ტრაგედია კამჩატკაზე - კვირის პალიტრა

ტრაგედია კამჩატკაზე

მურა დათვმა ორი ადამიანი შეჭამა!

საშინელი უბედურება დატრიალდა 13 აგვისტოს კამჩატკაზე, ელიზოვსკის რაიონში, მდინარე პერეტუნკასთან. კამჩატკის უზარმაზარი მურა დათვის (ეს თითქმის 3 მ სიგრძის ნადირი იგივე ჩრდილოამერიკული გრიზლია და 700-800 კგ-ს იწონის) თავდასხმას სოფელ კორიაკის ორი მცხოვრები - 19 წლის ოლგა მოსკალიოვა (მოსკოვის თანამედროვე ჰუმანიტარული აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი) და მისი მამინაცვალი, 45 წლის იგორ ციგანენკოვი  ემსხვერპლნენ.

KvirisPalitra.Geიგორი, მისი მეუღლე ტატიანა და ტატიანას 19 წლის ქალიშვილი, ოლგა სოფელ ტერმალნიში, საკუთარ აგარაკზე, ბოსტანში საქმიანობდნენ. შაბათს, 13 აგვისტოს, იგორმა გადაწყვიტა, იქვე 5-6 კმ-ში მდებარე მდინარე პერეტუნკაზე წასულიყო, სადაც რამდენიმე დღის წინ თევზაობისას რაღაც დარჩა. მამინაცვალს ოლგაც გაჰყვა. მათ მანქანა შუა გზაზე დატოვეს და ტყეში მდინარისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვნენ.

უეცრად, მაღალი, ხშირი შამბნარიდან კამჩატკის უზარმაზარი მურა დათვი გამოვარდა და იგორს ეძგერა. მხეცმა თათის ერთი დარტყმით მოკლა მამაკაცი.

ოლგამ გაქცევა სცადა, თუმცა ცნობილია, რომ ადამიანი დათვს ვერ გაექცევა - მხეცი ადვილად დაეწია გოგონას და პირი ფეხში ჩაავლო....

ოლგა კიოდა და მშველელს ამაოდ უხმობდა, თუმცა ახლომახლო არავინ აღმოჩნდა. გოგონამ, რომელსაც დათვი ჯიჯგნიდა, მოახერხა დედასთან დარეკვა და უთხრა, - დათვი თავს დაგვესხაო. ტატიანამ ჯერ იფიქრა, - ხუმრობსო, მაგრამ შვილის განწირული კივილით მალევე მიხვდა, რომ გოგონას რაღაც საშინელება სჭირდა, თან ტელეფონში დათვის ღრენა გაიგონა!!!

- დედიკო, დათვი მჭამს... დედა, მტკივა, მიშველეთ, -  ყვიროდა ტელეფონში გოგონა.

იმის შეგრძნებამ, რომ შვილს ვეღარაფერს შველოდა, ტატიანა თითქმის ჭკუიდან გადაიყვანა. ერთი საათის განმავლობაში დედას შვილის განწირული ხმა ესმოდა. ოლგა კიოდა - დათვები მჭამენო - ჩანდა, რომ დედა დათვს მოზრდილი ბელებიც შეუერთდნენ. ბოლოს, ოლგამ დედამისს უთხრა, - არანაირ ტკივილს აღარ ვგრძნობო. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "დედა, მაპატიე ყველაფრისთვის... ძალიან მიყვარხარ!"

და ტელეფონი დადუმდა...

რამდენიმე საათში ადგილზე პირველი იგორის ძმა მივიდა, რომელიც უიარაღოდ იყო და თავისი თვალით ნახა, როგორ  ღრღნიდა დათვი მსხვერპლს... მალე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც გამოჩნდა, მაგრამ გადასარჩენი აღარავინ იყო.

მოცვივდნენ მონადირეები და ეგერებიც.

ერთმა გამოცდილმა მონადირემ ბალახებში დაინახა კაციჭამია დათვი, რომელიც იგორის კეპს ღეჭავდა. მან კარაბინით დაჭრა დათვი, თუმცა მისი მოკვლა მეორე დღისთვის გადადეს.

მეორე დღეს, ექვსმა მონადირემ ძაღლები გაიყოლა კანიბალ დათვზე სანადიროდ. მხეცი მალე იპოვეს და სიცოცხლეს გამოასალმეს ისიც და მისი 2-2 წლის სამი ბელიც, რომლებმაც უკვე გაუგეს კაცის ხორცს გემო - სპეციალისტები თვლიან, რომ ასეთი ცხოველი მომავალშიც გააგრძელებს ადამიანზე ნადირობას და ძალიან საშიშია.

საინტერესო ისაა, რომ დათვი და მისი სამი ბელი  ტურისტებს ადრეც დასხმია თავს -15 ივლისს სოფელ მალკისთან მურა დათვი ტურისტული ბანაკის კარვიდან ახალგაზრდა ქალის გატაცებას შეეცადა, რომელიც მაშინ მხოლოდ დაკბინა. იგი ეგერებმა მანამდეც რამდენჯერმე რეზინის ტყვიებით განდევნეს ბანაკიდან, რის გამოც გულჩვილმა ტურისტებმა "ბოროტი ეგერები" კინაღამ მიბეგვეს...