"ნატო-ს წევრ ქვეყანასთან ომს არავინ აპირებს!" - თურქეთმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო - პირველი კომენტარები, ანალიზი, პროგნოზი - კვირის პალიტრა

"ნატო-ს წევრ ქვეყანასთან ომს არავინ აპირებს!" - თურქეთმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო - პირველი კომენტარები, ანალიზი, პროგნოზი

"რუსეთის თვისებაა, დაუდევრად მოექცეს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს. მსგავსი სასაზღვრო დარღვევები მუდმივად ხდება ბალტიისპირეთის და ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში. განსხვავება ის არის, რომ თურქეთმა გაფრთხილებას მოქმედება მოაყოლა..."

მთელი მსოფლიოს ყურადღება ახალი დაპირისპირების კერისკენაა მიმართული, თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია, თავად თურქეთმა გაავრცელა, რასაც რუსეთი თავდაპირველად უარყოფდა, თუმცა შემდგომ სირიის ტერიტორიაზე რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი აღიარა.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა რუსული სამხედრო თვითმფრინავის "სუ-24"-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავის ვიდეოკადრებიც. ბი - ბი - სი წერს, რომ რუსი მფრინავი კატაპულტირებისას დაიღუპა. ვიდეოკადრებში სამხედრო ფორმაში ჩაცმული აჯანყებულებიც ჩანან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მფრინავი ტყვედ სწორედ აჯანყებულებმა აიყვანეს, თუმცა ეს ოფიციალურად ჯერ არავის დაუდასტურებია.

თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველი კომენტარი გააკეთა. მან თურქეთის ეს ქმედება "ზურგში დანის დარტყმად" შეაფასა. "თვითმფრინავი ჩამოაგდეს იმის მიუხედავად, რომ არსებობდა შეთანხმება დაუშვებელი საჰაერო ინციდენტების შესახებ. თვითმფრინავი არ წარმოადგენდა საფრთხეს თურქეთისთვის და ჩამოაგდეს სირიის ტერიტორიაზე", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინის თქმით, ამას ორი ქვეყნის ურთიერთობაში სერიოზული შედეგები მოჰყვება. პუტინმა რუსი პილოტის გარდაცვალება არ დაადასტურა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის სრული უფლება ჰქონდა ემოქმედა ისე, როგორც იმოქმედა, რადგან მისი საჰაერო სივრცე, მიუხედავად მანამადე არაერთი ოფიციალური გაფრთხილებისა, მაინც დაარღვიეს. "თურქეთი რაც საჭიროა, ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცავს თავისი საზღვრები", - განაცხადა პრემიერმა.

რუსული "სუ-24" სირიის პროვინცია ლატაკიაში, იმ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რომელსაც აჯანყებულთა დაჯგუფებები აკონტროლებენ.

თურქულმა გამანადგურებლებმა რუსული თვითმფრინავი მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც ის სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და გაფრთხილების მიუხედავად, ფრენა გააგრძელა.

სააგენტო "როიტერთან" მომხდარზე საუბრისას თურქულმა წყარომ განაცხადა, რომ სამხედროები "თურქეთის სუვერენიტეტს იცავდნენ".

ოფიციალური მოსკოვის მიერ თურქეთიდან რუსეთის ელჩის გაწვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის საელჩო ანკარაში ჯერჯერობით არ ადასტურებს.

"ამ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ, საელჩო ჯერჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებს", - განაცხადა საელჩოს პრეს-ატაშემ.

ნატო-ს წარმომადგენლის განცხადებით, ალიანსი თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირია-თურქეთის საზღვარზე რუსული სამხედრო თვითმფრინავის სუ-24-ის ჩამოგდების საკითხზე დღეს ნატო - ს უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.

როგორც "ფრანს პრესი" იტყობინება, ალიანსის სხდომა თურქეთის მიმართვის საფუძველზე ჩატარდება.

"ინციდენტის შემდეგ, ამ სახიფათო მომენტში, უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ რაც შეიძლება მშვიდად და ცივი გონებით", - დაწერა "ტვიტერში"ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

"როიტერის" ინფორმაცით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივე წევრების შეკრება მოითხოვა, რათა ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის თაობაზე კონსულტაციები გაიმართოს.

თურქეთის მიერ რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდება ბრიტანეთმა "ძალიან სერიოზულ" მოვლენად შეაფასა. "თურქეთ-სირიის საზღვარზე დილით რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ჩვენ შევისწავლით მომხდარ ფაქტს. ეს არის ძალიან სერიოზული მოვლენა, მაგრამ ჯერ, როცა კონკრეტული ფაქტები არ ვიცით, ამაზე კომენტარის გაკეთება, არაგონივრული იქნება",- ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

სერგეი მარკოვი, პოლიტილოგი, საზოგადოებრივი პალატის წევრი:

"რატომ ისწრაფიან ასე ძალიან რუსული თვითმფრინავები თურქეთის საზღვრისკენ, როცა არსებობს იმის რისკი, რომ რამდენიმე წამით აღმოჩნდნენ თურქეთის ტერიტორიაზე ან ამაში დასდონ ბრალი?! ნუთუ ასეთი მნიშვნელოვანი სამხედრო აუცილებლობაა, რომ მაინც და მაინც თურქულ საზღვართან იფრინონ? ნუთუ სამიზნის ასარჩევად სირიის ტერიტორია საკმარისი არ არის? ვფიქრობ, რომ ფრენების დაგეგმისას შეცდომაა დაშვებული. ამის მიუხედავად, ჩვენს სამხედროებს ძალიან მკაცრად ნუ განვსჯით, რადაგან რუსული არმიის ადგენა ფაქტობრივად ახლა მიმდინარეობს".

"არ მესმის იმათი, ვინც ამბობს, რომ "თურქები მართალნი არიანო". არ არიან მართლები. მათ თვითმფრინავი პიარისთვის ჩამოაგდეს და არა თავდაცვისთვის. ჩვენი ბობმდამშენი თურქეთს საფრთხეს არ უქმნიდა", - დაწერა სოციალურ ქსელში რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ.

ბრიტანული გამოცემა Guardian-ი თურქულ საინფორმაციო საშულებებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთმა რუსეთი იმის შესახებ გააფრთხილა, რომ თავის საზღვართან სამხედრო ოპერაციის ასე ახლოს მიმდინარეობით უკამყოფილო იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ პარასკევს, თურქეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი და სამხედრო ატაშე გამოიძახეს და ოფიციალურად გააფრთხილეს. ანკარა იმაზე წუხდა, რომ რუსეთის ავიაციის მოქმედებით მშვიდობიანი მოსახლეობა - ამ ტერიტორიაზე მცხოვრები თურქმენები ზარალდებოდა, ასევე ამტკიცებდა, რომ რუსეთი თურქეთის საზღვარს საფრთხის ქვეშ აყენებდა.

რუსეთი გააფრთხილეს, რომ თუ ის კვლავ გააგრძელებდა ამგვარ მოქმედებას, შესაბამის პასუხს მიიღებდა.

"ასოშიეიტედ პრესი" ლონდონის King's College -ის ექსპერტის, ნატაშა კურტის შეფასებას ავრცელებს:

"ვფიქრობ, რომ რუსეთი შეეცდება ამ ინციდენტის ჩაფარცხვას. რუსული ტელევზიების რეპორტაჟებში ძირითადად ასადის მოწინააღმდეგეებს ახსენებენ და საერთოდ არ საუბრობენ თურქეთზე. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ამ ინციდენტის მიჩქმალავას ცდილობენ".

რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება უკვე უარყოფითად აისახა მსოფლიოს საფინანსო ბირჟებზე. ინვესტორები პროცესიის ესკალაციის შიშით სარისკო აქციებისგან გათავისუფლებას ცდილობენ.

სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის ექსპერტი ვასილი კაშინი იმედოვნებს, რომ თუ ეს არის ერთეული ინციდეტი, ანუ თუ მსგავსი შეტაკება მეტად აღარ მოხდება, რაიმე პირდაპირი საომარი ქმედებების დაწყება გამორიცხულია, თუმცა ალბათ გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირება თურქეთსა და რუსეთს შორის იქნება.

"თუ არ ვცდები, ხვალისთვის დაგეგმილი იყო რუსულ - თურქული სტრატეგიული დიალოგის წარმართვა, როემლშიც მონაწილეობა საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს უნდა მიეღო. ანუ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, მომხდარი ინცინდენტი აღქმული იქნება, როგორც ერთეული შემთხვევა თუ მომზადებული პროვოკაცია.

ნათელია, რომ ეს სიტუაცია გააუარესებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს, უარყოფითად აისახება როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუმცა ნატო -ს წევრ ქვეყანასთან ომის დაწყებას, დარწმუნებული ვარ, არავინ აპირებს". - აცხადებს კაშინი.

საშინაო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის Chatham House-ის ექსპერტი რუსული არმიის საკითხში კირ ჯაილზი მიიჩნევს, რომ თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება ორი გარემოების გამო იყო მოსალოდნელი:

"პირველ რიგში ეს არის თურქეთის მხარის უფლება მკაცრად დაიცვას საჰაერო სივრცე, ხოლო მეორე მხრივ ეს არის რუსეთის თვისება, დაუდევრად მოექცეს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს. მსგავსი სასაზღვრო დარღვევები მუდმივად ხდება ბალტიისპირეთის და ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში. განსხვავება ის არის რომ, თურქეთმა გაფრთხილებას მოქმედება მოაყოლა..."