"შურისძიება აღარ მსურს"- ინტერვიუ დედასთან, რომელმაც შვილის მკვლელს აპატია - კვირის პალიტრა

"შურისძიება აღარ მსურს"- ინტერვიუ დედასთან, რომელმაც შვილის მკვლელს აპატია

შვილის მკვლელისთვის რომ მიეტევებინა, სამირა ალინეჯადი მას შემდეგ დაფიქრდა, რაც სიზმარში შვილი იხილა.

18 წლის აბდულა ჰოსეინზადე ქუჩაში ატეხილ ჩხუბს შეეწირა - მკვლელის მოქნეული დანა არტერიას მოხვდა და აბდულა სისხლისგან დაიცალა. მკვლელს, ბალალს, იცნობდა, ერთად დადიოდნენ ფეხბურთზე. აბდულა უკვე მეორე ვაჟი იყო, რომელიც სამირამ დაკარგა - მისი 11 წლის ნაბოლარა ბიჭი მოტოავარიას შეეწირა. როცა აბდულაც დაიღუპა, გამწარებულმა დედამ დაიფიცა, რომ მის მკვლელს სიცოცხლით უნდა ეზღო.

მაგრამ რაც უფრო ახლოვდებოდა ბალალის სიკვდილით დასჯის დღე, სამირას მით უფრო ერეოდა ეჭვი. მერე ეჭვს სიზმრებიც დაერთო.

"სიკვდილით დასჯამდე ათი დღით ადრე ჩემი შვილი დამესიზმრა, მთხოვა, შურისძიება გულმოწყალებით შემეცვალა, მაგრამ გაღვიძებულმა, საკუთარ თავში ვერ ვიპოვე ძალა, ბალალისთვის ჩემი ვაჟისთვის სიცოცხლის წართმევა მეპატიებინა, - ჰყვება ირანელი ქალბატონი, რომლის გასაოცარმა გულმოწყალებამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა, ბრიტანულ "გარდიანთან" ინტერვიუში: - ორი ღამის შემდეგ ისევ მესიზმრა, ამჯერად ხმა აღარ გამცა, როცა დავუძახე".

მიუხედავად ამისა, სამირა ალინეჯადი ამტკიცებს, რომ შვილის მკვლელისთვის პატიება მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც მას ყულფი ყელზე ჩამოაცვეს.

მკვლელის ოჯახი, მისი ძმა და დედა, სიკვდილით დასჯის წინაღამეს სამირას სახლის წინ იდგნენ, თუმცა, არც ერთს არ გაუბედავს მისთვის ეთხოვა, გულმოწყალება გამოეჩინა - ყველამ იცოდა, რა გამოიარა უბედურმა დედამ, იცოდნენ, რომ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, შვილის მკვლელის აღსასრული ეხილა.

არადა, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ბალალის პატიების უფლება ჰქონდა, სწორედ სამირა იყო. მისმა ქმარმა, აბდოლღანიმ, შარიათის კანონების მიხედვით ეს პასუხისმგებლობა ცოლს გადააბარა.

"იმ ღამეს არ გვიძინია, თვალმოუხუჭავად ვისხედით. არ მსურდა, მისთვის მეპატიებინა. ქმარსაც სწორედ ასე ვუთხარი. არ შემეძლო საკუთარ თავში მეპოვა ძალა, რომელიც შემაძლებინებდა თვალი დამეხუჭა იმაზე, რომ ამ ადამიანმა ჩემი შვილის სიცოცხლე წამართვა", - ამბობს სამირა.

"ბოლო სიტყვა შენია, - მითხრა ქმარმა, - შენ იმაზე მეტად დაიტანჯე, ვიდრე იმსახურებდი".

სულ მალე თვალებაკრული და ხელშეკრული ბალალი სკამზე იდგა, კისერზე ყულფგანასკვული. ირანული სამართლის მიხედვით, მსხვერპლის ვალი-იე-დამს, მემკვიდრეს, უფლება აქვს პირადად აღასრულოს მართლმსაჯულება - მოკლულის დედას მკვლელისთვის ფეხქვეშ სკამი უნდა გამოეცალა.

მოსალოდნელ აღსასრულამდე რამდენიმე წამით ადრე ბალალმა თავისი ხელით მოკლული ადამიანის ოჯახს შენდობა სთხოვა. "იღრიალა, მაპატიეთო, - იხსენებს სამირა, - მე თუ არა, დედაჩემსა და მამაჩემს მაინც აპატიეთო ჩემი თავი. ამან გამაცოფა და საპასუხოდ შევუყვირე, როგორ გაპატიო, განა შენ იფიქრე ჩემი შვილის დედ-მამაზე, როდესაც კლავდი-მეთქი?"

ბალალის თხოვნას მისი ნათესავებიც შეუერთდნენ - ამო ღანი (ძია ღანი), გვაპატიე, გვაპატიე! - ყვიროდნენ სამირას ქმრის გასაგონად, თუმცა იგი დუმდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც ყველა მიხვდა, რომ თხოვნა ამაო იყო, შეძახილები მიწყნარდა. სამირა ნელა მიუახლოვდა სიკვდილით დასასჯელის სკამს და... უეცრად ბალალს სილა გააწნა.

"უეცრად ვიგრძენი, რომ სიძულვილმა და მძვინვარებამ მიმატოვა; ვიგრძენი, ისევ როგორ დამიარა ძარღვებში სისხლმა, - იხსენებს სამირა, - ავქვითინდი და ქმარს ვუხმე, რომ ბალალისთვის ყულფი შეეხსნა".

ხალხს შუახნის ქალი გამოეყო - ქორბა, ბალალის დედა, ტირილით მივარდა მისი შვილის მხსნელ ცოლ-ქმარს და ფეხებზე მთხვევა დაუპირა მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად.

"ამის გაკეთების უფლება არ მივეცი, ხელი მოვკიდე და წამოვაყენე. ისიც ხომ დედა იყო... ჩემსავით. საბრალო სიხარულისგან ლამის გაგიჟდა, თითქოს ფრთები შეესხა და პეპელასავით დაფარფატებდა ჩემს გარშემო", - ამბობს სამირა.

ბალალი ციხეში დარჩება - ირანული სამართლის მიხედვით, მისთვის შენდობა მხოლოდ სიცოცხლეზე ვრცელდება - რადგან სიკვდილს გადაურჩა, სასჯელს სრულად მოიხდის.

სამირას არასოდეს უსაუბრია არც მასთან, არც მის ოჯახთან იმაზე, თუ რატომ მოუკლეს შვილი. თუმცა, ახლა ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ შეცდომა იყო. "ბალალი გულუბრყვილო, ფიცხი ბიჭი იყო. მას არ სურდა, მოეკლა, ასეთი ბუნების არ არის, უბრალოდ, გაბრაზებული იყო, ხელში კი დანა ეჭირა", - ამბობს დედა, რომელიც უკვე მთელი მსოფლიოსთვის შთაგონების წყაროდ იქცა. მას იმედი აქვს, რომ ადამიანებისთვის მისი ტრაგედიიდან ერთი პატარა გაკვეთილი მაინც იქნება: "ნუ მისცემთ ახალგაზრდებს უფლებას, ატარონ იარაღი. როდესაც ისინი კლავენ ვინმეს, მათ მსხვერპლთან ერთად კვდებიან დედებიცა და მამებიც".

სამირა კმაყოფილია, რომ მისმა გადაწყვეტილებამ ამდენი ადამიანი გაახარა: "მიხარია, როდესაც ხალხი მხვდება და ალერსით დედას, დედილოს მეძახის".

შვილის მკვლელისთვის მიტევებიდან ერთი კვირის შემდეგ, როგორც იქნა, იპოვა ნანატრი სიმშვიდე: "როდესაც შვილს კარგავ, ეს იგივეა, სხეულის რომელიმე ნაწილს კარგავდე. ვერასოდეს ეგუები, რომ ეს ნაწილი აღარ გაქვს. ეს წლები თავს მოსიარულე გვამად ვგრძნობდი, მაგრამ ახლა ჩემში სიმშვიდემ დაისადგურა, შურისძიება აღარ მსურს".

the guardian, დიდი ბრიტანეთი