რას მოუტანს ხვალინდელი დღე უკრაინას? - კვირის პალიტრა

რას მოუტანს ხვალინდელი დღე უკრაინას?

უკრაინის უმაღლესმა რადამ ვადამდე საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის 25 მაისს დანიშნა. ამ გადაწყვეტილებას 328-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რადამ მიიღო იანუკოვიჩის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების დადგენილება.

ხარკოვს თავშეფარებული იანუკოვიჩი კი აცხადებს, - არც გადადგომას ვაპირებ, არც უკრაინიდან გაქცევას და ბოლომდე ვიბრძოლებო. მაიდანზე მყოფებს აწ უკვე ექსპრეზიდენტმა "ბანდიტები" უწოდა და უკრაინაში შექმნილი ვითარება გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლას შეადარა: "მე ვრჩები უკრაინაში. ეს ოპოზიცია არ არის, ესენი ბანდიტები არიან. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ისინი იღებენ - უკანონოა. არ ვაპირებ გარიგებას ბანდიტებთან, რომლებიც უკრაინელ ხალხს ატერორებენ და ქვეყანას არცხვენენ".

შეიძლება ითქვას, იანუკოვიჩი შავ დღეშია: მისით უკმაყოფილონი არიან არა მხოლოდ პროდასავლური ძალები, არამედ რუსული პოლიტიკური ელიტაც, რომელიც მის მთავარ მოკავშირედ მოიაზრებოდა. იანუკოვიჩისთვის საფირმო "საალერსო" სიტყვები არ დაიშურა "ლიბერალ-დემოკრატების" ოდიოზურმა ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმაც: "იანუკოვიჩი უნებისყოფო, მთხლე და ჩვარია! იგი ყველას უნდა სძულდეს, რადგან ორ სკამზე წამოსკუპება მოინდომა. ახალგაზრდები დაიღუპნენ, ის კი ბაზრის ვაჭრუკანასავით ჩალიჩობს, რაც ყველაზე სამარცხვინო საქციელია. სურათებზე ალმოდებული კიევი იწვის და ეს ყველაფერი ერთი ბრიყვის ბრალია, რომელმაც ფული ვერ იშოვა. ფული საჭიროა ეკონომიკისთვის, მაგრამ მან იანუკოვიჩივით არ უნდა დაგაბრმავოს და გამოგალენჩოს".

იანუკოვიჩის პრობლემები ხარკოვში გაქცევით, მის ყოფილ რეზიდენციაში დემონსტრანტების შეჭრით (სადაც, როგორც უკრაინული მედია იტყობინება, "საარაკო საუნჯენი" აღმოაჩინეს, მათ შორის ვიქტორ ფიოდოროვიჩის ოქროს უნიტაზი) და საყოველთაო კრიტიკით არ ამოიწურა - მისი უფლებამოსილების შეწყვეტის პარალელურად, რადამ იანუკოვიჩის მთავრობის "თავის ტკივილის", ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო - 310 დეპუტატის ხმით მოახდინა იმ მუხლის დეკრიმინალიზაცია, რომლითაც ტიმოშენკო იყო დაპატიმრებული. ტიმოშენკო, რომელმაც ხარკოვის მე-5 ციხის სამკურნალო დაწესებულება ინვალიდის ეტლში მჯდომმა დატოვა, აცხადებს, რომ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

რა მოხდება ხვალ? რა იქნება რუსეთის პასუხი? ეს ყველაფერი ხომ არ გადაიქცევა სამოქალაქო ომად - პროევროპული და პრორუსული ძალების დაპირისპირებად, რაც უკრაინას გახლეჩს? აი, მთავარი კითხვები, რომელზეც ახლა თავს იტეხენ დასავლელი, უკრაინელი და რუსი ექსპერტები.

"ვაშინგტონი ფიქრობს, რომ რუსეთი "მოიგე ან წააგეს" პრინციპით არ ითამაშებს, არადა, ცდება. ეს კი მომავალში უამრავ პრობლემას შექმნის. რუსეთისთვის წარმოუდგენელია უკრაინის დათმობა, ქვეყნისა, რომელიც რუსული სახელმწიფოებრიობის აკვნად მიიჩნევა", - წერს BBC. "ლაპარაკია ქვეყანაზე, რომელიც 15%-ით დიდია საფრანგეთზე და, სრული პოტენციალის გამოყენების შემთხვევაში, შეუძლია ღირსეული კონკურენცია გაუწიოს ნებისმიერ ევროპულ ეკონომიკას. იმპერიული ამბიციების მქონე რუსეთი ასეთი გავლენის სფეროს დათმობას დათანხმდება?"

უკრაინაზე, როგორც პუტინის "ევრაზიული კავშირის" პროექტის ერთ-ერთ მთავარ ძრავაზე, აქცენტს აკეთებს "ტრანსატლანტიკური კავშირების ცენტრის" მკვლევარი დონალდ იენსენი: "უკრაინის გარეშე, პუტინის ამბიციური "ევრაზიის კავშირი" მხოლოდ პუტინისა და ერთი მუჭა შუააზიელი დიქტატორების ალიანსიღა იქნება. თუ უკრაინა ევროკავშირისკენ გაიწევს, მას ადრე თუ გვიან, უკან მიჰყვება ყველა მსგავსი ამბიციების მქონე პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ეს კი უდიდესი საფრთხეა კრემლისათვის".