რას ამბობენ მსოფლიო ლიდერები საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებზე - კვირის პალიტრა

რას ამბობენ მსოფლიო ლიდერები საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებზე

"ის, რაც დღეს ხდება პარიზში, არის ბოროტების შეტევა ცივილურ სამყაროზე, თითოეული ჩვენგანის სახლზე, ოჯახზე"

მსოფლიო ლიდერები საფრანგეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურებიან. ისინი თანაგრძნობას უცხადებენ ფრანგ ხალხს და დახმარებას აღუთქვამენ მათ.

იხილეთ ასევე: "ეს სასაკლაო იყო" - ტერორისტული თავდასხმა საფრანგეთზე, პირველადი მონაცემებით, მოკლულია 140 - მდე ადამიანი

ბარაკ ობამა, აშშ-ის პრეზიდენტი:

"ეს იყო თავდასხმა არამხოლოდ ფრანგ ხალხზე, არამედ თავდასხმა მთელ კაცობრიობაზე და უნივერსალურ ფასეულობებზე. აშშ მზად არის, საფრანგეთს ყველა სახის დახმარება გაუწიოს. "ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლაში ჩვენ ფრანგებთან ერთად ვართ".

ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი:

"თავდასხმა თავისუფლებაზე" განხორციელდა, რომელიც არამხოლოდ პარიზის, არამედ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ იყო მიმართული. ბერლინი მზად არის, საფრანგეთთან ერთად ტერაქტების ორგანიზატორებისა და შემსრულებლების წინააღმდეგ იბრძოლოს".

რუსეთი, კრემლის ოფიციალური განცხადება:

"ვლადიმირ პუტინმა წერილი გაუგზავნა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს, სადაც ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რუსეთი მკაცრად გმობს ამ არადამიანურ მკვლელობას და მზად არის საფრანგეთს დაეხმაროს მომხდარის გამოძიებაში".

ბაშარ ალ-ასადი, სირიის პრეზიდენტი:

"საფრანგეთმა გადაიტანა ის, რაც სირიაში ბოლო 5 წელიწადია ხდება".

საფრანგეთის დედაქალაქში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს გამოეხმაურნენ საქართველოშიც:

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი:

"ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს და ერებს გვაერთიანებს. გვაერთიანებს, პირველ რიგში, საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მხარდასაჭერად ამ უმძიმეს წუთებში, ხოლო მეორე მხრივ, გვაერთიანებს სამყაროს უდიდესი ბოროტების – ტერორიზმის წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ საფრანგეთს, ფრანგ ხალხს, პრეზიდენტ ოლანდს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ამ შოკისმომგვრელი ტრაგედიის გამო.

საქართველო და ქართველი ხალხი მათ გვერდითაა ამ უმძიმეს წუთებში".

გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტი:

"მთელი საქართველო შესძრა საფრანგეთში მომხდარმა საზარელმა ტერორისტულმა აქტებმა, რომლებსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელთან ბრძოლაშიც ყველა უნდა გავერთიანდეთ."

თინა ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრი:

"ვწუხვარ საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო. ამ საშინელ ტრაგედიას ასზე მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ საფრანგეთის მთავრობას, ფრანგ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს. ტერორიზმი კაცობრიობის წინაშე ყველაზე დიდი დანაშაულია და მის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს".

კახა კალაძე, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი:

"ის, რაც დღეს ხდება პარიზში, არის ბოროტების შეტევა ცივილურ სამყაროზე, თითოეული ჩვენგანის სახლზე, ოჯახზე, სამშობლოზე, მომავალზე.

თავისუფალი ნების ადამიანების ერთობა, ურთიერთთანადგომა - აი, რა არის დღეს საჭირო ყველაზე მეტად!

ჩვენი გული დღეს პარიზშია, თითოეული მსხვერპლის გვერდით. ჩვენ ფიქრით და თანაგრძნობით მათთან ვართ".

დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე:

"მომხდარი დიდი ტრაგედია კიდევ ერთხელ ცხადყოფს საერთაშორისო საზოგადოების ერთად დგომის აუცილებლობას თანამედროვეობის იმ გლობალური სენის დასამარცხებლად, რასაც ტერორიზმი ჰქვია".

იხილეთ ფოტოგალერეა: სასტიკი ტერაქტების სერია პარიზში

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით