პუტინის"ნეოსტალინისტური" გამოსვლა გაერო-ში და ამერიკა-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა - კვირის პალიტრა

პუტინის"ნეოსტალინისტური" გამოსვლა გაერო-ში და ამერიკა-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 70-ე გენერალური ასამბლეაზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების გამოსვლამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ის ფუნდამენტური წინააღმდეგობები, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს სირიის კრიზისთან და უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით.

თავის გამოსვლაში ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ძირითადი აქცენტები გააკეთა ადამიანის უფლებებზე, მიმდინარე კონფლიქტებსა და საფრთხეებზე და მათი ერთობლივი თანამშრომლობით გადაწყვეტის აუცილებლობაზე. ობამამ განაცხადა, რომ მსოფლიომ არ უნდა განაგრძოს ძალის პოლიტიკის წესებით მოქმედება, რადგან ძლიერი სახელმწიფოების ვალდებულებაა არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფა და არა ახალი გავლენის სფეროების მოპოვება.

ობამას თქმით, ამერიკა მზად არის ითანამშრომლოს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან და ირანთან სირიის კრიზისის გადასაჭრელად. "არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერია ჩვენი შეიარაღება, რამდენად ძლიერია ჩვენი ეკონომიკა, ჩვენ გვესმის, რომ ამერიკა მარტო ვერ გადაჭრის მსოფლიოს პრობლემებს" - განაცხადა ობამამ. მან აქცენტი გააკეთა ადამიანების უნივერსალური უფლებებსა და თავისუფლებებზეც. სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით ობამა წინააღმდეგია ბაშარ-ალ-ასადის ხელისუფლებაში დარჩენისა და სირიაში ომამდელი სტატუს-კვოს აღდგენისა. ის მოითხოვს ძალაუფლების გადაცემას ახალი, ინკლუზიური მთავრობისთვის.

ობამამ ისაუბრა უკრაინის მოვლენებზე და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზეც და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას არ სურს რუსეთთან ცივი ომის მდგომარეობაში დაბრუნება, ამერიკა გვერდზე ვერ გადგება როდესაც სუვერენული ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ. ობამამ რუსეთს საერთაშორისო სისტემის გასაძლიერებლად აშშ-სთან დიპლომატიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასევე ისაუბრა თანამშრომლობის მნიშვნელობაზე კონფლიქტების გადაჭრის პროცესში. თუმცა, მან სირიაში მიმდინარე კრიზისული სიტუაციის გამო დასავლეთი დაადანაშაულა და დასძინა, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევა უფრო მეტ ძალადობას იწვევს. პუტინის შეფასებით, ვაკუუმი, რომელიც სირიის ლეგიტიმური ხელისუფლების უკან დახევის გამო გაჩნდა, სწორედ ტერორისტებმა ჩაანაცვლეს. პუტინმა მხარი დაუჭირა ფართო კოალიციის შექმნას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, რომელშიც მუსლიმურმა სახელმწიფოებმა მთავარი როლი უნდა შეასრულონ. პუტინი კვლავ განაგრძობს ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმის, როგორც სირიის ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერას.

რუსეთის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოხატა ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებითაც. ცივი ომის დროინდელი ჩაკეტილი აზროვნება კვლავ არსებობს ზოგიერთ ქვეყანაში, რადგან მიუხედავად საბჭოთა კავშირის დაშლისა ნატო კვლავ განაგრძობს გაფართოებას - განაცხადა მან. უკრაინის მოვლენები პუტინმა მაგალითად მოიყვანა, როგორც გარე ძალების ჩარევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში.

ლიტვის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინის გამოსვლას "ნეოსტალინისტური" უწოდა. "მე მას ვუწოდებდი "ნეოსტალინისტურ" გამოსვლას, სადაც აქებენ დიქტატურებს, აკრიტიკებენ დემოკრატიას და ყველაფერში დამნაშავე დასავლეთია" - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.

ბარაქ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა ორ წლიანი პაუზის შემდეგ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრაც გამართეს. მიუხედავად თეთრი სახლის თავდაპირველი უარისა, გაეროს-ს ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა მაინც შედგა, რაც კრემლის დაჟინებული სურვილი იყო. უკრაინის მოვლენების შემდეგ პუტინთან, როგორც "პოლიტიკურ კეთროვანთან" მაღალი დონის შეხვედრას  თითქმის ყველა დასავლელი ლიდერი გაურბოდა. შესაბამისად, მსოფლიოში სულ უფრო და უფრო ბევრს ლაპარაკობდნენ ცივი ომის საფრთხეზე, რას შეცვლის ობამა-პუტინის შეხვედრა, რთული სათქმელია. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ამერიკის საერთო ინტერესების მიუხედავად რჩება სადავო საკითხებიც. პუტინი და ობამა ვერ შეთანხმდნენ სირიის კრიზისზე; რუსეთი მხარს უჭერს ბაშარ-ალ-ასადთან თანამშრომლობას, ხოლო ამერიკა კატეგორიული წინააღმდეგია სირიაში ომამდელი სტატუს-კვოს აღდგენისა. ფაქტია, რომ პუტინმა მიაღწია და გაერო-ს ფორმატში დასავლელ ლიდერებთან შეხვედრასა და უმწვავეს საკითხებზე ლაპარაკს, ამას რა რეალური შედეგი მოჰყვება და აიცილებს თუ არა მსოფლიო კიდევ ერთ ცივ ომს, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

მოამზადა ნატო მუჯირიშვილმა