"მათ რომ სცოდნოდათ, ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკებდი, ახლა მკვდარი ვიქნებოდი" - რას ჰყვება "ისლამისტებს" გამოქცეული ახალგაზრდა?! - კვირის პალიტრა

"მათ რომ სცოდნოდათ, ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკებდი, ახლა მკვდარი ვიქნებოდი" - რას ჰყვება "ისლამისტებს" გამოქცეული ახალგაზრდა?!

"აკრძალული გვაქვს მოწევა - ორჯერ ვიყავი დაპატიმრებული სიგარეტის გამო, ერთ დღიანი პატიმრობა და 20 მათრახი მომისაჯეს. კაცებს არ აქვთ უფლება სუფთად იყვნენ გაპარსულები. ყველა, ვინც გაპარსულია, საპატიმროში ხვდება".

BBC - ის ჟურნალისტმა, მარკ ლოვენმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ერთ-ერთ ლტოლვილთან, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" სისასტიკეს თურქეთში გამოექცა:

"მათ რომ სცოდნოდათ, ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკებდი, ახლა მკვდარი ვიქნებოდი" - ამბობს მუჰამედი. ახალგაზრდა და ინგლისურად თავისუფლად მოლაპარაკე მუჰამედი სირიის ქალაქ რაყადან მოდის, ისლამური სახელმწიფოს დე-ფაქტო დედაქალაქიდან.

(იხილეთ ფოტოგალერეა - "მიგრანტთა სიკვდილის გზა ევროპისკენ")

"თავდაპირველად, როდესაც ისინი მოვიდნენ თითქოს ყველაფერი კარგად იყო, რადგან ასადის ძალები გააძევეს. მაგრამ შემდეგ მათ გააძლიერეს კონტროლი. მათ შემოიღეს თავისი წესები: ნებისმიერი ვინც მათ არ დაემორჩილა, ნებისმიერი ვინც ეჭვმიტანილი იყო ტელეარხების ჟურნალისტებთან ურთიერთობაში, დაუყოვნებლივ წაყვანეს და სიკვდილით დასაჯეს. მათ აქვთ დიდი საინფორმაციო ქსელები - მათთან უცხოელები მუშაობენ, რომლებიც ყველაფრის შესახებ ატყობინებენ. მე ნანახი მყავს გერმანელები, ჩეჩნები, თურქები, საუდის არაბეთის და ტუნისის მოქალაქეები. მათ ასევე შეუძლიათ ნებისმიერ დროს შენი შეპყრობა და დასჯა". - ამბობს მუჰამედი.

ინტერვიუში მუჰამედი საუბრობს ასევე იმ ცვლილებებზე, რაც მის ქალაქში "ისლამური სახელმწიფოს" მოსვლის შემდეგ მოხდა.

"სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენ ინტერნეტი სახლებში გვქონდა. ახლა ჩვენ უნდა წავიდეთ ინტერნეტკაფეებში - ისინი მოდიან და ამოწმებენ რა გვერდებზე შევედით. ელექტროენერგია დღეში მხოლოდ რამდენიმე საათი გვაქვს. ახლა საუბარია იმაზე, რომ ისინი სახლებიდან სატელიტურ თეფშებს წაიღებენ და მხოლოდ იმ ტელევიზიების ყურება შეგვეძლება, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ. ასევე გაიზარდა საკვების ფასები. აკრძალული გვაქვს მოწევა - ორჯერ ვიყავი დაპატიმრებული სიგარეტის გამო, ერთ დღიანი პატიმრობა და 20 მათრახი მომისაჯეს. კაცებს არ აქვთ უფლება სუფთად იყვნენ გაპარსულები. ყველა, ვინც გაპარსულია, საპატიმროში ხვდება. ისლამური სახელმწიფოს შავი დროშები ფრიალებს რაყაში და ყოველ ოფიციალურ შენობას მიწერილი აქვს "ისლამური სახელმწიფო" კედლებზე."

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ ამოიცნობენ მოქალაქეები "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს, პასუხობს: "ისინი ატარებენ იარაღს ნებისმიერ დროს. როცა უყურებ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, მათ თვალებში შიშს ხედავ. ყველას ეშინია, რომ ერთი არასწორად ნათქვამი სიტყვა მათ პატიმრობას ან უარესს სასჯელს მოუტანს. ჩვენ ყველას გვიყვარს ისლამი, მაგრამ ეს არ არის ისლამი."

ჟურნალისტი წერს, რომ მუჰამედმა იმედი დაკარგა, რომ ევროპამდე უსაფრთხოდ მიაღწევს, მას არ შეუძლია გადაიხადოს 2000 დოლარი, რომელსაც კონტრაბანდისტები ნავებით საბერძნეთის კუნძულებამდე გადასაყვანად ითხოვენ და არ სურს სიცოცხლის გარისკვა. რადგან, ევროკავშირის გეგმებში 120 000 თავშესაფრის მაძიებლის გადანაწილების თაობაზე მუჰამედი არ შედის. ეს რიცხვი მოიცავს მხოლოდ იმ ლტოლვილებს, რომლებიც უკვე იტალიასა და გერმანიაში არიან და არა მათ, ვინც თურქეთშია და ევროპის კარზე აკაკუნებს. მუჰამედს და მისნაირებს სთავაზობენ თურქეთში დარჩენას, მაგრამ ისინი უარს ამბობენ ამაზე.

"აქ არ შემიძლია ნორმალურად მოვიწყო ცხოვრება. ძალიან ცოტა ფულს გამოვიმუშავებ. მათ არ უნდათ ჩემი აქ დარჩენა. თუ ევროპაში ვერ წავედი, უკან, რაყაში დავბრუნდები. იქ ვიცხოვრებ ისე, თითქოს ყელზე რაღაც მაქვს მობჯენილი, მაგრამ სულ ცოტა ჩემს ოჯახთან მაინც ვიქნები."

ინგლისურიდან თარგმნა ნატო მუჯირიშვილმა

წყარო