უკრაინაში ტელედაპატიმრებები გრძელდება - დავით საყვარელიძე საქმეში პირადად ჩაერთო - კვირის პალიტრა

უკრაინაში ტელედაპატიმრებები გრძელდება - დავით საყვარელიძე საქმეში პირადად ჩაერთო

"უკრაინა ორი უმწვავესი პრობლემის წინაშე დგას, ესენია: ომი და კორუფცია."

"ვწუხვართ, რომ ასე მოხდა." - უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის ეს ფრაზა კარგად ისმის იმ კადრებში, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებენ სახალხოდ, ტელეკამერების წინ, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის ქალაქის პროკურორ ანდრეი სუხინინს.

ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეოკადრები უკრაინულმა ვებპორტალმა "ცენზორ.ნეტ"- მა გაავრცელა. დაკავება ქალაქ მარიუპილიში, დონეცკის ოლქის ახალი პროკურორის წარდგენისას მოხდა. დაკავების პროცესს უშუალოდ ესწრებოდა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე, რომელმაც ახალი პროკურორის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა: "უკრაინა ორი უმწვავესი პრობლემის წინაშე დგას, ესენია: ომი და კორუფცია." შემდეგ მან მიმართა შეკრებილ პროკურორებს გამოეთქვათ თავისი მოსაზრებები ადგილზე არსებულ ვითარებაზე. როდესაც ჯერი ახლა უკვე ექსპროკურორ სუხინინზე მიდგა, მას საყვარელიძემ სიტყვა შეაწყვეტინა და აუწყა, რომ თანამდებობიდან გადაყენებული იყო.

ამჟამად უკვე ცნობილია, რომ ყოფილ პროკურორთან ერთად, სისხლის სამართალის პასუხისგებაში ასევე მიეცნენ მისი ორი მოადგილე და კრამატორსკის მილიციის რამდენიმე თანამშრომელი. ყველა მათგანს ბრალად სისტემური მექრთამეობა ედება. როგორც სამხედრო პროკურატურის წარმომადგენელმა განმარტა, დაკავებულ პირებზე თვალთვალი ბოლო თვენახევრის განმავლობაში მიმადინარეობდა და არაერთი მტკიცებულებაა უკვე შეგროვილი. გავრცელებული ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დაკავება უკრაინის უშიშროების სამსახურისა და სამხედრო პროკურატურის ერთობლივად დაგეგმილი ოპერაციის შედეგად მოხდა.