ტერორისტ ქალთა რიცხვი დღითი დღე იზრდება - რა არის მათი მოტივაცია და ვინ იყო პირველი თვითმკვლელი ტერორისტი ქალი?! - კვირის პალიტრა

ტერორისტ ქალთა რიცხვი დღითი დღე იზრდება - რა არის მათი მოტივაცია და ვინ იყო პირველი თვითმკვლელი ტერორისტი ქალი?!

"მე სხვა გზა არ მქონდა, მათ ჩემი პატარა გოგონა მოიტაცეს და მისი მოკვლით დამემუქრნენ. მოსკოვის ავტობუსში ჩამსვეს და მითხრეს, რომ თავი უნდა ამეფეთქებინა"

ქალების დისკრიმინაცია ისლამურ ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენაა, მათ არ განიხილავენ კაცის თანასწორ არსებად, რაც ხშირად ქალის ფსიქიკაზე მოქმედებს და ისინი მხოლოდ ღმერთის სახელით სიკვდილში ხედავენ საკუთარი ცხოვრების აზრს.

ისლამურ სამყაროში თვითმკვლელი ტერორისტი ქალების რიცხვი დღითი დღე იზრდება. განსაკუთრებით გაიზარდა ტერორისტი ქალების რაოდენობა ბოლო 30 წლის განმავლობაში. როგორც ჩანს, 21-ე საკუნეში ისლამურ ქვეყნებშიც მოხდა ღირებულებების გადაფასება. ქალის, როგორც სოციალური ჯგუფის წევრის, შესახებ შეხედულება შეიცვალა. აქამდე ქალების რაოდენობა ტერორიზმში მინიმუმამდე იყო შემცირებული და მათ მოვალეობად მხოლოდ ბავშვების გაზრდა და ქმრის მორჩილება ითვლებოდა, ახლა კი ეს ტენდენცია აღარ არსებობს. ამჟამად ისეთი ტერორისტული ორგანიზაციები, როგორებიცაა ალ-ქაიდა, ისლამური სახელმწიფო, ჰამასი, ასევე აფრიკული ტერორისტული ორგანიზაციები აქტიურად იყენებენ ქალებს თავის ტერორისტულ საქმიანობაში.

სანა მეჰაიდლი

1985 წელს, სანა მეჰაიდლი, 16 წლის ლიბანელი გოგონა, რომელიც სირიის სოციალ-ნაციონალისტური პარტიის აქტივისტი იყო, ასაფეთქებლით სავსე ავტომობილით ისრაელის სამხედრო რაზმს შეეჯახა ლიბანში და ორი სამხედრო იმსხვერპლა. ის ისტორიაში დარჩა, როგორც პირველი თვითმკვლელი ტერორისტი ქალი.

მართალია, ტერორისტულ ორგანიზაციებში ქალებზე მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ საინტერესოა ის მიზეზებიც, რომელთა გამოც ქალები მზად არიან სიცოცხლე გაწირონ და "მამაკაცური საქმით" დაკავდნენ. ქალების ამგვარი საქმიანობა ახალია და, შესაბამისად, ნაკლებად შესწავლილი, თუმცა არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი სოციალური ფაქტორი, რაც ქალებს მსგავსი ქცევისკენ უბიძგებს.

ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად მამაკაცების მაღალი სიკვდილიანობა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მამაკაცები თანხმდებიან ტერორიზმში ქალების აქტიურობას. არის შემთხვევები, როდესაც დაღუპული ტერორისტების ქვრივები მათი მეუღლეების საქმიანობას აგრძელებენ. "შავი ქვრივი" - ხშირად ასე მოიხსენიებენ თვითმკვლელ ტერორისტ ქალებს რუსეთში. ტერმინი იმ ფაქტიდან მოდის, რომ მებრძოლი ქალების უმრავლესობა ჩეჩენი მეობრძოლების ქვრივები არიან.

''Норд-Ост'' - ის სპეცოპერაციისას დაღუპული შაჰიდი ქალები

2002 წლის 23-26 ოქტომბერს ჩეჩენმა ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს თეატრ ''Норд-Ост'' - ში მყოფი ადამიანები, ტერორისტთა შორის ჩეჩენ მებრძოლთა ქვრივებიც იყვნენ. სპეცოპერაციის დროს ტერორიტებთან ერთად, 300 მოქალაქე დაიღუპა.

2010 წელს მოსკოვის ორ მეტროსადგურზე ორმა ქალმა აიფეთქა თავი, რასაც 40-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანი, 17 წლის გოგონა, რუსულ სპეცსამსახურებთან ბრძოლაში დაღუპული მეომრის მეუღლე იყო.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქალების განსაკუთრებული სოციალური როლია. ქალი მიჩვეულია დაბადებიდან მორჩილებას ქმრის, ოჯახის, და ზოგადად მამაკაცების მიმართ. ისინი ბევრად უკეთ ასრულებენ ბრძანებებს ვიდრე მამაკაცები, ამიტომ მათზე მოთხოვნაც მეტია. გარდა ამისა, ისლამურ ქვეყნებში ქალები გრძელ და დაფარულ ტანსაცმელს ატარებენ, მათ შეუძლიათ თავი ორსულად მოაჩვენონ. ზოგადად, ქალებს უკეთესად შეუძლიათ დამალონ ბომბები ტანისამოსში და შეაღწიონ ისეთ ადგილებში, სადაც მამაკაცებს გაუჭირდებოდათ. მაგალითად, რაჯივ განდი, ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასევე თვითმკვლელ ტერორისტმა ქალმა იმსხვერპლა, რომელსაც კაბის ქვეშ ჰქონდა დამაგრებული ასაფეთქებელი ქამარი. 1991 წელს "თამილის ვეფხვების" მიერ ორგანიზებული ტერაქტის შედეგად რაჯივ განდსა და მის მკვლელთან ერთად 14 ადამიანი დაიღუპა.

"მე სხვა გზა არ მქონდა, მათ ჩემი პატარა გოგონა მოიტაცეს და მისი მოკვლით დამემუქრნენ. მოსკოვის ავტობუსში ჩამსვეს და მითხრეს, რომ თავი უნდა ამეფეთქებინა", - მოყვა სამართალდამცავებთან 2011 წელს მოსკოვის სამხრეთით მდებარე სასტუმროში მომხდარ აფეთქების ბრალდებით დაკავებული შაჰიდი ქალი, 24 წლის ზეინაბ სუიუნოვა. აქედან გამომდინარეც ჩანს, რომ შესაძალოა ქალი ძალადობისა და შანტაჟით იქცეს ტერორისტად.

ქალების დისკრიმინაცია ისლამურ ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენაა, მათ არ განიხილავენ კაცის თანასწორ არსებად, რაც ხშირად ქალის ფსიქიკაზე მოქმედებს და ისინი მხოლოდ ღმერთის სახელით სიკვდილში ხედავენ საკუთარი ცხოვრების აზრს.

ხშირ შემთხვევებში ქალი სუიციდურ აქტში მონაწილეობას სირცხვილის ჩამოსაცილებლად თანხმდება. ქალისთვის მკაცრად დადგენილი საზღვრები არსებობს. ისლამურ ქვეყნებში განქორწინება, უშვილობა, ქმრის ღალატი, გაუთხოვრად დარჩენა და ქალზე განხორციელებული სექსუალური ძალადობაც კი სირცხვილად ითვლება არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვისაც. სირცხვილის ჩამოცილება ისლამური წესების მიხედვით მხოლოდ წმინდა ომში, ჯიჰადში მონაწილებით არის შესაძლებელი. იქიდან გამომდინარე, რომ მუსლიმური კულტურები კოლექტივისტურია, ქალი პირველ ადგილას საკუთარ ოჯახს აყენებს და შემდეგ თავის თავს. შესაბამისად, ქალები საკუთარი და ოჯახის ღირსების დასაბრუნებლად იძულებულნი არიან რადიკალური ნაბიჯები გადადგან.

მამაკაცზე სოციალური და ეკონომიკური დამოკიდებულება ქალის ამგვარი ქცევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ქალებს არ აქვთ ის ელემენტარული უფლებები, რითიც მამაკაცები სარგებლობენ. მათ არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სრულყოფილი განათლება, დაეუფლონ პროფესიას და ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი. ერთ-ერთი თანამედროვე ანდაზის მიხედვით, ტერორიზმის ყველაზე დიდი მტრები განათლებული გოგონები არიან.

ისლამურ კულტურებში არ არსებობს დამოუკიდებელი ქალი, რომელიც შეიძლება მარტო ცხოვრობდეს და თვითონ წყვეტდეს საკუთარ ცხოვრებას. შესაბამისად, როდესაც ქალს ქმარი უკვდება ანტიტერორისტული კამპანიის თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო, ფაქტობრივად, მას აწვება ოჯახის მთელი სიმძიმე და მხოლოდ სუიციდურ აქტებში მონაწილეობით შეუძლია ოჯახს დაეხმაროს მატერიალურად.

ტერორისტული ორგანიზაციები ასეთ ქალებს ჰპირდებიან, რომ დაეხმარებიან მათ ოჯახებს, მხოლოდ მას შემდეგ რაც ქალი სუიციდურ შეტევას განახორციელებს. ხშირია ტერორისტულ ორგანიზაციებში ქალების ნარკოტიკებით დამორჩილების და სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც.

მსოფლიოს საზოგადოებებში არსებული სტერეოტიპების მიხედვით, ტერორიზმი თითქოს უფრო მამაკაცური საქმეა ვიდრე ქალური, რადგან თითქმის ყველა კულტურაში ქალების სოციალური როლი ბავშვების აღზრდაში და ოჯახის მიხედვაში გამოიხატებოდა. ეს სტერეოტიპები იმდენად ღრმად არის შესული ადამიანების ცნობიერებაში, რომ ტერორიზმის საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნების მთავრობები ხშირად არ ითვალისწინებენ ქალების გაზრდილ როლს საკუთარ ანტიტერორისტულ გეგმებში. ტერორისტული ორგანიზაციები ამას კარგად იყენებენ და აქტიურად ავსებენ თავის რიგებს ქალი მოხალისეებით. ეს მათთვის ხელსაყრელია, რადგან ქალზე ნაკლებად მიიტანენ ეჭვს ვიდრე მამაკაცზე, ამიტომ ქალი ხშირად დაკისრებულ მოვალეობას მამაკაცზე უკეთესად ართმევს თავს. ასე რომ, ქალი ტერორისტების უგულებელყოფა შესაძლოა განსაკუთრებით საშიში აღმოჩნდეს სხვადასხვა მთავრობებისთვის, რადგან სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დევს.

ნატო მუჯირიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)