი ასისტენტი შაქრო ბერიშვილი, რომელიც მეორე რეჟისორის ფუნქციას ასრულებდა და ერთ-ერთ როლს ასრულებდა ფილმში "მამის მკვლელი".

ცოტა ხანში ხმა გავარდა - ქართულ კინოს ულამაზესი და ძალიან ნიჭიერი მსახიობი მოევლინაო...

ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს ვარშავაში დაიბადა. მამა - გიორგი ანდრონიკაშვილი ვარშავაში მსახურობდა, მას შემდეგ კი, რაც ვლადიკავკაზის თერგის ოლქის უფროსად დანიშნეს, ოჯახით საქართველოში ჩამოვიდა. დედა - ეკატერინე სიმონის ასული სლივიცკაია პოლონელი იყო.

გიორგი ანდრონიკაშვილი ადრე გარდაიცვალა. ეკატერინემ ოთხი შვილი კახეთში წაიყვანა, სადაც ქმრის განადგურებული მამული დახვდა. მიტოვებული სახლი და ვენახი ქმრის ვალების დაფარვას დასჭირდა. უსახლკაროები ბიძამ შეიფარა, მერე კი ეკატერინემ გურჯაანში პატარა სახლი ააშენა და საცხოვრებლად იქ გადავიდნენ.

ნატომ პირველი ქმარი კახეთში გაიცნო. მერაბ ვაჩნაძეს ისე შეუყვარდა გოგონა, რომ მოჰკიდა ხელი შვიდკლასდამთავრებულს და ცოლად წაიყვანა. ვაჟი შეეძინათ, თენგიზი, რომელიც არქიტექტორი გახდა.

1939 წელს მერაბ ვაჩნაძე გადასახლებაში დაიღუპა.

1923 წელს თბილისის კინოსტუდიამ დაიწყო გადაღება მუნჯი მხატვრული ფილმისა "არსენა ყაჩაღი", რამდენიმე თვის შემდეგ კი არა მხოლოდ საქართველომ, არამედ მთელმა საბჭოთა კავშირმა გაიცნო ნატო ვაჩნაძე. 1920-30-იან წლებში იგი საბჭოთა ეკრანის ვარსკვლავი გახდა. "ნატო ვაჩნაძე - ქართველი ვერა ხოლოდნაია" - ამცნობდა აფიშები საზოგადოებას, მაგრამ ივანე პერესტიანი, რომელიც იღებს ნატო ვაჩნაძეს ფილმში "ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე", არ კმაყოფილდება ვარა ხოლოდნაიასთან მისი მსგავსებით და საკუთარი ხატის ძიებას ურჩევს. მსახიობი ერთხანს უარზე იყო, ემუშავა პერესტიანთან სწორედ მისი მოთხოვნების გამო, მაგრამ ბოლოს დათანხმდა.

დაიწყო პროფესიონალ კინომსახიობად დაოსტატების გზა...

ამის შემდეგ გადაიღეს ფილმებში: "ვინ არის დამნაშავე", "ნათელა".

ნატო ვაჩნაძის მეორე მეუღლე იყო ახალგაზრდა და ნიჭიერი კინორეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია. იგი კარგა ხანს ეტრფოდა ქალს, მაგრამ ვერ უბედავდა, სიყვარულში გამოტყდომოდა. ცნობილია ერთი ეპიზოდი, რომელმაც დასაბამი მისცა მათ ოჯახს:

ერთ თბილისურ საღამოს თბილისელებმა ვლადიმერ მაიაკოვსკის გაუმართეს შეხვედრა. დარბაზი ხალხით იყო სავსე. ნატოსა და ნიკოლოზს დააგვიანდათ, სცენამდე ვერ მიაღწიეს და ბოლოში გაჩერდნენ. მაიაკოვსკიმ თვალი მოჰკრა მათ და დასჭექა: "რას დაყუდებულხართ მანდ? ახლოს მოიწიეთ, ჯვარი უნდა დაგწეროთ!" - და პოეტმა მასთან მისულ წყვილს პირჯვარი გადასახა. ორ დღეში მათ ხელი მოაწერეს. მალე ქვეყანას მოევლინა ელდარ შენგელაია, რამდენიმე წლის შემდეგ კი - გიორგი.

ნიკოლოზ შენგელაია კახეთიდან თბილისს მომავალი დაიღუპა. თავზარდამცემი იყო მსახიობისთვის მეუღლის სიკვდილი. შვებას ერთ რამეში პოვებდა - მიუჯდებოდა თავის "პობედას" და კახეთისკენ მიქროდა. ყოველთვის ჩერდებოდა იმ ადგილას, სადაც ნიკოლოზი დაიღუპა და თითქოს შორს გადაკარგულ ქმარს ელოდებაო, საათობით იდგა გარინდებული.

ნატო ვაჩნაძის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა კოტე მარჯანიშვილთან შეხვედრა შტეფან ცვაიგის ნოველის, "ამოკის" გადაღების დროს. რეჟისორს მსახიობისთვის მიუმართავს,"შენ იტალიელს უნდა დაგამსგავსო, მშვენივრად ითამაშებ ჩემს სურათშიო. მართლაც, მარჯანიშვილის ფილმში ნატო ვაჩნაძის გმირი უკვე თავისუფალი და თამამი ქალია. მარჯანიშვილი მას საჭირო რჩევებს აძლევს და გაკვეთილებსაც უტარებს, საბოლოოდ კი - ამპლუას უცვლის. შემდგომ მარჯანიშვილმა კვლავ მიიწვია ფილმში "კრაზანა", ჯემას როლზე.

20-30-იანი წლების მიჯნაზე მუნჯი კინო თანდათან უთმობდა ადგილს ტექნიკის სიახლეს - ხმოვან კინოს. ამეტყველებულმა ეკრანმა მუნჯი კინოს ბევრი ვარსკვლავი სამუშაოს ჩამოაშორა. ასპარეზზე თეატრის მსახიობები გამოვიდნენ. როგორც ნატო ვაჩნაძე იხსენებს, თეატრალური მსახიობი მათ ხმითა და პროფესიონალიზმით ეჯიბრებოდა. კინომსახიობობას კოლოსალური შრომა სჭირდებოდა და მუნჯ და ხმოვან კინოს შორის აღმართული ბარიერის გადალახვა ყველამ ვერ შეძლო.

ნატო ვაჩნაძე დროებით მოსკოვს გაემგზავრა.

1932 წელს რუსეთის დედაქალაქში დიდი რეჟისორის - გრიგოლი კოზინცევის რეკომენდაციით, რუსული დოკუმენტური კინოს უდიდეს ოსტატ ქალს, ესთერ შუბს დაუახლოვდა და მის გადამღებ ჯგუფში ჩაირიცხა ასისტენტ-პრაქტიკანტად. რეჟისორი იღებდა ფილმს "ელექტროფიკაციის შეფი". მუშაობა ერთ წელიწადს გაგრძელდა. ესთერ შუბი აღნიშნავდა, რომ ნატო ვაჩნაძის სახით უდიდესი მეგობარი და თანამოაზრე შეიძინა. ფილმზე მუშაობის დასრულების შემდეგ ნატო სამშობლოს დაუბრუნდა და ხმოვან კინოში სცადა ბედი - ითამაშა ჯერ სიკო დოლიძის"ფილმში "უკანასკნელი ჯვაროსნები", მერე მიხეილ ჭიაურელის ფილმებში - "უკანასკნელი მასკარადი" და "არსენა"."მოგვიანებით იყო "ქაჯანა", შემდეგ კი - "აკაკის აკვანი".

საკუთარი თავისადმი უკომპრომისო მსახიობი მუდმივად ფიქრობდა თვითგანვითარებაზე და როგორც კი დრო გამოუჩნდებოდა, რიგით კინემატოგრაფისტად იწყებდა მუშაობას. ეს ძალზე იშვიათი შემთხვევაა მსახიობის ბიოგრაფიაში, მაგრამ მას პროფესიის ათვისების დაუოკებელი სურვილი ჰქონდა.

1935 წელს ნატო ვაჩნაძეს მიენიჭა რსფსრ დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1941 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტი გახდა. 1941 წელს მიიღო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია ფილმისათვის "ოქროს დაბლობი". დაჯილდოებული იყო ოთხი ორდენით. ვარშავაში ერთ-ერთ ქუჩას ნატო ვაჩნაძის სახელი დაერქვა; იქ მსახიობის პატივსაცემად მისი ბიუსტიც დადგეს.

1953 წლის ივნისის დასაწყისში მურმანსკში წავიდა, იქიდან მოსკოვში ჩამოვიდა. თბილისისკენ არც ერთი ბილეთი არ დახვდა და მორიდებით უთხრა მოლარეს, რომ სახალხო არტისტი ნატო ვაჩნაძე იყო და სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყო თბილისში. გახარებულმა მოლარემ დაჯავშნილ ბილეთს ჯავშანი მოხსნა. ასე ერგო მსახიობს საბედისწერო ბილეთი...

მოსკოვიდან 1953 წლის 14 ივნისს, თავის დაბადების დღეს გამოფრინდა. ავიაკატასტროფა თვითმფრინავმა ნიკოლოზ შენგელაიას სოფელთან ახლოს განიცადა. ნატო ვაჩნაძის დამწვარი სხეული მისმა დამ საგვარეულო პატარა ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნო.

შესანიშნავი მსახიობის ფერფლი და გადარჩენილი ხელი დიდუბის მიწას მიაბარეს.

იხილეთ ფოტოგალერეა