Washington Post: რუსეთის სამიზნე ამერიკელების CIA-ს მიერ გაწვრთნილი ოპოზიციური ძალებიც გახდნენ - კვირის პალიტრა

Washington Post: რუსეთის სამიზნე ამერიკელების CIA-ს მიერ გაწვრთნილი ოპოზიციური ძალებიც გახდნენ

რას წერს დასავლური პრესა რუსეთის მიერ დაწყებულ ავიადარტყმებზე სირიაში?

რუსეთის საჰაერო ოპერაცია სირიაში, რომელიც ოთხშაბათს დაიწყო, გრძელდება. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ოპერაცია მიმდინარეობს საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით, რადგან მოსკოვმა ოფიციალური მოთხოვნა მიიღო ბაშარ-ალ-ასადისგან "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების გასანადგურებლად. რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ ტერორისტების წინააღმდეგ ოთხშაბათს 20 სამხედრო მისია განხორციელდა და საჰაერო დარტყმების შედეგად არ დაზიანებულა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. თუმცა, განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება დასავლურ პრესაში.

Wall Street Journal-ი და New York Times-ი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსეთი სირიაში საჰაერო შეტევებს ახორციელებს არა ISIS-ის, არამედ ასადის რეჟიმის ოპოზიციის წინააღმდეგ. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი და სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი შეშფოთებას გამოხატავენ რუსეთის ოპერაციის მიმართ და აცხადებენ, რომ რუსეთის საჰაერო დარტყმების მიზანი სირიის არა-ტერორისტული ოპოზიციის განადგურება და ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმის შენარჩუნებაა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, მათ ოპერაციის დაწყებამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე მიიღეს მოსკოვისგან ეს ინფორმაცია.

ერთ-ერთი ოპოზიციის აქტივისტი BBC-ის აწვდის ინფორმაციას, რომ რუსეთის საჰაერო შეტევები განხორციელდა არა "ისლამური სახელმწიფოს", არამედ ასადის ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. "ჩემი აზრით, ისინი უმთავრესად ასადს ეხმარებიან მეამბოხეების მოშორებაში" - აცხადებს აქტივისტი.

Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის სამიზნე გახდა ასევე ამერიკელების CIA-ს მიერ გაწვრთნილი ოპოზიციური ძალები. ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი "სერიოზულ შეშფოთებას" გამოხატავს ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო შეტევების გამო.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო დარტყმებმა იმსხვერპლა 36 ადამიანი, გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც. დასავლურ პრესაში საუბრობენ, რომ რუსეთი სირიაში განგებ ახდენს კრიზისის ესკალაციას და ეს ოპერაციები არა ISIS-ის წინააღმდეგ, არამედ სწორედ მის გასაძლიერებლად არის მიმართული. რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი ლავროვი, უარყოფს აღნიშნულე ბრალდებებს და მათ უსაფუძვლოს უწოდებს.

მას შემდეგ, რაც ობამა და პუტინი გაეროს 70-ე ასამბლეის ფარგლებში ვერ შეთანხმდნენ სირიის კრიზისის გადაჭრის გზებზე, რუსეთმა დამოუკიდებლად დაიწყო ქმედითი ნაბიჯების განხორციელება თავისი მიზნების მისაღწევად. რუსეთი დაჟინებით ცდილობს შეუნარჩუნოს ძალაუფლება ბაშარ-ალ-ასადს, რომელიც მოსკოვის მთავარი დასაყრდენია ახლო აღმოსავლეთში. რუსეთის ე.წ. "ანტი-ტერორისტული" საჰაერო ოპერაცია სინამდვილეში სწორედ ამ მიზანს ემსახურება. როგორც პუტინი აცხადებს, რუსეთმა სირიის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო აღნიშნული ოპერაცია, მაშინ როდესაც დასავლეთი არ განიხილავს ასადს, როგორც სირიის ლეგიტიმურ ხელისუფლებას.

რუსეთის მიერ ამერიკის მხარდაჭერილი და გაწვრთნილი ძალების მიზანში ამოღება ამერიკისთვის სერიოზული გამოწვევაა. როგორც ჩანს, გაეროს ასამბლეაზე შეთანხმების მიღწევის ჩაშლილი მცდელობების შემდეგ, რუსეთი საკუთარი პოზიციის დაცვას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს.

მოამზადა ნატო მუჯირიშვილმა

იხილეთ ასევე:  "რუსეთმა სირიაში შესაძლოა მეორე ავღანეთი მიიღოს"- რუსულმა ბომბდამშენებმა პროვინცია ჰომსზე იერიში მიიტანეს