ყოფილ პაპ ბენედიქტს ჰომოსექსუალობა დააბრალეს? - კვირის პალიტრა

ყოფილ პაპ ბენედიქტს ჰომოსექსუალობა დააბრალეს?

"პაპმა ბენედიქტმა განაცხადა, რომ მისი გადადგომის მიზეზი მისივე ორიენტაცია გახდა. 85 წლის პონტიფიკმა აღიარა, რომ "გეია" და "აღარ შეეძლო", ტყუილში ეცხოვრა": "ჩემი რწმენის გამო რვა ათეული წელი ვთვალთმაქცობდი და საკუთარ იდენტობას ვმალავდი. ახლა კი ამას ვნანობ და აღარ მსურს, ტყუილში ვიცხოვრო" - DailyCurrant-ის მიერ გავრცელებულმა ამ შეთითხნილმა სტატიამ ასიათასობით კათოლიკეს მსოფლიოს მასშტაბით ალბათ თმები ყალყზე დაუყენა, სანამ ისინი მიხვდებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო. DailyCurrant-ი მისი სერიოზული ბიძაშვილის, DailyCurrent-ის (ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული გაზეთი) პაროდიული ვერსიაა და ასეთ დამაჯერებელ ტყუილებს ხშირად აცხობს. გულუბრყვილო მკითხველიც ხშირად ერთ საბედისწერო ასოს ყურადღებას აღარ აქცევს და გავრცელებული ტყუილი მართალი ჰგონია. ასე მაგალითად, მთელი აურზაური გამოიწვია ონავარი ბრიტანელების მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ იმის შესახებ, თუ როგორ დასცინა ბარაქ ობამამ ვლადიმირ პუტინს, ამ უკანასკნელმა კი იგი ფეისბუქიდან წაშალა. ყველაზე სასეირო ისაა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც ეს ყველაფერი დაიჯერა, ნამდვილი დაკა-დაკა გაიმართა იმის შესახებ, სწორად მოიქცა თუ არა პუტინი და რა უნდა ეღონა ობამას საპასუხოდ.