პუტინი და რომის პაპი, ანუ საჩუქარი სვავებისთვის - კვირის პალიტრა

პუტინი და რომის პაპი, ანუ საჩუქარი სვავებისთვის

"აბა, ტრანსპარანტით ხომ არ დახვდებოდა" ძირს რუსეთის ძირგამომპალი იმპერიაო?!"

ა.წ. 10 ივნისს, რომის პაპი ფრანცისკე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ვატიკანში შეხვდა და გავრცლებული ინფორმაციით, უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გულწრფელი მცდელობებისკენ მოუწოდა. "როიტერის" ცნობით, შეხვედრა 50 წუთს გაგრძელდა და კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა და რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში დიალოგის რეჟიმის აღდგენისა და სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მედია წერდა, რომ რომის პაპი, რომელიც მსოფლიო ლიდერებთან საკმაოდ გულღია შეხვედრებით გამოირჩევა, პუტინთან შეხვედრისას საკმაოდ მტკიცე და ფორმალური ჩანდა. შეხვედრის შემდეგ ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დახურულ კარს მიღმა პაპი კრემლის ლიდერის მიმართ საკმაოდ პირდაპირი იყო. ასევე სიტყვები "გულითადი მიღება", რომელიც პაპის ყველა შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში გვხვდება, ამჯერად ვატიკანს არ გამოუყენებია.

პუტინიც არ დარჩენი ვალში რომის პაპს, მან პაპთან შეხვედრაზე ერთი საათი დაიგვიანა. "გარდიანის" ცნობით, რომის პაპმა ფრანცისკემ პუტინს "მშვიდობის ანგელოზის" მედალი გადასცა. "ეს არის ანგელოზი, რომელიც იმარჯვებს ომზე და საუბრობს მშვიდობასა და ხალხებს შორის თანაგრძნობაზე", -უთხრა პაპმა პუტინს შეხვერისას.

პაპის ნაჩუქარმა მედალმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან იგივე მედლით ფრანცისკემ პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასიც დააჯილდოვა.

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი, ესეისტი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს: "არ ვიცი რატომ გიკვირთ და გაბრაზებთ პაპის ნაჩუქარი "მშვიდობის ანგელოზი," რომელიც " ყველა ომს ამარცხებს" და ხალხთა შორის სოლიდარობას სიმბოლიზირებს. დამიჯერეთ: პიკასომ თავისი მშვიდობის მტრედი უფრო სვავებისათვის დახატა ვიდრე ბეღურებისთვის. პაპის მოვალეობაც ეს არის. აბა, ტრანსპარანტით ხომ არ დახვდებოდა "ძირს რუსეთის ძირგამომპალი იმპერიაო?"