ფარანჯა - მუსულმან ქალთა სამოსელი სიკვდილის სამოსელად რომ არ იქცეს... მისი ტარება სენეგალშიც აკრძალეს - კვირის პალიტრა

ფარანჯა - მუსულმან ქალთა სამოსელი სიკვდილის სამოსელად რომ არ იქცეს... მისი ტარება სენეგალშიც აკრძალეს

სენეგალის ხელისუფლებამ გადაწყვიტა შემოიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც ქალებს ფარანჯის ტარება აეკრძალებათ. მიზეზი კი, რის გამოც აკრძალვა დაწესდება შემდეგია: ამგვარ სამოსში, დაფარული სახით, ბოროტმოქმედებს ადვილად შეუძლიათ თავდასხმების განხორციელება. 2015 წლსი დასაწყისში ფარანჯის ტარება აკრძალეს ჩადსა და გაბონში.

(იხილეთ ასევე: "სულ რაღაც ერთი წლის წინ ჰასნა ევროპულად იცვამდა" - "პირველი დასავლეთ ევროპელი შაჰიდი ქალი" თუ გარემოებათა მსხვერპლი?!)

სენეგალის მთავრობა ამტკიცებს, რომ სამოსი, რომელიც ფარავს მთლიანად სხეულსა და სახეს, მოქალაქეთა უსაფრთხოებას დარტყმის ქვეშ აყენებს, რადგან ტერორისტები ხშირად სწორედ ფარანჯას იყენებენ ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და იარაღის დასამალადა და ფარულად გადასატანად.

ფარანჯით შემოსილი ქალი ჰააგის სასამართლოსთან

მუსლიმანი ქალის სამოსის ინდივიდუალურობას განსაზღვრავს რწმენა და იმ კუთხის კულტურა, სადაც ის ცხოვრობს. განვმარტოთ მუსლიმანი ქალის სამოსის სახეები:

ჰიჯაბი - თავსაბურავი, ფარავს თავს და მხრებს, მაგრამ არა სახეს.

ნიკაბი - თავსაბურავი, რომელიც ფარავს სახესაც, თუმცა თვალები არ არის დაფარული.

ჩადრი - სამოსი, რომელიც ფარავს მთლიანად სხეულს თმის ღერიდან ფეხის ტერფის ჩათვლით, თუმცა სახე არ არის დაფარული, ქალი ჩადრის ტარებისას ცალკე თავსაბურავსაც ატარებს.

ფარანჯა - ხალათის მსგავსი უხელო სამოსი, რომელიც მთლიანაც ფარავს სხეულს და ასევე სახეს. სახე დაფარულია პირბადით. ამ სამოსის ტიპს მიეკუთვნება ბურკაც - ის სრულიად ფარავს ქალის სხეულის ზედა ნაწილს.

სენეგალის მთავრობის მსგავსად, მსგავსი აკრძალვები დააწესა აფრიკის ოთხმა ქვეყანამ. მათი აზრით მსგავსი სამოსი დარტყმის ქვეშ აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას.

როგორც უკვე ვთქვით, ფარანჯის ტარება აკრძალეს ცენტრალური აფრიკის სამ ქვეყანაში - ჩადიში, კონგოსა და გაბონში. სამოსის ტარება ასევე აიკრძალა კამერუნის ჩრდილოეთ რეგიონებში.

ჩადში ფარანჯის ტარება მას შემდეგ აიკრძალა, ტერორისტულ აქტი, რომელსაც 33 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ფარანჯით შემოსილმა ტერორისტებმა მოაწყვეს.

კამერუნში კი ორმა ქალმა აიფეთქა თავი და ირგვლივ მყოფი 13 ადამიანი მოკლა.

საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც 2010 წელს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალა ფარანჯის ტარება აიკრძალა.

საფრანგეთის სენატმა ერთხმად მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც საზოგადოებვრივი თავშეყრის ადგილებში ყველას ეკრძალეა ფარანჯის, ნიკაბის, ნიღბების, "შლემებისა" და "კაპიუშონების" ტარება.

საფრანგეთში დღეს 5 მილიონზე მეტი მუსლიმანი ცხოვრობს, თუ არ ჩავთვლით იმათ, ვინც უკანონოდაა საფრანგეთის ტერიტორიაზე და ეს არის ყველაზე მრავალრიცხოვანი დიასპორა მთელს დასავლეთ ევროპაში. მუსლიმანთაგან დაახლოებით 2 000-ზე მეტი ქალი მუდმივად ატარებდა ფარანჯას.

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ მიესალმება ფარანჯის ტარებას, რადგან ის არ შეესაბამება არც ქვეყნის ინტეგრაციის იდეას და არც საფრანგეთის თანამედროვე და მოდურ სტილს. სასჯელი ემუქრება იმათაც, ვინც ქალებს აიძულებს სახე დაფაროს, მათ, ჯარიმასთან ერთად, 1 წელი თავისუფლების აღკვეთაც შეეფარდებათ.

საფრანგეთის გადაწყვეტილებას ბელგიაც შეუერთდა. მათ აკრძალეს ისეთი სამოსისა თუ ნივთების ტარება, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში პიროვნების იდენტიფიცირებას ხელს უშლის. ჰოლანდიამ 2007 წელს სკოლებში ჩადრის ტარება აკრძალა, ხოლო შემდეგ კანონი უფრო მასობრივი გახადა და სახელმწიფომ მოქალაქეებს აუკრძალა ფარანჯის ტარება როგორც სატრანსპორტო საშუალებებში, ასევე უნივერსიტეტებში. კანონის წინაშე ყველა თანაბარია, არ აქვს მნიშვნელობა რომელი რელიგიურ კონფეციას მიეკუთვნება მოქალაქე. დასავლეთ ევროპის მასშტაბით, მხოლოდ ეს სამი ქვეყანაა, რომელთაც საერთოდ აკრძალეს ფარანჯის ტარება, ხოლო ევროპის სხვა ქვეყნებში მსგავსი კანონები რეგიონალური მასშტაბით მოქმედებს.

მაგალითად, კატალონიურ ბარსელონაში სახის დაფარვა  ბაზრებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშია აკრძალული, ხოლო დანიაში სახის დაფარვა სასამართლო დარბაზებშია აკრძალული.

ჩადრი სრულიად აკრძალულია გერმანიისა და იტალიის ზოგიერთ ქალაქში.

(იხილეთ ასევე: "იცით, რა საშინელია კამიკაძე ქალი? ტერაქტის წინ ღიღინებს და მერე თავს იფეთქებს")

თარგმნა ეკა გადახაბაძემ

წყარო