"სულ რაღაც ერთი წლის წინ ჰასნა ევროპულად იცვამდა" - "პირველი დასავლეთ ევროპელი შაჰიდი ქალი" თუ გარემოებათა მსხვერპლი?! - კვირის პალიტრა

"სულ რაღაც ერთი წლის წინ ჰასნა ევროპულად იცვამდა" - "პირველი დასავლეთ ევროპელი შაჰიდი ქალი" თუ გარემოებათა მსხვერპლი?!

"პირველი დასავლეთ ევროპელი შაჰიდი ქალი" – ასე მოიხსენიებენ ფრანგული გამოცემები ჰასნა აიტბულაჰენს, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის რაიონ  სენ დენში ჩატარებული სეპცოპერაციისას შაჰიდის ქამრით აიფეთქა თავი.

ის ამ სპეციპერაციის დროსვე დაღუპული აბდელჰამიდ აბაუდის ბიძაშვილი იყო, რომელიც პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორად დასახელდა. ერთ-ერთი ვერსიით, ჰასნას თავი არ აუფეთქებია, თავი აბაუდმა აიფეთქა, რა დროსაც ჰასნაც დაიღუპა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს. ბი-ბი-სი- ის კორესპონდენტი ტომ ბარიჯი პარიზის იმ გარეუბანში ჩავიდა, სადაც 26 წლის ჰასნას ოჯახი ცხოვრობს.

გარდაცვლილი გოგონას სკოლის მეგობარმა მას განუცხადა, რომ ჰასნა მიამიტი და მგრძნობიარე ადამიანი იყო და დაუჯერებელია მას გაცნობიერებულად მიეღო ტერორისტულ აქტებში მონაწილეობა. "მას სიცოცხლე ძალიან უყვარდა" - აცხადებს ჰასნას მეგობარი.

მისმა მეზობელმა კი კორესპონდენტს განუცხადა: "ჰასნა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ევროპულად იცვამდა, თუმცა მოულოდნელად ჰიჯაბის ტარება დაიწყო, მაგრამ ჩვენთან ძველებურად გულღიად ურთიერთობდა".

ერთ-ერთმა იტალიურმა საიტმა გამოაქვეყნა ჰასნას ფოტოები, მათ შორის რამდენიმეზე ჰასნას მართლაც ევროპული ტანისამოსი აცვია.

იხილეთ ასევე: პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი მოკლულია, მაგრამ პასუხგაუცემი კითხვები მაინც მრავლადაა