"ცოცხალი ვარ, დედა" - რას ჰყვება პარიზში მცხოვრები ქართველი სისხლიან ღამეზე - კვირის პალიტრა

"ცოცხალი ვარ, დედა" - რას ჰყვება პარიზში მცხოვრები ქართველი სისხლიან ღამეზე

"სამართალდამცველები ცდილობდნენ სისხლიანი ადამიანები არ დაგვენახა, მაგრამ ისინი ჩვენს გარშემო იყვნენ და შეუძლებელი იყო არ დაგვენახაო..."

"წუხანდელი ღამე პარიზში იყო კოშმარი. იმაზე დიდი კოშმარი, ვიდრე "შარლი ებდოზე" თავდასხმის დროს. ადამიანებს ჰქონდათ განცდა, რომ ტერორისტების წინაშე სრულიად დაუცველები იყვნენ. ჩემი შვილი მეგობრის სახლიდან ბრუნდებოდა, შევთანხმდით, რომ ერთმანეთს შევხვდებოდით და ერთად წამოვიდიდით შინ... ამ დროს, სენასთან ახლოს, მარჯვენა სანაპიროზე სროლის ხმა გაისმა, ქუჩაში პანიკა ატყდა. გამვლელებმა იქვე მდებარე სავაჭრო ცენტრს მივაშურეთ, თუმცა არ ვიცოდით, რომ იქ დაცული ვიქნებოდით... სროლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, შემდეგ გაირკვა, რომ ტერორისტებმა იარაღიდან ცეცხლი იქვე არსებულ რესტორნებს გაუხსნეს... არ მახსოვს იქ რამდენ ხანს ვიყავით, რადგან შიშმა დროის აღქმის განცდა დამაკარგვინა. პირველ რიგში ჩემს შვილს დავურეკე, -ცოცხალი ვარ დედა, მითხრა მან და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ გადავრჩი" -ასე იხსენებს პარიზის სისხლიან ღამეს, ემიგრანტი ქართველი ნანა ფიფია, რომელსაც პარიზში დავუკავშირდით...

იხილეთ ასევე: "ტერორისტები ყვიროდნენ, რაც თქვენ სირიელებს გაუკეთეთ, ახლა სამაგიეროს გიხდითო"

მისივე თქმით, "სტად დე ფრანსის" სტადიონზე მიმდინარე გერმანია-საფრანგეთის მეგობრულ მატჩს რამდენიმე ქართველი ესწრებოდა, მოგეხსენებათ, თამაშის მიმდინარეობისას სტადიონთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ქართველები არ დაშავებულან.

- ყველა მათგანს ვესაუბრე, დაზიანება არავის მიუღია, თუ ფსიქოლოგიურ სტრესს არ ჩავთვლით... სრული შოკი ჰქონდათ და კარგა ხანს ადგილიდან ვერ იძვროდნენ, ისინი სამართალდამცველებმა გამოიყვანეს და რამდენიმე მათგანი კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა... შემდეგ იხსენებდნენ თუ რა ხდებოდა, - "ისინი" რაღაც გაუგებარ სიტყვებს გაჰყვიროდნენ, შემდეგ მივხვდით, რომ "ალაჰ აკბარსა" და "სირიისსთვის" ყვიროდნენ. მატჩი ჩვეულებრივ გრძელდებოდა, თითქოს არაფერი ხდებოდა. შემდეგ აუხსნეს, რომ სტადიონი პანიკის გარეშე უნდა დაგვეტოვებინა და ცდილობდნენ ეს ყველაფერი მშვიდად გაეკეთებინათ, მაგრამ მათ ნახეს დახოცილი ადამიანები. სტადიონზე ხომ ორჯერ განახორციელეს თავდასხმა... "სამართალდამცველები ცდილობდნენ სისხლიანი ადამიანები არ დაგვენახა, მაგრამ ისინი ჩვენს გარშემო იყვნენ და შეუძლებელი იყო არ დაგვენახაო..." - მიყვებოდა ჩემი მეგობარი, რომელიც ამბობდა, რომ შემდეგ გააცნობიერა, თუ როგორ გადაურჩა სიკვდილს. ძალიან ცუდად გრძნობს თავს ჩემი შვილი, რომელსაც როკ-კონცერტზე თავდასხმის დროს 3 მეგობარი დაეღუპა. მისი მეგობრების მონაყოლით, კონცერტზე მყოფები, შეიარაღებული ტერორისტების დანახვისთანავე იატაკზე დაწვნენ, ძირს დაწოლილ მსმენელებს რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუჩერებლად ესროდნენ ტერორისტები. მომსახურე პერსონალს შორის ძალიან ბევრი დაღუპულია. მათ შორის, ჩემი შვილის მეგობარი, უნგრელი გოგონა, რომელიც 19 წლის იყო...

- მოსახლეობაში პანიკაა?

- დიახ, შეშინებულები არიან... მათ შორის უკვე აზრთა სხვადასხვაობაა სირიელი ლტოლვილების მიღებაზე. - ძნელია მათ ენდო და მნიშვნელობა არ აქვს მის სქესსა და ასაკს-მითხრა ერთა ფრანგმა... თუმცა, ხალხი ძალიან ერთსულოვანია, სამოქალაქო საზოგადოება ძალიან სწრაფად გაერთიანდა, გარეთ დარჩენილებს შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ, - საკუთარ საცხოვრებელში თავშესაფარს, ცხელ სასმელს, თბილ ტანსაცმელს სთავაზობდნენ. მათ თქვეს, რომ ახლა საფრანგეთის ხელისუფლებას ძალიან რთული პერიოდი აქვს და საზოგადოებრივი აქტივობებიც ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოგალერეა: სასტიკი ტერაქტების სერია პარიზში

საფრანგეთში, ერთდროულად 6 სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. პარიზის სხვადასხვა ადგილზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონთან ახლოს. შეიარაღებულმა პირებმა თეატრ "ბატაკლანში" როკ-კონცერტზე მისული დაახლოებით 100 ადამიანი მოკლეს. ანტიტერორისტულმა ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს, მოკლულია 8 ბოევიკი და გადარჩენილი მძევლები გაათავისუფლეს.

ასევე, ორჯერ შეტევა განხორციელდა ეროვნულ სტადიონზე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მეგობრულ საფეხბურთო მატჩს ესწრებოდნენ. მას შემდეგ, რაც ფრანსუა ოლანდმა სტადიონი დატოვა, მან ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. ოლანდმა საფრანგეთის საზღვრები ჩაკეტილად გამოაცხადა, რათა დამნაშავეების გაქცევა არ დაუშვან.

ადგილობრივების ინფორმაციით, აეროპორტები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. გაძლიერებულია კონტროლი საფრანგეთის საზღვრის გადაკვეთისას ორივე მიმართულებით. მეტროს და ტრამვაის ყველა ხაზი ჩვეულებრივ მუშაობს. მხოლოდ რამდენიმე ავტობუსის ხაზებია გაჩერებული.

შაბათს დაკეტილი იქნება მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, სასწავლო დაწესებულებები

უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა დისნეილენდის პარკიც.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)